მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილმა რევოლუციის შესახებ საუბრის აუდიოჩანაწერს მონტაჟი უწოდა

59
(განახლებულია 16:07 09.01.2017)
სკანდალური ჩანაწერი YouTube–ზე სამშაბათს გამოჩნდა. მისი ავთენტურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს „უნიჭო მონტაჟი“ უწოდა. აუდიოჩანაწერში ქვეყანაში მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარებაზეა მსჯელობა.

აუდიოჩანაწერში ადამიანი, რომელიც სააკაშვილის ხმით საუბრობს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან მომავლის გეგმებს განიხილავს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მანამდე არაერთხელ განაცხადეს, რომ ენმ ქვეყანაში უწესრიგობებს გეგმავს.

„ასეთი უნიჭო მონტაჟებითა და ფაბრიკაციით სურს ივანიშვილს თავისი გარდაუვალი დამარცხების თავიდან აცილება? ჩვენი ხალხის გასულელება არ გამოუვა!“, – დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის, სააკაშვილის გარდა, ისმის, სავარაუდოდ, აკაკი ბობოხიძის, ნუგზარ წიკლაურის, პეტრე ცისკარიშვილის, აკაკი მინაშვილისა და გიგი წერეთლის ხმები.

„რევოლუციური სცენარი აუცილებელია… გამოვიყურებით, როგორც დამარცხებულები და ამიტომ გვჭირდება ბევრი ხალხის მობილიზება“, – აცხადებს, სავარაუდოდ, სააკაშვილი.

ადამიანი ბობოხიძის ხმით, თავის მხრივ, გამოდის წინადადებით, შეიქმნას 200–კაციანი ჯგუფი, მოეწყოს საპროტექსტო აქციები და რუსთაველზე კარვები დაიდგას.

სექტემბრის დასაწყისში საქართველოს შს მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, შეიქმნა პოლიციელების სპეციალური ჯგუფები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების დღეს – 8 ოქტომბერს და ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში, ნებისმიერი პროვოკაციული ქმედების აღკვეთაზე იმუშავებენ.

59