ტერაქტი ლონდონში

საქართველომ ლონდონში მომხდარი ტერაქტი დაგმო

37
(განახლებულია 11:23 23.03.2017)
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილი შეძრწუნებულია ლონდონის ცენტრში მომხდარი ტერაქტით, რომელმაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს პირველმა პირებმა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასა და ხალხს ლონდონის ცენტრში გუშინ მომხდარი ტერორისტული აქტის გამო სამძიმარი გამოუცხადეს.

ტერაქტი ტურისტებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილას ადგილობრივი დროით 14:40 საათზე (თბილისის დროით 18:40) მოხდა. ვესმინსტერის ხიდზე მოძრავმა ავტომობილმა რამდენიმე ადამიანი გაიტანა და პარლამენტის შენობამდე მიაღწია, სადაც ის პოლიციამ გააჩერა. ბოროტმოქმედმა პოლიციელი დანით დაჭრა, რის გამოც სამართალდამცველი გარდაიცვალა.

ხალხი დაშავებულებს ეხმარება ლონდონის პარლამენტის შენობასთან
© REUTERS/ Toby Melville
ხალხი დაშავებულებს ეხმარება ლონდონის პარლამენტის შენობასთან

"შეძრწუნებული ვარ ვესტმისტერის სასახლესთან მომხდარი ტერორისტული ინციდენტის გამო. ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერ ფორმას და თანადგომას ვუცხადებთ გაერთიანებულ სამეფოს," — ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

ბრიტანელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და გულწრფელად თანავუგრძნობ ბრიტანელ ხალხს და ჩვენს ბრიტანელ კოლეგებს… მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის თავდასხმა არა მხოლოდ ბრიტანელ ხალხზე, არამედ მთელ თავისუფალ, ცივილიზებულ სამყაროზე. მომხდარი კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვანახებს ტერორიზმთან ბრძოლისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხებში ერთობლივი ძალისხმევის მობილიზების და თანამშრომლობის მნიშვნელობას", — ნათქვამია ირაკლი კობახიძის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ინციდენტის ადგილზე ლონდონში პარლამენტის შენობასთან
© REUTERS/ Hannah McKay
პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ინციდენტის ადგილზე ლონდონში პარლამენტის შენობასთან

ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 40 — დაშავდა. პოლიციამ ტერორისტის ლიკვიდირება მოახდინა.

37