საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიაში გაემგზავრა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით გერმანიაში გაემგზავრა.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის საზეიმო გახსნაში.

2017 წელს საქართველოში პირველი გერმანული დასახლების გაჩენიდან 200 წელი, ასევე საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღინიშნება.

"წლის განმავლობაში არის დაგეგმილი ძალიან სერიოზული, მნიშვნელოვანი ღონისძიებების ციკლი, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ღონისძიებები გამოიწვევს სერიოზულ ინტერესს როგორც გერმანულ, ისე ქართულ საზოგადოებაში და კიდევ უფრო კარგად მოხდება იმის ხაზგასმა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ურთიერთობები აკავშირებს ამ ორ სახელმწიფოს", — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ.

საქართველო-გერმანიას შორის შეთანხმების გაფორმება - Sputnik საქართველო
გერმანია საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებაში დაეხმარება

საზეიმო ღონისძიება გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელგანთქმულ საზეიმო დარბაზ "Weltsaal"-ში გაიმართება, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები მიხეილ ჯანელიძე და ზიგმარ გაბრიელი.

იქვე გაიმართება კონცერტი ქართველი მუსიკოსების შესარულებით, წარმოდგენილი იქნება ექსპოზიცია "მომავლის მემკვიდრეობა — 200 წელი: ქართულ-გერმანული ისტორიები".

ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია დისკუსია, რომლის მედიატორი გერმანიაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია იქნება. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტი ტობიას ვოსსი, ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და გერმანიის ბუნდესლიგის ყოფილი ფეხბურთელი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობიაშვილი.

გერმანიაში ვიზიტის დროს ჯანელიძე მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ზიგმარ გაბრიელთან, გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ქრისტოფ ჰოისგენთან. გერმანიის ბუნდესტაგში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსა და ნატო-ს საპარალამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციასთან.

გერმანია ევროპის თანამეგობრობის ქვეყნებიდან პირველი იყო, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, ქვეყნებმა 1992 წელს დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და საქართველოში გერმანიის საელჩო გაიხსნა.

საქართველოს და გერმანია თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0