ალასანია პოლიტიკიდან წავიდა

© FB/Ираклий Аласанияირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან დროებით მიდის, რათა განახლებული ძალებით მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, რომელიც 2017 წელს გაიმართება.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და პოლიტიკიდან დროებით წასვლის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

ალასანია საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სახით გორის რაიონში მონაწილეობდა. პირველი ტურის წინასწარი შედეგებით, მან ხმების 19,38% მიიღო.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ დროებით გავიდე პოლიტიკიდან. სადაც არ უნდა ვიყო, როგორც ვიყავი, დავრჩები საქართველოს ჯარისკაცად. მე ვიქნები საერთაშორისო თუ აქ, ადგილზე პროცესებში ჩართული იმ კუთხით, რომ გვერდში ვედგე სახელმწიფოს, გვერდში ვედგე ჩემს ერს… დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარს გვიჭერს. პარტია გააგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ბევრად უფრო განახლებული, გააზრებული და უკეთესი შემადგენლობით შევხვდეთ ადგილობრივ არჩევნებს“, — განაცხადა ალასანიამ ბრიფინგზე.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია 1973 წლის 21 დეკემბერს დაიბადა. 2002 წელს ის საქართველოს უშიშროების სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. 2005 წელს ალასანია საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი იყო ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში. 2006-2008 წლებში იყო საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი გაეროში. 2009 წელს შექმნა პარტია „ჩვენი საქართველო — თავისუფალი დემოკრატები“. 2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში ხელისუფლებაში მოვიდა და თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დაიკავა. 2014 წელს ის საქართველოს პრემიერმა თანამდებობიდან გადააყენა.

ყველა ახალი ამბავი
0