საპროტესტო აქცია

ოპოზიცია არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციების გამართვას არ გამორიცხავს

21
(განახლებულია 20:19 21.10.2017)
ოპოზიციის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მაშინ იქნება მიღებული, თუ არჩევნები დარღვევებით წარიმართება.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. არჩევნებში მონაწილე ექვსი არასაპარლამენტო პარტიებისა და ბლოკების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ისინი ხალხს ქუჩაში გამოიყვანენ.

„მინდა თბილისის მოსახლეობას მივმართო: მზად იყავით მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის. ჩვენ 8 საათის შემდეგ ყველა უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, რათა დავიცვათ ჩვენი ხმები. ასევე ჩვენ უნდა ვიყოთ მზად რუსთაველის გამზირზე გასასვლელად. ჩვენ ვაფრთხილებთ ხელისუფლებას: არ გააყალბოთ არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ქვეყანას წარსულში დავაბრუნებთ“, — განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ.

კახა კუკავა არჩევნებში მონაწილეობს საარჩევნო ბლოკიდან „დემოკრატიული მოძრაობა — თავისუფალი საქართველო“.

ბლოკის სხვა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა კი აღნიშნა, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მაშინ იქნება მიღებული, თუ არჩევნები დარღვევებით წარიმართება.

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები მშვიდობიან ვითარებაში, სერიოზული დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. ამასთან, ოპოზიციამ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა პირად მონაცემებს აფიქსირებენ.

საქართველოს ცესკოში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ დამკვირვებლებს კანონი არ დაურღვევიათ, რამდენადაც სახელი, გვარი და რეგისტრაციის ნომერი საარჩევნო სიაში საჯარო ინფორმაციაა და პირად საიდუმლოს არ წარმოადგენს.

საქართველოში 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს ირჩევენ.

21
თემები:
არჩევნები -2017 (81)