საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან უვიზო რეჟიმის პირობები

48
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ მთავრობის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და მალე ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ იარონ.

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმების წინ, ქვეყნის მოქალაქეებს ახალი რეგულაციების წესებისა და ვადების დაცვისაკენ მოუწოდებს. 

8 მარტს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა 539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომლის თანახმად საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. რეგულაცია ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 20 დღეში. შესაბამისად, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით.

„ვულოცავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევამ რეფორმების განხორციელების მიმართულებით შედეგი გამოიღო და საქართველოს მოსახელობისათვის კონკრეტული, ხელშესახები სარგებელი მოიტანა’, — ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

უვიზო მიმოსვლით საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახდება ახალი შესაძლებლობები, რომლებიც უკავშირდება დაუბრკოლებლად მოგზაურობას ევროპის ქვეყნებში, ამ ქვეყნების უკეთ გაცნობას და კონტაქტების დამყარებას.

უვიზო მიმოსვლის შემოღება ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ბიზნეს-კავშირების გაღრმავებას, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას და პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბებას. უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისათვის, — აცხადებს საგარეო უწყება. 

„უვიზო მიმოსვლის შემოღება მნიშვნელოვანი წარმატებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ევროპასთან. ეს შედეგი ადასტურებს, რომ ევროკავშირი თავისი პრინციპებისა და დანაპირების ერთგულია და პარტნიორი ქვეყნის ძალისხმევას შემხვედრი ნაბიჯებით პასუხობს. ყოველივე ეს საქართველოს მთავრობისთვის დამატებითი ბიძგის მიმცემია საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური რეფორმების გასაგრძელებლად». — ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ ვალდებულებებს და ზედმიწევნით დაიცვას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ვადები და პირობები.


48