საქართველოს და ევროკავშირის დროშა

ხელისუფლება ევროკავშირში უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის სპეციალურ პროგრამაზე მუშაობს

136
(განახლებულია 20:09 23.03.2017)
საქართველოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე დააყენებენ სპეციალურ პროგრამას, რომელიც იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს საქართველოს მოქალაქის მიერ ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის ვადის დარღვევებს ამცნობს.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით ქვეყნის ხელისუფლება შექმნის სპეციალურ პროგრამას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში ყოფნის ვადას გააკონტროლებს.

საქართველოს მოქალაქეები 28 მარტიდან შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნას შეძლებენ. იუსტიციის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს საკითხზე, რომელიც საბაჟო სისტემაში სპეციალურ ცვლილებებს გულისხმობს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

ჩვენ დავაყენებთ სპეციალურ პროგრამას სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე და როდესაც ადამიანი გაემგზავრება ევროპის მიმართულებით, უვიზო მიმოსვლის პროცედურებით გათვალისწინებული სამი თვის გასვლის შემდეგ ჩაირთვება პროგრამის სპეციალური მექანიზმი", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ როდესაც საქართველოს მოქალაქე ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტით მიდის, კონტროლის მიზნით მისი ქვეყანაში შემოსვლის თარიღი არ ფიქსირდება.

ახალი პროგრამა გულისხმობს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ინფორმირებას, რომ ესა თუ ის ადამიანი სამშობლოში დადგენილ დროში არ დაბრუნდა, განმარტა პრემიერმა.

მნიშვნელოვანია, ვიყოთ პასუხისმგებლიანი პარტნიორ ევროკავშირის ქვეყნებთან… ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშავებთ ევროკავშირის ქვეყნებთან, რათა საქართველომ მიიღოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, რათა თავშესაფრის მოთხოვნა ძალიან ბანალური მიზეზებით იყოს ნაკლებად შესაძლებელი", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ევროკავშირმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე დიალოგი 2012 წელს დაიწყო. 2013 წლის თებერვალში ევროკომისიამ საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ წარადგინა მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის ყველა პირობა შეასრულა.

 ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები
© Sputnik / Maria Tsimintia
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები

 

136
თემები:
ევროკავშირმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა (20)