გიორგი კვირკაშვილი და ტალებ რიფაი

კვირიკაშვილმა ტალებ რიფაი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

6

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოში ტურიზმის განვითარების მხარდაჭერისთვის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი ღირსების ორდენით დააჯილდოვა, ნათქვამია პრემიერის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

ჯილდო ტალებ რიფაის საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით გადაეცა. თავის მხრივ, ტალებ რიფაიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი ჯილდოს მიღება მისთვის დიდი პატივია.

დაჯილდოების ცერემონიამდე, ტალებ რიფაიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებები გამართა, შეხვედრისას, გიორგი კვირიკაშვილმა გენერალურ მდივანს კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ, მისი ლიდერობით, მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.

მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა ტალებ რიფაის წვლილი მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხარს დაუჭერს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს მიერ წარდგენილ საქართველოში ესპანეთის ელჩსის, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურას. 

ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ოფიციალურად მიმდინარე წლის იანვარში ტურიზმის საერთშორისო გამოფენაზე მადრიდში წარადგინეს.

ტალებ რიფაი თბილისში ორდღიანი ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციის "ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის" ფარგლებში იმყოფება, რომელიც საქართველოს დედაქალაქში ოთხშაბათს დაიწყო.

6