თბილისი, 8 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ნიკოს კოძიასთან შეხვედრა გამართა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული ისტორიული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო დერეფნის მნიშვნელობის, ასევე შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხებს.
გიორგი მარგველაშვილმა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის.
ნიკოს კოძიასმა, რომელიც საქართველოში პირველად იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, შეხვედრა უკვე გამართა ქართველ კოლეგასთან.
ორდღიანი ვიზიტის მსვლელობისას უცხოელი სტუმარი შეხვედრებს ასევე გამართავს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.
საქართველომ და საბერძნეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 აპრილს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ჯანდაცვის, ტურიზმის, ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.