პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი: სახელმწიფო აუცილებლად უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას

24
პრემიერმა ყველას მოუწოდა, რომ დაემორჩილონ კანონს და პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ ყოფითი შემთხვევა გამოყენებული იქნა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის, — ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

11 მარტს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი, თვითმხილველთა თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მძღოლის დაჯარიმება გახდა, რასაც მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, ისინი პოლიციის ძალადობრივ ქმედებას აპროტესტებდნენ, აჭარის პოლიციის სამმართველოს ახლადდანიშნული უფროსის მალხაზ ბათიაშვილის გადადგომას და აქციაზე დაკავებული 6 პირის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
აქციის დაშლის მიზნით, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის კლინიკებს 21-მა დაზარალებულმა მიმართა, მათგან 11 პოლიციელია და 10 მოქალაქე. ამ დროისთვის ყველა დაკავებული გათავისუფლებულია, თუმცა ქალაქში არეულობა კვლავ გრძელდება. აქციი მონაწილეები თავს ესხმიან მოქალაქეთა მანქანებს, წვავენ და ანადგურებენ ქალაქის ინფრასტრუქტურას. 
„პირველ რიგში ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. შინაგან საქმეთა მინისტრი ჩემი დავალებით ჩავიდა ბათუმში. ასევე ზურაბ პატარაძის მომართვის საფუძველზე, საკითხის შესწავლამდე და დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პიროვნება გათავისუფლებულ იქნა. აღნიშნული მოვლენები ცხადყოფს, რომ ყოფითი შემთხვევა გამოყენებული იქნა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის. სამწუხაროდ, აღნიშნული ძალები არ ერიდებიან ქვეყნის სტაბილურობის საძირკვლის შერყევასაც კი, შეგნებულად უკეთებენ პროვოცირებას ვანდალურ აქტებს, ძალადობენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებზე, რომლებიც ჩვენი მითითებით ამ ეტაპზე მხოლოდ მინიმალური რეაგირების რეჟიმში იმყოფებიან, რათა მაქისმალურად ავიცილოთ თავიდან შესაძლო გართულება. ასევე უნდა ვთქვა, რომ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის პოზიცია ამგვარი დესტრუქციული ქმედების მიმართ ცალსახად უარყოფითია, შესაბამისად, სახელმწიფო აუცილებლად უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას და დაიცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებას იცხოვროს მშვიდ გარემოში“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა ყველას მოუწოდა, რომ დაემორჩილონ კანონს და პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს.

”საგანგებოდ მინდა მივმართო ყველას, ვინც მზად არის ფეხქვეშ გათელოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი მოქალაქეების უფლებები, ისინი სახელმწიფოსგან უმკაცრეს პასუხს მიიღებენ. მოვუწოდებ ყველას, დაემორჩილოს კანონს და პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს”, — განაცხადა კვირიკაშვილმა. 

24
თემები:
არეულობა ბათუმში: ვერსიები და ვარაუდები (40)