შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი

საქართველოს შსს სომხეთში იარაღის შესაძლო კონტრაბანდის ფაქტს სწავლობს

19
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სომხეთში საქართველოს გავლით საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის Игла-ს შესაძლო კონტრაბანდის ფაქტს სწავლობს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ოთხშაბათს სომხეთის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ განაცხადა, რომლებიც გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Игла-ს საქართველოდან ტრანსპორტირებაში არიან ეჭვმიტანილები. განხორციელებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად, აღმოჩენილი და ამოღებულია გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექს Игла-ს ასამოქმედებელი ლულა 9М39 ტიპის რაკეტასთან ერთად.

"ასე გადაჭრით არ შეიძლება თქმა, რომ საქართველოს გავლით შევიდა სომხეთში. სომხური მხარე შეიძლება ამას ამბობს, მაგრამ ჩვენ დეტალებს ვარკვევთ და საზოგადოებას აუცილებლად ვამცნობთ ამის თაობაზე", — განაცხადა მღებრიშვილმა.

ამასთან ერთად საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა საქართველოს გავლით რუსეთიდან სომხეთში სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ფაქტი უარყვეს.

"სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ საქართველოში გადაადგილდებოდა რაღაცა სამხედრო ტექნიკა. ასეთ ინფორმაციას საქართველოს მტერი ავრცელებს იმისათვის, რომ ჩვენ მეზობლებთან ურთიერთობა დაგვეძაბოს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოში არცერთი უცხოელის ან სხვა რაიმე ტიპის სამხედრო ტექნიკა არ გადაადგილდებოდა", — აღნიშნა რეგიონალური განვითარების მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.

ოთხშაბათს, ყოფილი მმართველი პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ ბოლნისის რაიონში შეამჩნიეს რამდენიმე სატვირთო ავტომანქანა რუსული ნომრებით. წიკლაურის განცხადებით, სავარაუდოდ ეს იყო თვითმავალი სარაკეტო კომპლექსი БУК-ი და ტვირთი რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გადაჰქონდათ. თავდაცვის სამინისტროში ეს ფაქტი კატეგორიულად უარყვეს.

19