ერთ–ერთი ქართული ტელეარხის ოპერატორი ბათუმში არეულობებისას დამწვარ ავტომობილს იღებს

„ქართული ოცნება“: „ნაცმოძრაობა“ საქართველოში არეულობებს ვერ დააბრუნებს

32
მმართველი პარტია იმ ძალების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს, რომლებიც ბათუმში ვითარების გამოყენებას თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობდა.

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“რადიკალურად განწყობილი ლიდერები საქართველოში არეულობებს ვერ დააბრუნებენ, აღნიშნულია ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვითარება ბათუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც 11 მარტს, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის მიზეზი, თვითმხილველთა თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მძღოლის დაჯარიმება გახდა, ამას მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.  

რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდების ჯგუფი 7 საათის განმავლობაში ქალაქის მთავარ ქუჩებს ანადგურებდა. სპეცრაზმმა ტერიტორია მომიტიგეებისგან დღეს დილით გაათავისუფლა. 

„ვგმობთ 11 და 12 მარტს ბათუმში მომხდარ ვანდალურ ქმედებებს, რომლითაც აქციის მონაწილე აგრესიულმა ჯგუფებმა დაზიანება მიაყენეს მშვიდობიან მოქალაქეებს, პოლიციელებს, ასევე სახელმწიფო და კერძო საკუთრებას“, – აღნიშნულია პარტიის სპეციალურ განცხადებაში.

მთავრობა არსებულ ვითარებას მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდა, შეძლო თავიდან აერიდებინა ვითარების გამწვავება და გამოიყენა პროპორციული ზომა, რის შედეგად ბათუმში პოლიციამ რამდენიმე საათში აღკვეთა ძალადობა და აღადგინა საზოგადოებრივი წესრიგი, აღნიშნულია განცხადებაში.

„სამართალდამცავები აგრძელებენ მუშაობას და კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი ყველამ, ვინც ჩართული იყო ამ ძალადობაში. ასევე, უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხიც, ვინც პოლიტიკური მიზნებისთვის სცადა გამოეყენებინა, ორგანიზება გაუწია ან ხელი შეუწყო მიმდინარე მოვლენებს. როგორც არ უნდა ეცადონ საქართველოს მტრები და ნაციონალური მოძრაობის რადიკალურად განწყობილი ლიდერები არეულობის დაბრუნებას ჩვენს ქვეყანაში, ეს აღარასდროს მოხდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მომიტინგეებმა ბათუმში რამდენიმე ავტომობილი გადაწვეს
მომიტინგეებმა ბათუმში რამდენიმე ავტომობილი გადაწვეს

აჭარის მოსახლეობასთან და მთავრობასთან ერთად ჩვენ დავიცავთ სიმშვიდეს და გავაგრძელებთ განვითარებას. ქალაქი მალე დაუბრუნდება ჩვეულ ფორმას და დაზარალებულები მიიღებენ სათანადო მხარდაჭერას ხელისუფლებისგან, ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, არეულობის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია დაახლოებით 40 ადამიანი. 33 ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქედან 15 – პოლიციელია. აქედან ბევრი უკვე გამოწერეს და ისინი მკურნალობას სახლში განაგრძობენ.

ბათუმში დაწყებულია ტერიტორიის გასუფთავების სამუშაოები. ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა განაცხადა, რომ ზარალის დათვლის შემდეგ ქალაქში ყველაფერს აღადგენენ. 

 

 

32
თემები:
არეულობა ბათუმში: ვერსიები და ვარაუდები (40)