საპარლამენტო არჩევნები საქართველოში

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება

64
რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია იუწყება, ის 22 ოქტომბერს ჩატარდება.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ცესკომ ოფიციალურად გამოაცხადა 30 ოქტომბერი ერთმანდატიან ოლქებში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღად.

„8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება“, — ნათქვამია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია იუწყება, ის 22 ოქტომბერს ჩატარდება.

„№36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) გაიმართება პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები, ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი) — როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები“, — წერია ცესკოს განცხადებაში.

64
თემები:
საპარლამენტო არჩევნები 2016 (185)
თბილისი

აი რაია?... ანუ რა და როგორ ითვლება IRI−ის დაკვეთით?..

537
(განახლებულია 10:33 15.08.2020)
რას ფიქრობს ხალხი?.. COVID-19-ის პანდემია, მომავალი საპარლამენტო არჩევნები და ეკონომიკური გამოწვევები... საზოგადოების განწყობა ციფრებში და დამთვლელის მთავარი გზავნილი... ვის რა ინტერესები ამოძრავებს...

სამსონ ხონელი

დიდი დრო არ გასულა!.. თიბათვის მიწურულს სტატია შემოგთავაზეთ − „ხვალ რომ არჩევნების დღე იყოს?!.. ანუ ვის მისცემდი ნეტავ?!..“ მაშინ ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გაგაცანით. კარგად მახსოვს, ვწერდი, დღეს, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მოსახლეობის 39 პროცენტი „ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, 16 პროცენტი კი „ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერდა მხარს, 5 პროცენტით მესამე პოზიცია კი „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკს ეკავა... გამოკითხულთა 20 პროცენტი ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული...

სამიოდე კვირა გავიდა და საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებას შეახსენა, რომ ისიც ითვლის და იკვლევს. წინამდებარე სტატიაც ამ შეხსენების შედეგია. კვლევის ავტორებმა შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირდაპირი ინტერვიუს გზით, 1500 რესპონდენტი გამოიკითხეს და კიდევ ერთხელ დადასტურდა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი განსხვავებულად, მისებურად, ითვლის. კერძოდ, მომდევნო კვირას რომ არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ 33 პროცენტი დაუჭერდა მხარს... სახელისუფლებო პარტია რეიტინგის სათავეშია, მაგრამ „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგისგან განსხვავებით, მმართველი გუნდის მაჩვენებელი 6 პროცენტით გაუარესდა!.. მომდევნო ორი პოზიცია „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ და „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკს უკავიათ. საგულისხმოა, მათი პროცენტული მაჩვენებელიც „ედისონ რისეჩის“ კვლევის შედეგეს ემთხვევა, შესაბამისად − 16 და 5 პროცენტი. ასე რომ, კვლევის შედეგებს შორის სხვაობა სახელისუფლებო გუნდის სასარგებლოდ არ მეტყველებს.

მმართველი პარტიის მონაცემებში უმნიშვნელო სხვაობაა, − შესაძლოა ბრძანოს მკითხველმა და რა გაეწყობა, მოკრძალებულად მივანიშნებ, რომ ასე არ არის. მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, ახლადარჩეულ პარლამენტში მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ის პოლიტიკური პარტია შეძლებს, რომელიც პროპორციულ არჩევნებში ელექტორატის მინიმუმ ორმოცპროცენტიან მხარდაჭერას მოიპოვებს... სწორედ აქ არის „ძაღლის თავი დამარხული“ და კვლევების შედეგებს შორის სხვაობაც ამიტომაც არის ყურადსაღები.

ორივე კვლევის თანახმად, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებს დამაჯერებლად იგებს, თუმცა „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგით (39 პროცენტი) ბიძინა ივანიშვილის ოცნების გუნდი ძალიან ახლოს არის, რომ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს მთავრობა. IRI-ის კვლევის ციფრებს შორის მკაფიოდ იკითხება, რომ „ქართული ოცნება“ ერთპარტიული მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს!.. სხვისი არ ვიცი, მე კი მგონია, კვლევის დამკვეთთა მთავარი გზავნილი სწორედ ეს არის. ნათქვამის დასტურად კვლევის ერთ ფრაგმენტს მოვიშველიებ...

