გია ვოლსკი

„ქართულმა ოცნებამ“ პრორუსული პარტიის გაუქმება გადაიფიქრა

33
(განახლებულია 14:15 18.08.2016)
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა თავისი გადაწყვეტილება, რომ სასამართლოში სარჩელს არ შეიტანს, მისი მიზანშეუწონლობით ახსნა.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ გადაიფიქრა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა პრორუსული პარტია „ცენტრისტების“ გაუქმებასთან დაკავშირებით.

სკანდალი ეთერში პარტიის რეკლამის გაშვების შემდეგ დაიწყო. „ცენტრისტების“ რეკლამა წინასაარჩევნო დაპირებებით, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და რუსეთისდროშებიანი ტანკების ფოტოების თანხლებით მიდის, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გავიდა. ამ რეკლამამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და მეორე დღეს ის ეთერიდან მოხსნეს. სამშაბათს ცესკომ საპარლამენტო არჩევნებზე „ცენტრისტების“ რეგისტრაცია გააუქმა. მიზეზი ისაა, რომ პარტიის ხელმძღვანელი პირის (თემურ ხაჩიშვილი) უფლებამოსილებას იურიდიული ძალა არ გააჩნია.

„მათი უფლებამოსილი წარმომადგენელი არ არსებობს. არ არსებობს პირი, რომელსაც ამ პარტიის სახელით ლაპარაკი შეუძლია. აქედან გამომდინარე, სამართლებრივ აზრს კარგავს სარჩელის შეტანა. პოლიტიკურადაც მიზანშეუწონელია, ვინაიდან ვიღაცებს სურთ კიდევ გააცოცხლონ ეს პარტია თუ ადამიანები, რომლებსაც პარტიის წარმოდგენის უფლებამოსილება არ აქვთ. სამართლებრივი ნონსენსი იქნება, რომ იმას ვუჩივლოთ, ვინც არ არსებობს“, — განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

სწორედ ვოლსკი გეგმავდა სასამართლოში სარჩელის შეტანას.

მიუხედავად ამისა, „ცენტრისტების“ გაუქმების მოთხოვნით სარჩელები საკონსტიტუციო სასამართლოში მაინც შევა. სარჩელს ამზადებენ „რესპუბლიკური პარტია“ და არასამთავრობო ორგანიზაციები.

პარტია „ცენტრისტები“ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა თემურ ხაჩიშვილმა დააფუძნა. პარტიამ საკუთარ თავზე ხმამაღლა განაცხადა ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების წინ, მას შემდეგ, რაც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ქართულ საპატიმროებში წამების ამსახველი კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე გახდა. ამ კადრებმა დიდი გავლენა მოახდინა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგზე.

ბედუკაძემ, რომელიც პატიმრების წამებაში თავად მონაწილეობდა, საქართველო დატოვა. მასზე ინტერპოლით ძებნა იყო გამოცხადებული. ის სამშობლოში 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაბრუნდა და პატიმრების წამების შესახებ მრავალ საქმეზე მისცა ჩვენება.

2013 წლის ივნისში ბედუკაძეს, განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობით ყველა ბრალდება მოუხსნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბედუკაძის გათავისუფლება შეცდომა იყო.

33