ჩაის პლანტაცია

უცხოელები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს საქართველოში ვეღარ იყიდიან

85
(განახლებულია 18:52 08.06.2017)
მიწის გაყიდვა პირებზე, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან, საქართველოს კონსტიტუციის დონეზე აიკრძალება.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეებისთვის აიკრძალება მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვის გადაწყვეტილება მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ" მიიღო. უფრო ადრე ამ ინიციატივით რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოვიდნენ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება – საკონსტიტუციო კომისიას მივმართოთ ინიციატივით, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი იმ პირზე, ვისაც არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ეს ჩანაწერი მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნებს პასუხობს.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებას, სახელმწიფოს და თვითმმართველ ერთეულს", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციაში შესწორებების მიღებამდე ცვლილებები შევა კანონში „მიწით სარგებლობის შესახებ".

უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის გამოცდილება საქართველოს უკვე აქვს. 2013 წელს ქვეყნის პარლამენტმა მსგავსი აკრძალვა შესწორებებით დაადგინა კანონში „მიწით სარგებლობის შესახებ".

მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მან შესწორებებს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა დაძლია. თუმცა მოგვიანებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა ქვეყნის მთავარი კანონის შეუსაბამოდ აღიარა.

მაშინ ექსპერტები და ოპოზიციური ძალები მთავრობას აფრთხილებდნენ, რომ ამას სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების შემცირება შეიძლება გამოეწვია.

უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოს სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში 2016 წელს დაახლოებით 10 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი უცხოური ინვესტიციების მოცულობის 0,6%-ს შეადგენს.

85