თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. დეპუტატობის ყველა ის კანდიდატი, ვინც, წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და საკანონმდებლო ორგანოში ადგილი მოიპოვა, ვალდებულია, 14 ოქტომბრიდან ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
„საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს ნარკომანი ან ნარკოტიკების მომხმარებელი, ხოლო თუ ეს პირი შესაბამისმა საარჩევნო კომისიამ არჩეულად გამოაცხადა, საქართველოს პარლამენტს უფლება არა აქვს, სცნოს მისი უფლებამოსილება“, — ნათქვამია საარჩევნო კოდექსის 111-ე მუხლის მე-3 პუნქტში.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია იმ კლინიკებიდან მიიღებს, რომლებსაც ცესკოსგან წინასწარ მიეცათ უფლება შესაბამისი შემოწმების ჩატარების თაობაზე.
თუ კანდიდატი ნარკოლოგიურ შემოწმებას ვერ გაივლის ან უარს იტყვის პროცედურაზე, პარლამენტში მისი სადეპუტატო უფლებამოსილება ცნობილი არ იქნება.
დღეისათვის ნარკოლოგიური შემოწმების გავლა ეკუთვნით პროპორციული სიით გასულ 77 და ასევე ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებულ 23 კანდიდატს. აქედან 67 „ქართული ოცნების“ კანდიდატია, 27 — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა, ხოლო კიდევ 6 — ბლოკ „პატრიოტთა ალიანსის“.