მოსახლეობის 73 პროცენტი კოალიციურ მთავრობას ემხრობა!.. კერძოდ, გამოკითხულთა 34 პროცენტი სრულად და 39 პროცენტი კი ნაწილობრივ ეთანხმება დებულებას, რომ „საქართველოს დემოკრატიისთვის ჯანსაღია რამდენიმე პარტიისგან შემდგარი მთავრობის ყოლა“.

კვლევაში არაფერია ნათქვამი, გამოკითხული რესპონდენტებიდან რამდენი ერკვევა კოალიციური მთავრობის ფორმირების პროცედურაში ან რამდენმა იცის, რომ კოალიციური მთავრობის ფორმირება საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ბარიერგადალახული პარტიების პოლიტიკურ შეთანხმებას ეფუძნება, რაც როგორც წესი ხანგრლივი კონსულტაციების შედეგია. სხვა საკითხია, რა მოიაზრება ამ ე.წ. კონსულტაციების მიღმა. კვლევის დამკვეთები არც იმით დაინტერესებულან, აქვს თუ არა მოსახლეობას მზაობა, რომ მთავრობის ჩამოყალიბების საკითხზე შეთანხმება ვერ შედგეს, აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირება ხანგრძლივი დროის განმავლობაშიც ვერ მოხერხდეს და საბოლოოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს... არადა, ამგვარი კრიზისი სავსებით რეალურია და შესაძლებელიც. 

მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სავსებით რეალისტურია. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ფლანგი ხმამაღალი განცხადებებით ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დასასრულს აანონსებს, ვეჭვობ, ოპოზიციური პარტიების დიდი უმრავლესობა მარცხს უკვე შეეგუა... ასე რომ, ახლა უკვე მომავალი არჩევნების მთავარი ინტრიგაა − „ქართული ოცნება“ მთავრობის ფორმირებას დამოუკიდებლად მოახერხებს თუ რამდენიმე ოპოზიციური მანდატი პირდაპირი მნიშვნელობით დაიდებს ფასს...

შთაბეჭდილება მრჩება, მავანნი ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს მიღმა ცდილობენ, მისი უდიდებულესობა ამომრჩეველი დაარწმუნონ, რომ კოალიციური მთავრობა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი პირობაა. IRI-ის კვლევის განხილული ეპიზოდიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. სოციოლოგები დიდი ხანია აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ავტორები თავიანთ შედეგებში არცთუ იშვიათად წარმოაჩენენ იმას, რაც კვლევის დამკვეთებს სურთ რომ იყოს... რაც შეეხება დემოკრატიას, რაც ასე აწუხებთ კვლევის დამკვეთთ, გამოკითხულთა უმეტესობა, 55 პროცენტი საქართველოში დემოკრატიის დონით კმაყოფილია.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების თემატიკით არ შემოიფარგლა. თქვენს ყურადღებას რამდენიმე ფრაგმენტზე გავამახვილებ. ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების რეიტინგს. 89 პროცენტით შეიარაღებული ძალები ლიდერობს. მომდევნო პოზიციაზე 83 პროცენტით საპატრიარქოა. პირველ სამეულში 71 პროცენტით მედია მოხვდა. რაც შეეხება პერსონალურ რეიტინგს, რესპონდენტთა 89 პროცენტის კეთილგანწყობით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სარგებლობს. მომდევნო პოზიცია ამირან გამყრელიძეს უკავია გამოკითხულთა 74 პროცენტის კეთილგანწყობით. პრემიერ-მინისტრი მესამეა, გიორგი გახარია რესპონდენტთა 63 პროცენტს მოსწონს. პირველ ხუთეულშია კახა კალაძე და დავით ბაქრაძე...  ბიძინა ივანიშვილი სიმბოლური 41 პროცენტით მხოლოდ მეშვიდეა...

