ქართული ოცნება

„ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულობის სახით ერთ თვეში 2,1 მლნ ლარზე მეტი მიიღო

32
(განახლებულია 16:40 04.08.2016)
საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე პარტიებმა დაახლოებით 3,5 მლნ ლარის შემოწირულობა მიიღეს.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ შემოწირულობების მოცულობით ლიდერია — ერთ თვეში მან 2,1 მლნ ლარზე მეტი მიიღო.

სულ პარტიებმა ივლისის თვეში დაახლოებით 3,5 მლნ ლარი მიიღეს, აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე.

შემოწირულობების მოცულობით მეორე ადგილზეა მეცენატისა და საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის პარტია „მოძრაობა — სახელმწიფო ხალხისთვის“. მან 621 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო.

შემდეგ მოდის იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ვაშაძის „სამოქალაქო პლატფორმა — ახალი საქართველო“, რომლისთვის შემოწირულობის სახით ჩარიცხული თანხა 208 ათას ლარს შეადგენს.

ირაკლი ალასიანიას პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“ თითქმის 196 ათასი ლარი გადაურიცხეს. ოდნავ ნაკლები მიიღო ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსმა“ — თითქმის 185 ათასი ლარი.

პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“ შემოწირულობის თანხამ ივლისის თვეში 104 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო „ნაცმოძრაობის“ — თითქმის 9,6 ათასი ლარი.

შემდეგ მოდიან „ლეიბორისტული პარტია“ – 2 ათასი ლარი, „მემარცხენეთა ალიანსი“ – 500 ლარი, „რესპუბლიკური პარტია“ – 429 ლარი.

ივლისის თვეში ყველაზე მცირე შემოწირულობა მიიღეს კახა კუკავას „თავისუფალმა საქართველომ“ – 40 ლარი და ბაჩუკი ქარდავას „ნაციონალურ-დემოკრატიულმა პარტიამ — 51 ლარი.

32