მიხეილ სააკაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციამ სააკაშვილის დაპირებებს საშიში უწოდა

32
(განახლებულია 19:16 04.08.2016)
მანამდე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ექს-პრეზიდენტს კანონის დარღვევაში დასდო ბრალი და მისი დაჯარიმება მოითხოვა.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ავტორიტეტულმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კვლავ გააკრიტიკა.

მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციამ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას სააკაშვილის დაჯარიმების თხოვნით მიმართა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჯარიმით მას ვერ შეაშინებენ. საქმე ეხება ბათუმში „ნაცმოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას მისი ვიდეომიმართვის ტრანსლირებას. კანონით, უცხოეთის მოქალაქეს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არა აქვს.

„კანონის უზენაესობის მიმართ ამგვარი მიდგომის წახალისება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან საშიში გზავნილის შემცველია მისი მხარდამჭერებისა და ზოგადად საზოგადოების მისამართით. შესაბამისად, ყველას, განსაკუთრებით კი ყოფილ პრეზიდენტს მეტი პასუხისმგებლობა მართებს საჯარო განცხადებების გაკეთებისას“, — აღნიშნულია საია-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ კომენტარებში.

როგორც მანამდე სააკაშვილმა აღნიშნა, ის გაკვირვებულია, რომ საია-ს იმდენი დრო და რესურსი აქვს, გააანალიზოს მისი გამოსვლები და მიმართვები იმ დროს, როდესაც საქართველოში „ყოველი ფეხის ნაბიჯზე ირღვევა ადამიანის უფლებები, აშინებენ მოსამართლეებს და ატერორებენ მოსახლეობას“.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ექს-პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასეს, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციის მანდატის არაპირდაპირი შეზღუდვა და მისი გაჩუმების მცდელობა, რაც დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მიუღებელია.

„შევახსენებთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს – იმოქმედოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპით და სათანადო რეაგირება მოახდინოს ყველა კანონდარღვევის ფაქტზე, განურჩევლად იმისა, თუ ვის მიერ არის ეს დარღვევა ჩადენილი“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ის გარემოება, რომ ქვეყანაში ხდება სხვა კანონდარღვევები თუ უფლებადარღვევები, არ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებსა თუ პოლიტიკოსებს აქვთ უფლება, ასევე დაარღვიონ კანონმდებლობა იმ არგუმენტით, რომ მათ მიერ ჩადენილი გადაცდომა შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს სხვა პირთა მიერ ჩადენილ დარღვევებთან შედარებით, აღნიშნეს საია-ში.

32