პაატა ბურჭულაძე

სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლებისა და ბურჭულაძის პოლიტიკური „კვარტეტი“

14
(განახლებულია 14:19 18.08.2016)
მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერლის პარტია მზადაა, პოლიტიკური ბლოკი „ჯაფარიძე-ვაშაძე-ახალი არჩევანის“ წინადადება განიხილოს.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში მოსახლეობას სულ უფრო მეტ სიურპრიზს სთავაზობს — ბიულეტენში ერთ ნომრად შეიძლება გაერთიანდნენ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლების პარტიები და მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის პარტია.

მიუხედავად იმისა, რომ ბურჭულაძის პარტია „მოძრაობა „სახელმწიფო – ხალხისთვის“ მხოლოდ რამდენიმე თვეა არსებობს, მან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოზიცია უკვე დაიკავა. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ პარტია პოლიტიკური გაერთიანებების რეიტინგში მესამე ადგილზეა.

მოულოდნელი წინადადება

პოლიტიკურმა ბლოკმა „ჯაფარიძე-ვაშაძე-ახალი არჩევანი“, სადაც სამი პარტიაა გაერთიანებული, ბურჭულაძეს კოალიციის შექმნა ოფიციალურად შესთავაზა.

ბლოკში გაერთიანებული არიან „სამოქალაქო პლატფორმა — ახალი საქართველო“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“ და „ახალი მემარჯვენეები“.

„ჩვენ პაატა ბურჭულაძეს განვიხილავთ, როგორც ძირითად ძალას, რომლის გარშემოც, სასურველია, რომ პროდასავლური ძალები გაერთიანდნენ“, — განაცხადა ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოებაში პაატა ბურჭულაძის მიმართ დიდი ნდობაა, ვიცით მისი რეპუტაციის შესახებ ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ და ვხედავთ მისი საქმიანობის დადებით შედეგებს მთელ საქართველოში. მიგვაჩნია, რომ მას ყველა რესურსი გააჩნია, თავის გარშემო შეკრიბოს საქართველოს პროდასავლური ძალები და შექმნას ძლიერი პროდასავლური ცენტრი, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს“, — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ბურჭულაძის პარტია მზადაა თანამშრომლობისთვის და აპირებს, რომ ეს წინადადება განიხილოს.

„პოლიტიკაში მოსვლის დღიდან პაატა ბურჭულაძემ ღიად განაცხადა, რომ მზადაა თანამშრომლობისთვის ნებისმიერ პროდასავლურ ძალასთან, რომლებიც ეთანხმებიან პარტიის ფასეულობებს. მივესალმებით იმ განცხადებას, რომელიც ბლოკმა გააკეთა… ჩვენ გუნდში განვიხილავთ წინადადებას და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, — განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი პაპავამ.

14