ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე

თბილისი წინასაარჩევნო რეკლამებით აჭრელდება

13
(განახლებულია 17:48 18.08.2016)
სააგიტაციო პლაკატებისთვის ყველაზე მეტი ადგილი საბურთალოსა და ვაკის რაიონებში გამოყვეს.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერიამ იმ ადგილების სია გამოაქვეყნა, სადაც პარტიებს საპარლამენტო არჩევნების წინ სააგიტაციო პლაკატების განთავსების უფლება აქვთ.

არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობისთვის უკვე დარეგისტრირებულია 40 პარტია.

ყველაზე მეტი ადგილი წინასაარჩევნო რეკლამისთვის საბურთალოსა (60 წერტილი) და ვაკის (47) რაიონებშია გამოყოფილი, ყველაზე ნაკლები — მთაწმინდისა (19) და ჩუღურეთის (21) რაიონებში, აღნიშნულია ქალაქის მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ძველ თბილისში წინასაარჩევნო რეკლამა საერთოდ არ განთავსდება, ასევე ვერ შეხვდებით რეკლამებს თავისუფლების მოედანსა და დავით აღმაშენებლის გამზირზე.

ქართული კანონმდებლობა წინასაარჩევნო პლაკატების გაკვრას ქალაქებსა და სოფლებში მკაცრად არეგულირებს. მათი განთავსება მხოლოდ განსაზღვრულ ადგილებში შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიის წარმომადგენლები შეიძლება 50-დან 500 ლარამდე თანხით დაჯარიმდნენ.

13