არეულობა ბათუმში

ოპოზიცია პრემიერის ბრალდებებს უარყოფს

8
ოპოზიციური პარტიები პრემიერის განცხადებას, რომელმაც ისინი ბათუმში განვითარებული სიტუაცია საკუთარი მიზნების მიღწევისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა, უსაფუძვლოს უწოდებენ.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ბათუმში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უსაფუძვლოს და უნამუსოს უწოდებს. 

კვირიკაშვილმა, რომელიც  შექმნილი მდგომარეობის ადგილზე გასაცნობად ბათუმში გაემგზავრა, ოპოზიციას დესტრუქციული უწოდა. ამასთან ერთად, მმართველმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს საქართველოში არეულობის დაბრუნება არ გამოუვათ.

ბათუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს, საღამოს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირებისთვის ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაემორჩილა და ურთიერთშელაპარაკება არეულობაში გადაიზარდა. ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა. სტიქიური აქცია არეულობაში გადაიზარდა. სპეცდანიშნულების რაზმის ჩარევის შემდეგ სიტუაცია ქალაქში სტაბილური გხდა.

„იმ აბსოლუტურ უმსგავსობასთან და ვანდალიზმთან მიმართებით, „ნაციონალური მოძრაობასთან“ დაკავშირებით პრემიერის მიერ გაკეთებული მინიშნებები არის უსაფუძვლო და დიდი მორიგი უნამუსობა“, — განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ. 

მომიტინგეებმა ბათუმში რამდენიმე ავტომობილი გადაწვეს
მომიტინგეებმა ბათუმში რამდენიმე ავტომობილი გადაწვეს

ბათუმში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება პარტია „მოძრაობა თავისუფლებისათვის — ევროპულმა საქართველომაც“ გააკეთა.

 „ხელისუფლებამ, როგორც სჩვევია, ნაჩქარევი შეფასებები გააკეთა  და პირდაპირ ხელი დაადო პოლიტიკურ ოპონენტებს. ისინი იმით უნდა იყვნენ დაკავებული, რომ რეალურად გამოიძიონ რა მოხდა. ვინც დამნაშავეა, დაისაჯოს, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. ნაცვლად პოლიტიკური თამაშებისა, ხელისუფლებას   მოვუწოდებ, რომ კონკრეტული პრობლემა მოაგვარონ“, — განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე სერგი კაპანაძემ.

ბოლო მონაცემებით, არეულობის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია დაახლოებით 40 ადამიანი. 33 ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქედან 15 – პოლიციელია. დაშვებულების უმეტესობა უკვე გამოწერეს.

ქალაქისათვის მიყენებული ზარალის რაოდენობა ჯერ-ჯერობით არ სახელდება, მაგრამ ცნობილია, რომ მომიტინგეებმა ბათუმში რამდენიმე მანქანა დაწვეს, დააზიანეს შუქნიშნები და საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ მომენტში ქალაქის ქუჩების დასუფთავება მიმდინარეობს, საგზაო მოძრაობა აღდგენილია.


8
თემები:
არეულობა ბათუმში: ვერსიები და ვარაუდები (40)