რიყის პარკი თბილისში

IRI-ს გამოკითხვა: საქართველოს მოსახლეობის ძირითადი პრობლემები

100
IRI-ს კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ძირითადი პრობლემა უმუშევრობაა, ამიტომ ისინი დემოკრატიულ სისტემას აყვავებულ ეკონომიკას ამჯობინებენ.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ერთ-ერთმა მსხვილმა კომპანიამ, აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის შედეგები წარმოადგინა ყველა მთავარ საკითხზე, რომლებიც ქვეყანას აღელვებს.

IRI-ს კვლევა საქართველოს ცხოვრების მრავალ სფეროს მოიცავს და ტრადიციულად, ოპოზიციური პარტიების ნდობით სარგებლობს. მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" გამოკითხვის შედეგებში ეჭვი ეპარება, რადგან ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების წინ, IRI-ს ვერსიით, პარტიას დაბალი რეიტინგი ჰქონდა.

"ზუსტად ორჯერ ნაკლები იყო IRI-ის მიხედვით წინასაარჩევნო კვლევაში "ქართული ოცნების" რეიტინგი, ვიდრე რეალურად აღმოჩნდა. ამხელა შეცდომების შემდეგ მაინცდამაინც მაღალ ნდობას ჩემში აღარ იწვევს IRI-ის ციფრები", — ხელისუფლების მოსაზრება განათლების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხში, ალექსანდრე ჯეჯელავამ გაახმიანა.

ამასთან, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკითხვა პირობითად სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს — ეკონომიკა და სახელმწიფო ინსტიტუტებთან დამოკიდებულება, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები და საგარეო პოლიტიკა.

ეკონომიკა და სახელმწიფო ინსტიტუტები

საქართველოს მოსახლეობამ სახელწიფოს მთავარ პრობლემებად დაასახელა უმუშევრობა (47%), ეკონომიკური კრიზისი (24%) და ტერიტორიული მთლიანობა (9%), ხოლო ყველაზე ნაკლებ პრობლემებად — ჯანდაცვა და ფასები წამლებზე (0,5%). ჯანდაცვის რეფორმა მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებიდან ყველაზე წარმატებულად დასახელდა.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ქვეყნის განვითარების კურსის მიმართ. გამოკითხულთა 65%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება, ხოლო საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს რესპონდენტების 29%-ს.

ამასთან, გამოკითხვის მონაწილეების ძირითადი პრეტენზიები მთავრობისადმი არის დაპირებების შეუსრულებლობა, ეკონომიკური კრიზისი და ინფლაცია.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის დემოკრატიაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის აყვავებაა — რესპონდენტების 34%-ს ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია, ხოლო 23%-ს დემოკრატიული სისტემა უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია. აყვავებული ეკონომიკა მნიშვნელოვნად მიაჩნია 22%-ს, ხოლო დემოკრატიული სისტემა — 12%-ს.

გამოკითხვის შედეგებმა ასევე აჩვენა, თუ რომელი ინსტიტუტების მუშაობა მოსწონს მოსახლეობას ყველაზე მეტად. მათ გადასცეს ინსტიტუტების ჩამონათვალი და მათ შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმა სთხოვეს. ამ რეიტინგში კარგი დამოკიდებულების შკალაში ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ლიდერობს. შემდეგ მოდის არმია, მასმედია, პოლიცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და განათლების სისტემა.

უფრო მეტი ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატეს მოქალაქეებმა პარტიების, საქართველოს ეროვნული ბანკის, პარლამენტისა და მთავრობის მიმართ.

რესპონდენტებს ასევე შესთავაზეს ქვეყანაში ყველაზე ღია და დახურული სახელმწიფო ინსტიტუტების დასახელება. ყველაზე ღია, მათი აზრით, არის იუსტიციის სამინისტრო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პოლიცია და პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია. ხოლო ყველაზე დახურულ ინსტიტუტებად სასამართლო და პროკურატურა მიაჩნიათ.

პარტიების რეიტინგი

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ასევე წარმოადგინა პოლიტიკური პარტიების რეიტინგი, რომელთა შორის მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" ლიდერობს. უახლოეს მომავალში რომ ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს, მას ხმას რესპონდენტთა 26% მისცემდა.

მეორე ადგილზეა ყოფილი მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" (ენმ) – 15%. შემდეგ მოდის ენმ-ის ყოფილი თანამებრძოლების პარტია "მოძრაობა თავისუფლებისთვის — ევროპული საქართველო" – 7%.

გამოკითხვის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებში 4%-იან ბარიერს გადალახავდნენ ასევე "ლეიბორისტული პარტია" და "პატრიოტთა ალიანსი".

ამასთან, გამოკითხულთა 63%-მა განაცხადა, რომ შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებზე აუცილებლად წავა, 19%-მა განაცხადა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას დიდი ალბათობით მიიღებს, ხოლო არჩევნებზე არ წავა 10%.

რაც შეეხება პოლიტიკოსებს, გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე მეტი სიმპათიით გამსჭვალულია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ, მეორე ადგილზეა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ხოლო მესამეზე — პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი.

საქართველოს მოსახლეობა სიმპათიით არის გამსჭვალული ასევე ახალი პარტიის "მოძრაობა თავისუფლებისთვის — ევროპული საქართველო" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

ყველაზე ნაკლებად მოსწონთ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია "საქართველოს დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი, ასევე ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.

საგარეო პოლიტიკა

IRI-ს გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ქვეყნის მოსახლეობა კვლავ მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

ევროკავშირში შესვლას მხარს უჭერს გამოკითხულთა 64%, ეს მაჩვენებელი 2016 წლის გამოკითხვის შედეგებს 1%-ით და 2015 წლის გამოკითხვის შედეგებს — 2%-ით ჭარბობს.

ნატოში შესვლას მხარს უჭერს რესპონდენტთა 56%, რაც 1%-ით მეტია 2016 წლის მონაცემზე. ამასთან 42%-მა არ იცის, ეს როდის მოხდება, ხოლო 28% მიიჩნევს, რომ საქართველო ნატოს წევრი 2021 წლის შემდეგ გახდება.

კითხვაზე, როგორი უნდა იყოს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, გამოკითხულთა უმრავლესობამ — 53%-მა აღნიშნა, რომ ქვეყნის პოლიტიკა პროდასავლური უნდა იყოს რუსეთთან კარგი ურთიერთობებით. პროდასავლურ პოლიტიკას ანიჭებს უპირატესობას 23%, პრორუსულს დასავლეთთან კარგი ურთიერთობებით — 12%, პრორუსულს — 3%. დანარჩენებმა პასუხის გაცემაზე უარი განაცხადეს.

ამჟამად რუსეთთან ურთიერთობებს, როგორც ცუდს, აფასებს რესპონდენტების 76%.

ამავდროულად, გამოკითხვამ აჩვენა, რომ 2017 წელს რუსეთთან დიალოგის მომხრეთა რაოდენობა შემცირდა და 53% შეადგინა. 2013 წელს დიალოგის მომხრე იყო 83%, ხოლო 2016 წელს — 59%.

გამოკითხვა პირდაპირი ინტერვიუს საფუძველზე ჩატარდა 22 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით პერიოდში. გამოიკითხა 1 501 სრულწლოვანი მოქალაქე. გამოკითხვის ცდომილება შეადგენს +/- 2,5%-ს. ბოლო გამოკითხვა IRI-მ 2016 წლის მარტში ჩაატარა.

100