გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერი უვიზო რეჟიმის აღსანიშნავად სტუდენტებთან ერთად ევროპაში გაემგზავრება

35
ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების დღეს - 28 მარტს საქართველოს პრემიერი სტუდენტებთან ერთად ათენსა და ბრიუსელში გაემგზავრება.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების აღსანიშნავად, 28 მარტს სტუდენტებთან ერთად ევროპის ქალაქებში გაემგზავრება,

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში 180-იდან 90 დღე უვიზოდ შეძლებენ ყოფნას.

"28 მარტს სტუდენტებთან ერთად ჯერ ევროპული კულტურის უძველეს დედაქალაქში — ათენში მივემგზავრები, შემდეგ კი, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში — ბრიუსელში, რათა სპეციალური ღონისძიებით აღვნიშნოთ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება — ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა და მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს", — განაცხადა კვირიკაშვილმა ხუთშაბათს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით, საქართველოში სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სამი დღის განმავლობაში გვექნება სპეციალური ღონისძიებები — 26, 27 და 28 მარტს", — განაცხადა პრემიერმა.

ევროკავშირმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე დიალოგი 2012 წელს დაიწყო. 2013 წლის თებერვალში ევროკომისიამ საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ წარადგინა მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის ყველა პირობა შეასრულა.

35