მკითხველს არ გაუკვირდება, კვლევის ნაწილი პანდემიას ეთმობა. გამოკითხულთა 79 პროცენტი COVID-19-ის პანდემიაზე მთავრობის რეაგირებას დადებითად აფასებს. მეტიც, რესპონდენტების 25 პროცენტი პასუხობს, რომ მოქმედი მთავრობის მთავარი მიღწევა სწორედ კორონავირუსთან ბრძოლაა. ცალკეული ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებას კი, რესპონდენტთა უმრავლესობა, 94 პროცენტი ამბობს, რომ ყველაზე ეფექტიანად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მუშაობს. ჯანდაცვის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას, შესაბამისად 91 და 81 პროცენტით მეორე და მესამე პოზიციები უკავიათ. სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის      წარმატებულად მართვის მიუხედავად, გამოკითხულთა 82 პროცენტი აცხადებს, რომ პანდემიის შედეგად ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში მძიმეა... სიტყვა ეკონომიკაზე ჩამოვარდა და ისიც უნდა ითქვას, რომ რესპონდენტთა 46 პროცენტის შეფასებით, ქვეყანაში დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი

სწორედ ეკონომიკური პრობლემებია, კერძოდ, უმუშევრობა, ფასების ზრდა, სიღარიბე... რა თქმა უნდა, არის სხვა პრობლემური საკითხებიც... გამოკითხულების 4 პროცენტს ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად COVID-19-თან ბრძოლა მიაჩნია, 3 პროცენტს კი ოკუპირებული ტერიტორიები, შიდა კონფლიქტები − 2 პროცენტს. რესპონდენტთა ასევე 2 პროცენტი მთავარ გამოწვევად განათლებას ასახელებს... პრობლემებზე საუბრისას გამოკითხულთა 1 პროცენტს არც კორუფცია ავიწყდება...

დღეისათვის სულ ეს არის... თქვენი ყურადღება მხოლოდ რამდენიმე მონაცემზე გავამახვილე. რა თქმა უნდა, დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია, IRI-ის კვლევის შედეგებს სრულად გაეცნოს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ვებგვერდზე...

სავარაუდოდ, ვიღაც ახლაც ითვლის, მერე რა რომ  მრავალი წელია, დანათვალის არავის სჯერა, მათ შორის არც მას ვინც ითვლის!..

 

537
საპარლამენტო არჩევნები

წინასაარჩევნო საქმეები: პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას ააქტიურებენ

92
საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოში ორთვე-ნახევარი რჩება, კონკურენცია კი დიდია - 40 პარტიაზე მეტი 150 ადგილზე

თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრასა და კანდიდატების წარდგენას განაგრძობენ. გამონაკლისი არც დღევანდელი დღე ყოფილა, რომელიც ერთბაშად რამდენიმე ნათელი პოლიტიკური მოვლენით აღინიშნა.

დღეს ერთბაშად ოთხმა პარტიამ გადაწყვიტა, ამომრჩევლებისთვის თავი შეეხსენებინა და ტელევიზორის ეკრანებზე მოხვედრილიყო.

ყველაზე მასშტაბური და წარმომადგენლობითი გახდა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ღონისძიება ქალაქ გურჯაანში, სადაც მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

„ჩემთვის დიდი პატივია, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარმოვადგენდე საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და გურჯაანის რაიონებს და ვიყო კახეთის მოსახლეობის ხმა პარლამენტში“, - განაცხადა სონღულაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მართალია, დაპირებებით არც კანდიდატსა და არც პარტიის პირველ პირებს მოსახლეობა არ გაუნებივრებიათ, მაგრამ სამაგიეროდ აღიარეს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

ვიდრე მმართველი პარტია რეგიონებს იპყრობდა, მისმა კონკურენტებმა გადაწყვიტეს, თბილისში გამოეჩინათ თავი. ოპოზიციის ერთიანმა კანდიდატმა ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქში, „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა, თავისი წინასაარჩევნო ოფისი გახსნა.

გახსნა მოკრძალებული იყო. მას მხოლოდ პარტიის წევრები ესწრებოდნენ. თუმცა ნათელაშვილი სხვა პარტიებიდან მხარდამჭერების ნაკლებობას არ გაუნაწყენებია. მან განაცხადა, რომ დღეიდან შეუდგებოდა გზას გამარჯვებისკენ.

