არეულობა ბათუმში

მერაბ ღოღობერიძე: თუ დაადგენენ რომ მე მოვაწყვე ყველაფერი, მაშინ პასუხი მომთხოვონ

60
(განახლებულია 19:41 12.03.2017)
შს ორგანოებს მერაბ ღოღობერიძე ამ დრომდე არ დაუბარებიათ დაკითხვაზე. თუმცა, როგორც ის განმარტავს, მზადაა ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. ბათუმში 11 მარტს გამართულ აქციაზე პასუხისმგებლობას  ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის კავშირის“ თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძე იღებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“

მისი განცხადებით, პროტესტი აჭარაში პოლიციის მიერ გადაჭარბებული და არაპროპორციული ჯარიმების გამოწერას და საპატრულო პოლიციის უფროსის შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო დაიგეგმა.

როგორც მან ტელეკომპანიასთან განაცხადა, მსგავსი განცხადებები თავად არ გაუგონია.

„ის, რაც მოხდა ეს უკვე პოლიციის დანაშულია და მე შემიძლია გითხრათ, რომ ისინი უკვე იმდენად აგრესიულები იყვნენ… საზოგადოების თვალწინ მოხდა ადამიანების ცემა და ეს იყო პიკი“, — განაცხადა ღოღობერიძემ.

ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ღოღობერიძე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

„პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს, მას უნდა მოეხდინა დროული რეაგირება. თუმცა, შესაბამისი ორგანოები თუ დაადგენენ იმას, რომ მერაბ ღოღობერიძემ თვითონ მოაწყო ეს ყველაფერი, მაშინ პასუხი მომთხოვონ“, — აღნიშნა ღოღობერიძემ.

შს ორგანოებს მერაბ ღოღობერიძე ამ დრომდე არ დაუბარებიათ დაკითხვაზე. თუმცა, როგორც ის განმარტავს, მზადაა ყველა კითხვას პასუხი გასცეს. 

დაკითხვაზე ჯერ არ დავუბარებივარ და ველოდები და ყველა კითხვას პასუხს გავცემ.

მისი განცხადებით, „სუფრაზე პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე სხვა პოლიციელებთან ერთად იმყოფებოდა  და იქ მან ქსენოფობიური განცხადებები გააკეთა, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გამოიტანეს სააშკარაოზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მყარი მტკიცებულებები გაგვაჩნია ამ პოლიციელების შესახებ, ჩვენ მზად ვართ გავცეთ კითხვებს პასუხი. არ შეიძლება პოლიცია ასე აგრესიულად ექცეოდეს მოქალაქეებს და ამაზე შესაბამის ორგანოებს რეაგირება არ ჰქონდეთ“.

მერაბ ღოღობერიძემ აქცია საკუთარი „ფეისბუქის" გვერდზე 9 მარტს დააანონსა. 

ბათუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს, 11 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირებისთვის ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაემორჩილა და ურთიერთშელაპარაკება არეულობაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა ექვსი ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა. სტიქიური აქცია არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა დაწვეს ავტომობილები და ბლოკირებული ჰქონდათ  პოლიციის შენობა. სპეცდანიშნულების რაზმმა დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა.

 

60
თემები:
არეულობა ბათუმში: ვერსიები და ვარაუდები (40)