ცესკო

ცესკო: „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები კანონს არ არღვევენ

19
(განახლებულია 20:02 21.10.2017)
ცესკოს განმარტებით, საარჩევნო სიაში სახელი, გვარი და რეგისტრაციის ნომერი საჯარო ინფორმაციაა და პირად საიდუმლოს არ წარმოადგენს.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია თბილისის საარჩევნო უბნებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ მოქმედებებში დარღვევებს ვერ ხედავს.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ თბილისში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს აფიქსირებენ.

„საარჩევნო სიაში სახელი, გვარი და რეგისტრაციის ნომერი საჯარო ინფორმაციაა და პირად საიდუმლოს არ წარმოადგენს. შესაბამისად, დამკვირვებლებს არ ეკრძალებათ საჯარო ინფორმაციის გადამოწმება. უფრო მეტიც, საარჩევნო ადმინისტრაციას არ შეუძლია დამკვირვებლების მოქმედებების შეზღუდვა“, — განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.

ამასთან, მან დამკვირვებლებს მოუწოდა, თავიანთ უფლებამოსილებას არ გადაამეტონ და ხელი არ შეუშალონ საარჩევნო კომისიის მუშაობას.

ცესკოს მოსაზრებას არ ეთანხმებიან პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. თბილისის მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსმა ნიკა მელიამ „ქართული ოცნების“ აქტივისტების მოქმედებები უპრეცედენტო დარღვევად შეაფასა.

„თბილისში კენჭისყრის პროცესი უპრეცედენტო დარღვევებით მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ პარტიული წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე იმყოფებიან, თავზე ადგანან საარჩევნო კომისიის წევრებს, კერძოდ, რეგისტრატორებს როგორც მანდატურები და საარჩევნო სიაში თითოეული ამომრჩევლის რეგისტრაციის ნომერს იწერენ“, — განაცხადა ბეჟაშვილმა.

მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ მათ არ სჭირდებათ ამომრჩევლით მანიპულირება.

„ჩვენი მხრიდან ზეწოლა გამორიცხულია. ჩვენ ინტერესში არ შედიოდა და არც შედის ამომრჩეველზე ზეწოლა და მათით მანიპულირება, რამდენადაც ჩვენ დიდი მხარდაჭერა გვაქვს. ჩვენთვის მთავარია, რომ ის საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა", — განაცხადა „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ.

19
თემები:
არჩევნები -2017 (81)