ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე, შესაძლოა, არჩევნებამდე მოსკოვს კიდევ ერთხელ ეწვიოს

26
(განახლებულია 17:09 18.08.2016)
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგს უმაღლეს დონეზე დაჟინებით მოითხოვს.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში თავის ვიზიტზე კომენტარისას განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე მოსკოვს, შესაძლოა, კიდევ ეწვიოს.

მოსკოვში ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერს სერგეი ნარიშკინს შეხვდა და მასთან ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე იმსჯელა. ვიზიტი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე თვენახევრით ადრე შედგა.

„თუ აუცილებელი გახდა კიდევ შეხვედრის გამართვა არჩევნებამდე, მე არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს, თუმცა თვითმიზანი არც ერთი ვიზიტი და არც ერთი შეხვედრა არ გახლავთ“, — განაცხადა ბურჯანაძემ. მისი კომენტარები განთავსებულია პარტიის ვებ-გვერდზე.

ბოლო წლების განმავლობაში ბურჯანაძე, როგორც თავად ირწმუნება, ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოსაგვარებლად რუსეთს სისტემატურად სტუმრობს.

„მე ვიყავი მოსკოვში და შევხვდი ბატონ ნარიშკინს, რომელიც გახლავთ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე და რომელიც იქნება რუსეთის მომავალი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე. ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ჩვენ შორის შედგა ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული საუბარი. ამ შეხვედრით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რუსეთის უმაღლეს პირებთან პირდაპირი, უშუალო დიალოგის წარმოება“, — განაცხადა ბურჯანაძემ.

მან აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა საქართველოსა და რუსეთს შორის უმაღლეს დონეზე დიალოგი გაიმართოს.

„მე შევხვდები რუსეთის ხელისუფლების მმართველ პირებს და ეს ჩვენ დაგვეხმარება, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები გადავიყვანოთ ახალ ჭრილში და დავიწყოთ იმ პრობლემების დარეგულირება, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, — დაასკვნა ბურჯანაძემ.

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა“ დარეგისტრირებულია საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 8 ოქტომბერს გაიმართება.

26
თემები:
ქართულ-რუსული ურთიერთობები (142)