საარჩევნო უბანი

არჩევნებზე პირველი დარღვევები უკვე დაფიქსირდა

23
(განახლებულია 18:55 21.10.2017)
რამდენიმე პარტიის წარმომადგენლები საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების მონაცემებს იწერენ

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) დამკვირვებლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პირველი დარღვევები უკვე დააფიქსირეს.

საქართველოს მოქალაქეები ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს ირჩევენ.

 „შეიძლება ადგილი აქვს ამომრჩევლის ნების გაკონტროლებას, რაც გამოიხატება შემდეგში: რეგისტრატორების გვერდით დგანან „ქართული ოცნების", „მემარცხენე ალიანსის" ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალი სიტყვის" წარმომადგენლები და უბანზე მისული ამომრჩევლის მონაცემებს იწერენ", — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მედია-ცენტრის განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, მსგავსი ფაქტები თბილისის მასშტაბით რვა საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონის №19 უბანზე დაფიქსირდა მართვის მოწმობით ხმის მიცემის მცდელობა. ამომრჩეველი დაარეგისტრირეს, თუმცა პროცესი მას შემდეგ შეაჩერეს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციამ საჩივარი დაწერა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დამკვირვებლებმა ასევე დააფიქსირეს საარჩევნო უბნების დაგვიანებით გაღების ფაქტები და კენჭისყრის პროცესში სხვა დარღვევები.

საქართველოს მასშტაბით თვითმმართველი ორგანოების არჩევნებს ორგანიზაციის 557 დამკვირვებელი აკვირდება.

23
თემები:
არჩევნები -2017 (81)