საგზაო წესების დარღვევა

ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის - განმეორებითი გამოცდა

96
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საქართველოს ხელისუფლება ჯარიმების გაზრდას, ხოლო ნასვამი მძღოლების მიმართ სასჯელის გამკაცრებას აპირებს.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ცვლილებები, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სასჯელს ამკაცრებს, დასასრულს უახლოვდება — კანონპროექტთა პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით უახლოეს მომავალში უნდა მიიღოს. 

ხუთი კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი საქართველოს პარლამენტში 2015 წელს შევიდა, მაგრამ მიღების პროცესი გაჭიანურდა. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთხმად მოითხოვენ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სასჯელის გამკაცრებას და გზებზე სიკვდილიანების ზრდაზე ლაპარაკობენ.

ცვლილებების თანახმად, მძღოლს, რომლის სისხლში ალკოჰოლის მინიმუმ 0,3 პრომილეს აღმოაჩენენ, მართვის უფლებას არამარტო ექვსი თვით ჩამოართმევენ, არამედ გამოცდის ჩაბარებას ხელახლა აიძულებენ. თუ საქმეში ბრალის დამამძიმებელი გარემოება გამოვლინდება, მძღოლი მართვის უფლების აღდგენას 1000 ლარის ჯარიმის გადახდის შემთხვევაში შეძლებს.

გარდა ამისა, იგეგმება ჯარიმის გაზრდა — 10-დან 30 ლარამდე საჭესთან მობილური ტელეფონით საუბრისთვის; ხოლო 250-დან 300 ლარამდე გაიზრდება ჯარიმა სიჩქარის გადამეტების გამო ავარიული სიტუაციის შექმნისათვის.

ხელისუფლება 40-ლარიანი ჯარიმის დაწესებას აპირებს ქვეითად მოსიარულეთა უფლებების დამრღვევი მძღოლების მიმართ. ამასთან, ავარიული სიტუაციის შექმნა მძღოლს 300 ლარი დაუჯდება. ასევე საქართველოში შემოიღებენ 300-ლარიან ჯარიმას საპირისპირო ხაზზე მოძრაობისთვის.

შესწორებების მიღების შემთხვევაში დაჯარიმდებიან ფეხით მოსიარულეებიც. ქუჩაზე გადასვლა წითელ შუქნიშანზე და არა გადასასვლელ ადგილზე დაისჯება 10 ლარის ოდენობის ჯარიმით, განმეორებითი დარღვევის დროს — 20 ლარით, ხოლო მესამედ დარღვევისას — 50 ლარით. 

თუმცა ჯარიმების გაზრდა დამრღვევების მიმართ ერთადერთი გამოყენებული ზომა არ იქნება. მიმდინარე წლის 1 ივლისიდან თითოეული მძღოლი საქართველოში მიიღებს 100 ქულას მართვის მოწმობაზე, რომლებიც საგზაო წესების თითოეული დარღვევის შემდეგ გამოაკლდება. თუ მძღოლი თავის ქულებს ამოწურავს, მას მართვის მოწმობა ჩამოერთმევა და მის მისაღებად პრაქტიკულ გამოცდას ხელახლა ჩააბარებს.

ახალი კანონების თანახმად, ჯარიმას დააფიქსირებენ არა მხოლოდ პატრული პოლიციელები და გარე სამეთვალყურეო კამერები, არამედ ფარული პატრულიც. ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის შემოწმება საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

96