გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერი: საქართველო ტერორიზმს ყოველთვის შეებრძოლება

10
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ თანამედროვე სამყარო ტერორიზმს გაუმკლავდება.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ლონდონში ოთხშაბათს მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა დიდ ბრიტანეთს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის შეებრძოლება ტერორიზმს.

ბრიტანეთის პარლამენტის შენობასთან ოთხშაბათს მომხდარმა ტერაქტმა, თავდამსხმელის ჩათვლით, ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 40 ადამიანი დაჭრილია. თავდამსხმელი, რომელიც მანქანით ადამიანებს შეეჯახა და პოლიციელი დანით მოკლა, ლიკვიდირებულია.

შეშფოთებული ვარ ლონდონის პარლამენტთან მომხდარი ტერაქტის გამო. საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ყოველთვის ვიდგებით ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით ამ უკიდურესი სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში. მჯერა, რომ თანამედროვე მსოფლიო შეძლებს გაუმკლავდეს ტერორიზმის წარმოუდგენელ აგრესიას", — ნათქვამია მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კვირიკაშვილის განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ XXI საუკუნეში ვერ გაიმარჯვებს ადამიანისა და პროგრესის წინააღმდეგ მიმართული ბოროტება.

ტურისტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილზე ტერაქტი განხორციელდა ადგილობრივი დროით 14:40 საათზე. ვესტმინსტერის ხიდზე მიმავალმა მანქანამ ტროტუარზე გადაუხვია და რამდენიმე ადამიანს დაეჯახა, შემდეგ კი პარლამენტის შენობისკენ განაგრძო გზა, სადაც ის პოლიციამ შეაჩერა. თავდამსხმელმა პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი დანით დაჭრა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

პოლიციის სამუშაო ჰიპოთეზით, ლონდონში მომხდარი ტერაქტის შემსრულებელს ისლამურ ტერორიზმთან კავშირი ჰქონდა.

ლონდონის ცენტრში მომხდარი ტერაქტის შემდეგ პოლიციამ რვა ადამიანი დააკავა. Twitter-ის მიკრობლოგში ბრიტანული პოლიციის განცხადებაში ნთქვამია, რომ დაპატიმრებები ტერორიზმთან ბრძოლის ოპერაციის ფარგლებში ჩატარდა.

გარდა ამისა, ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, უახლოეს წლებში ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის სრულყოფის მიზნით, 2,5 მილიარდი გირვანქა სტერლინგი გამოიყოფა.

10