საქართველოს პრეზიდენტი თავის ქალიშვილთან ერთად

პრეზიდენტის ქალიშვილმა თავისი ოჯახისა და მეგობრების თვალთვალის შესახებ განაცხადა

80
(განახლებულია 21:12 22.03.2017)
საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილმა ანა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ სამართალდამცველი ორგანოები მის ოჯახსა და მეგობრებს უთვალთვალებენ.

 

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი ამტკიცებს, რომ მისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) თანამშრომლები უთვალთვალებენ.

გასულ კვირაში ანამ განაცხადა, რომ პოლიციამ მის მეგობარს მიხეილ თათარიშვილს ნარკოტიკული ნივთიერება "სუბოტექსი" „ჩაუდო“. თათარიშვილი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ის 17 მარტს ნარკოტიკების დიდი ოდენობით შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. თათარიშვილი ასევე არის მინდია გოგოჭურის მეგობარი. ეს უკანასკნელი საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის მაკა ჩიჩუას ქალიშვილის (პირველი ქორწინებიდან) ქმარია.

"მიშოს დაკავების შემდეგ, ზუსტად ვიცით, სუს-ის თანამშრომლის მანქანა იდგა მინდიას სახლის წინ. არ ვიცი, როგორ უნდა მივიღოთ ჩვენ ეს – როგორც დევნა და როგორც რეპრესიები? – არ ვიცი", — განაცხადა ანა მარგველაშვილმა ტელეარხ Rustavi2-ზე გადაცემა "არჩევანში".

ანა მარგველაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, რომ მის ოჯახზე ზეწოლას ახდენენ, მან და მისმა მეგობრებმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში ჩვენება მისცეს.

"ისინი მოყვნენ, როგორ გააჩერეს მათი მანქანა, გადმოიყვანეს, გაჩხრიკეს, მანქანით ატარეს ქალაქში, ემუქრებოდნენ. შემდეგ ყოველგვარი ორდერის გარეშე შეუვარდნენ სახლში, გაჩხრიკეს, ამოუტრიალეს სახლი ყოველგვარი განმარტების გარეშე და უთხრეს მინდიას, რომ პირადად მისი ინტერესი ჰქონდათ", — განაცხადა ანამ.

მან აღნიშნა, რომ ამ შემთხვევის გამოძიება დღემდე არ დასრულებულა და ბევრი კითხვა უპასუხო დარჩა.

"შესაბამისად, ჩვენ არც ვაპირებთ, რომ სამართალდამცველ ორგანოებს მივმართოთ მსგავსი მუქარის დროს, იმიტომ რომ არ ვენდობით მათ და მათ გამოძიებას", — განაცხადა პრეზიდენტის ქალიშვილმა და დასძინა, რომ მინდია სახლიდან არ გამოდის, რომ რამე არ შეემთხვეს.

მისი თქმით, სუს-ის მთავარი მიზანი სწორედ მინდია გოგოჭური და მისი მეგობრები — მიხეილ თათარიშვილი და თორნიკე კაჭარავა არიან.

"ჩემი სიძე მინდია გოგოჭური, მისი მეგობარი ლევან მაისურაძე და მიშო (მიხეილ თათარიშვილი) მოდიოდნენ ბათუმიდან. დაახლოებით ღამის პირველ საათზე გაჩერდნენ რაღაც სასაუზმეში სურამთან, შევიდნენ სასაუზმოდ და დაახლოებით 5 წუთში შემოვარდა შავებში ჩაცმული ხუთი კაცი, ამოუტრიალეს ჯიბეები, გინებით და ძალის გამოყენებით გაათრიეს გარეთ. მინდიას და ლევანს აკავებდნენ და მიშოს ამოუტრიალეს ჯიბეები. მიშო ეუბნებოდა, სუფთა ვარ და არაფერი მაქვსო, დაადეს დანა მას და ჩატენეს მანქანაში", — განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ თავის მეგობრებს ბოლომდე დაუჭერს მხარს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრეზიდენტის სიძე და მისი მეგობარი მიხეილ თათარიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. 12 იანვრის ღამეს თათარიშვილი და გოგოჭური ბალანჩივაძის ქუჩაზე სროლისას დაჭრეს. პოლიციამ ორივე დაშავებული საავადმყოფოში დაკითხა. სისხლის სამართლის საქმე "ჯანმრთელობისთვის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებისა" და "ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების" მუხლებით აღძრა.

უფრო ადრე, 2016 წლის ზაფხულში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლები გოგოჭურზე ზეწოლას შეეცადნენ — ის გააჩერეს ქუჩაში, შემდეგ გაჩხრიკეს მისი ბინა და ავტომობილი სასამართლოს დადგენილების გარეშე. საქართველოს პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესაძლო გადამეტების საკითხზე.

თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ პოლიციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილება არ გადაუმეტებიათ. ოპერატიულ მუშაკებს ჰქონდათ ინფორმაცია ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების შესახებ. ამის გამო პოლიციელებმა გოგოჭური და კიდევ ორი ადამიანი გაჩხრიკეს; ცეცხლსასროლი იარაღი ვერ აღმოაჩინეს და, შესაბამისად, ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მისცეს.

80