ქართული არმია

მაისაია: ქართულ ჯარში სამხედროების უმეტესობა ისედაც კონტრაქტით მსახურობს

690
(განახლებულია 19:16 07.06.2017)
სამხედრო ექსპერტი მიიჩნევს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის საკითხის კონსტიტუციაში ჩაწერა სულაც არ არის აუცილებელი.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. სავალდებულო სამხედრო სამსახურის საკითხის დარეგულირება ორგანული კანონითაც შეიძლება, მიაჩნია სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას.

„საქართველოს შეიარაღებული ძალები თითქმის მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე გადავიდა. აქ სამხედროების 80% კონტრაქტით მსახურობს და მხოლოდ 20%-ია წვევამდელი. აქედან გამომდინარე სავალდებულო სამხედრო სამსახურის საკითხის კონსტიტუციაში ჩაწერა აუცილებლად სულაც არ მიმაჩნია", — განუცხადა ვახტანგ მაისაიამ „Sputnik საქართველოს".

ექსპერტის თქმით, საკონტრაქტო სამსახურს ბევრი დადებითი მხარე აქვს.

„ეს არის პროფესიონალური არმია, სადაც ჩვენი მოქალაქეები ნებაყოფლობით მსახურობენ", – აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

მოქმედ კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ საქართველოს დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის მოვალეობაა.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სავალდებულო სამხედრო სამსახური საქართველოს კონსტიტუციაში აღარ ჩაიწერება.

„ეს კონსტიტუციის დონეზე აღარ იქნება მოწესრიგებული. შესაბამისად, მთავრობის და პარლამენტის გადასაწყვეტია, თუ როგორ ჩამოყალიბდება სამხედრო გაწვევის სისტემა", — განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

სამხედრო სამსახური საქართველოში ოთხ კატეგორიად იყოფა: სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიიღებიან 18-დან 35-წლამდე წვევამდელები და ის ახალგაზრდები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური. სავალდებულო სამხედრო სამსახურში კი იწვევენ 18-დან 27 წლის ასაკის მამაკაცებს. ახალწვეულები გადიან სამსახურს შეიარაღებულ ძალებში, შსს-ში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.

ჯარის გარდა, ახალწვეულები ძირითადად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტების დაცვას ახორციელებენ. ახალწვეულები სამი თვის განმავლობაში საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს გადიან. სამთვიანი კურსის გავლის შემდეგ, განწესის გარდა, ყოველდღე საბრძოლო მომზადების საათები ტარდება, რომელსაც საკონტრაქტო სამსახურში გადიან.

690
არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე: სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ივიწყებ...

41
(განახლებულია 18:40 14.04.2021)
„ქართული ოცნების“ უმრავლესობის დატოვების შემდეგ აღნიშნული პირები პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებენ.

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე  ექვსი დეპუტატის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ეხმაურება და ყოფილი თანაპარტიელების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს პასუხისმგებლობიდან გაქცევა უწოდა. 

პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგები ექვსმა დეპუტატმა -  გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიმ, მიხეილ დაუშვილმა და შალვა კერესელიძემ დატოვეს და ისინი საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებენ. როგორც გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განმარტა, ისინი ყოფილი პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და დღეიდან  პარტიის მშენებლობის ეტაპზე გადადიან. 

„სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახელმწიფო ინტერესების ნაცვლად, რომელიც ერთად მივეცით საზოგადოებას და რაზეც ერთად გვქონდა აღებული პასუხისმგებლობა... ვწუხვართ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო გიორგი გახარიამ თავის დროზე და დღეს უკვე მისმა მეგობრებმა, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება დგას იმ ვალდებულებების, პირობების უკან, რომელიც ჩვენ მივეცით საზოგადოებას“, – განაცხადა თალაკვაძემ. 

მისი განმარტებით, ის არათანმიმდევრულობა, რომელიც ექს–პრემიერმა გიორგი გახარიამ ბოლო რთული გადაწყვეტილების მიღებისას და გუნდთან ურთიერთობაში გამოავლინა, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.

„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და მან თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში. როდესაც კონსოლიდაცია, ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება იყო საჭირო, გახარიამ სწორედ მაშინ დატოვა გუნდი, შემდეგ კი მისმა მეგობრებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობიდან ექვსი დეპუტატის გასვლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 84 წევრი ჰყავს.

გახარიამ პრემიერის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 18 თებერვალს გააკეთა, რაც ყველასთვის, პირველ რიგში კი საკუთარი გუნდისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ექს-პრემიერმა მიზეზად თავის გუნდთან – „ქართულ ოცნებასთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე უთანხმოება დაასახელა. მარტის ბოლოს ექს-პრემიერმა დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და მისი სამომავლო გეგმების შესახებ ცნობილი მალე გახდება.

 გახარიას მთავრობის მეთაურის პოსტი 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე ეკავა.

41
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
სალომე ზურაბიშვილი და არმენ სარქისიანი

საქართველოს ხვალ ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვევა

17
(განახლებულია 15:03 14.04.2021)
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრებს გამართავს.

 

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი  15 აპრილს ოფიციალური ვიზიტით თბილისს ეწვევა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სომხეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, ნუნე სარქისიაის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხუთშაბათს ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  იგეგმება სომხეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პირველი პირები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

გარდა ამისა,  სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესაც შეხვდება.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში სარქისიანი სომხურ საკათედრო ტაძარსაც დაათვალიერებს.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, ხოლო სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორთა ათეულში შედის.

17
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი
სახანძრო

სენაკში ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა

0
(განახლებულია 18:25 14.04.2021)
ჯერჯერობით, უცნობია თუ რა გახდა საცხოვრებელ სახლში ხანძრის გამოწვევის მიზეზი – შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik.  სენაკის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში, სადაც ხანძარი გაჩნდა, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა.

 შემთხვევის ადგილზე მისულ სახანძრო–სამაშველო ბრიგადებს, სამწუხაროდ, მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე ოთხი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

ხანძრის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ნიკა ლატარია

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში