საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებზე: განცხადებები მეორე ვადაზე არ ყოფილა

© FB / Георгий Маргвелашвилиგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხალხის ზურგს უკან სპეკულაციებისა და პოლიტიკური ვაჭრობის წინააღმდეგია.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კამპანიას „კონსტიტუცია ყველასათვის“ იმიტომ არ ატარებს, რომ 2018 წელს  მეორე ვადაზე აპირებს კენჭი იყაროს.

ასეთი პასუხი გასცა პრეზიდენტმა, რომელიც პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების წინააღმდეგ გამოდის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ბრალდებებს. კობახიძის თქმით, მარგველაშვილის კამპანია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ არის მიმართული და, სავარაუდოდ, გაგრძელდება საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომელიც უახლოეს მომავალში კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვას დაიწყებს. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტზე „შეტევის“ დაგეგმვა დააბრალეს

„არასდროს განმიცხადებია, რომ მეორე ვადაზე ვაპირებ კენჭისყრას და ასეთი მიზანიც რომ მქონდეს, როგორ ვიკადრებ იმ სიბინძურეს, რომ ვივაჭრო ქვეყნის მთავარი, უზენაესი კანონით, იმისთვის რომ შევიქმნა ასე ვთქვათ საარჩევნო გარემო. უნდა მიხვდნენ, რომ ეს არც საარჩევნო კამპანია არ არის და კამპანიას „კონსტიტუცია ყველასათვის“ იმისთვის არ ვატარებ, რომ 2018 წელს აუცილებლად კენჭი ვიყარო“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის მონაწილენი აგიტატორები არ არიან. ეს არის „ხალხი, რომელსაც სურს, რომ მისი ხმა გაიგონონ და გაითვალისწინონ“, — განაცხადა პრეზიდენტმა ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას.

მარგველაშვილმა ასევე უპასუხა კობახიძის გაფრთხილებას პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის ვადებთან დაკავშირებით. კობახიძის თქმით, პრეზიდენტი პარტიებთან და ექსპერტთა ჯგუფთან მოლაპარაკებებს იმიტომ მართავს, რომ პარლამენტზე „შეტევა“ განახორციელოს. როგორც მან აღნიშნა, თუ ეს პროცესები გაგრძელდება, კომპრომისს ყოველგვარი აზრი დაეკარგება და პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება დაგეგმილზე ადრე მოხდება — 2023 წლის ნაცვლად 2018 წელს.

 „პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ისმის განცხადებები, რომ თუ პრეზიდენტი წესიერად მოიქცევა და კარგ განცხადებებს გააკეთებს, მაშინ 2018-ში დარჩება პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესი და თუ არ მოგვეწონება მისი ტონი, მაშინ 2018-შივე იქნება არაპირდაპირი არჩევნები. არასდროს ვიკადრებ, ჯერ ხალხის ზურგს უკან და მერე, ქვეყნის უზენაესი კანონით სპეკულირებას და პოლიტიკურ ვაჭრობას“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

კობახიძის ბრალდებებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმაც უპასუხა. 

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს

 „სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს აწვდიან აბსოლუტურად არასწორ ინფორმაციას აბსოლუტურად არასწორი აქცენტებით. კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მთელი საქართველოს მასშტაბით მართავს შეხვედრებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან. ეს შეხვედრები არის უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და მასში ჩართულია ქართული მედია“, — განუცხადა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს.

პრეზიდენტი, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობენ, ეწინააღმდეგებიან პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებას, მაღალ საარჩევნო ბარიერს, საარჩევნო ბლოკების შექმნის აკრძალვას და საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მანდატების განაწილების მეთოდს. შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ პროტესტის ნიშნად დატოვა კომისია, ხოლო არასამთავრობოებმა და ზოგიერთმა ექსპერტმა ცვლილებების პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.

კონსტიტუციაში შესატან ცვლილებათა პროექტი ვენეციის კომისიას უკვე გადაუგზავა, რომელიც თავის შენიშვნებს წარმოადგენს. ხელისუფლებამ ამ შენიშვნების გათვალისწინების პირობა დადო.

განახლებული კონსტიტუციის პროექტის საბოლოო ვარიანტი საყოველთაო სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტში განსახილველად მიმდინარე წლის ივნისში შევა. ცვლილებების მიღება 2018 წლის 1 იანვრამდე იგეგმება.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები 33-ჯერ არის შეტანილი, მათგან 25-ჯერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დროს. სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში შემცირდა პრეზიდენტის უფლებამოსილება, რომელიც გადანაწილდა მთავრობასა და პარლამენტს შორის.


ყველა ახალი ამბავი
0