„ნება მომეცით, წარმოგიდგინოთ ოფისი ნაძალადევში, იმ ნაძალადევში, რომელიც ქვეყანაში ცნობილია თავისი ვაჟკაცობითა და რევოლუციური განწყობით. ჩვენ ერთობლივი ბრძოლით გამოვიყვანთ ქვეყანას კრიზისიდან და შევუდგებით გზას გამარჯვებისკენ“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

პარალელურად, ოპოზიციური ფრთის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ მასზე, როგორც ჩუღურეთის ოლქის კანდიდატზე, ზეწოლა ხორციელდება.

„გუშინ აღმაშენებლისა და წერეთლის გამზირებზე კამპანიას ვატარებდით, როდესაც თავს დაგვესხა ადამიანების ჯგუფი, რომელიც შეურაცხყოფით, ძალადობითა და დაშინებით გვიშლიდა ხელს“, - აღნიშნა დოლიძემ.

მოულოდნელი განცხადებით გამოვიდა კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“. მის სიაში გამოჩნდება ადამიანი, რომელმაც თავის დროზე თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა ქვეყნის ყველაზე ორიგინალური პარტია „გირჩი“ - გიორგი მელაძე. იგი უხელმძღვანელებს საბურთალოს  საარჩევნო შტაბს.

დანარჩენმა პარტიებმა პარასკევს გადაწყვიტეს რუტინული შეხვედრების გაგრძელება ამომრჩევლებთან თბილისსა და რეგიონებში. საპარლამენტო არჩევნებამდე ხომ ორთვე-ნახევარი რჩება, კონკურენცია კი დიდი იქნება - 40-ზე მეტი პარტია პარლამენტში 150 ადგილზე.

92
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
მომხმარებელი კომპიუტერთან

ჯანდაცვის სამინისტრო დახმარების მისაღებად რეგისტრაციისას შეფერხების გამო ბოდიშს იხდის

0
რეგისტრაციის ვებგვერდი დილიდან შეფერხებით მუშაობდა, შუადღისთვის კი საერთოდ გაითიშა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ფულადი დახმარების სწრაფად მიღების მსურველი ძალიან ბევრია

თბილისი, 15 აგვისტო  — Sputnik. საქართველოში 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მიღების მსურველებმა სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია ვერ მოახერხეს - მშობელთა გაზრდილი ნაკადის გამო პლატფორმის მუშაობა შეფერხდა, იუწყებიან ჯანდაცვის სამინისტროში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 6 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოსახლეობის დახმარების ახალი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც 18 წელს ქვემოთ ასაკის ყველა მოზარდი სახელმწიფოსგან 200 ლარის ფარგლებში ერთჯერად დახმარებას მიიღებს. გახარიას თქმით, დღეისათვის საქართველოში 18 წლამდე ასაკის დაახლოებით 880 ათასი მოზარდია. შაბათს ვებგვერდზე daxmareba.moh.gov.ge დაიწყო რეგისტრაცია დახმარების მისაღებად. თუმცა რეგისტრაციის გავლის მსურველები პრობლემას გადააწყდნენ - ვებგვერდი არ მუშაობდა.

„ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის ერთდროულად დარეგისტრირებითაა განპირობებული“, - განმარტეს ჯანდაცვის სამინისტროში და ბოდიში მოიხადეს.

ამავე დროს უწყებამ დაამშვიდა მშობლები და განმარტა, რომ რეგისტრაცია 1 დეკემბრამდე გაგრძელდება და დახმარების მიღებას ყველა მსურველი მოასწრებს.

მშობელმა ელექტრონულ პორტალზე შემდეგი სახის ინფორმაცია უნდა განათავსოს:

  • ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი)
  • საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნება.

ამ ეტაპების გავლის შემდეგ სისტემა დაარეგისტრირებს განაცხადს. ერთ ბავშვზე დახმარების ოდენობა 200 ლარს შეადგენს.

0
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში