ომალო

საქართველო-რუსეთის საზღვართან მცხოვრებთ და მესაზღვრეებს ვერტმფრენი მოემსახურება

13
საზღვრისპირა სოფელი ომალო საქართველოს მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს და ზამთრის პერიოდში განსაკუთრებულად ძნელად მისადგომია.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრისპირა სოფელ ომალოს მოსახლეობას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ვერტმფრენები მოემსახურება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა, რომელიც ამ კვირაში ომალოს სასაზღვრო სეტორი მოინახულა, აღნიშნა, რომ მესაზღვრეებს ძალიან რთულ პირობებში უწევთ მუშაობა. ზამთრის პერიოდში ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე ხშირად შეზღუდვები ან აკრძალვები წესდება.

"მინდა, დავავალო შსს-ს, რომ სანამ გზა გაიხსნება, ანუ თოვლის დადნობამდე და სახმელეთო გზის სრულად ამოქმედებამდე, კვირაში ერთი ფრენა განახორციელონ სასაზღვრო ვერტმფრენით იმისთვის, რომ არა მარტო მესაზღვრეებმა, არამედ იქ დარჩენილმა ადამიანებმა იგრძნონ კავშირი დანარჩენ საქართველოსთან. ეს არის ძალიან რთული რეგიონი", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მესაზღვრეებს დიდ ყურადღებას უთმობს.

"ფინანსთა სამინისტროს მინდა დავავალო, რომ მოიძიოს ამისთვის სახსრები, ეს შესაძლებელია. ასევე მინდა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავავალო, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს და იმ რეგიონის მაცხოვრებლებს, რომელთაც ზამთარში აქვთ სხვადასხვა საჭიროებები, ვერტმფრენის მეშვეობით ამ კუთხითაც დავეხმაროთ", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კვირაში ერთი ფრენა ომალოში აუცილებელი წესით უნდა განხორციელდეს.

"ეს იქნება სასაზღვრო ვერტმფრენი, რომელიც მოემსახურება, როგორც მესაზღვრეებს, ასევე იქ მცხოვრებ ადამიანებს", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კვირიკაშვილმა ომალო 20 მარტს მოინახულა და მესაზღვრეებს მათი პროფესიული დღესასწაული მიულოცა.

13