საბჭოთა კავშირის გერბი

სუს-ი: საქართველოში კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენება აკრძალულია

74
(განახლებულია 14:48 04.08.2016)
მოძრაობა „სოციალისტურმა საქართველომ“ თელავში ხუთშაბათს ღონისძიება დაგეგმა.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) მოძრაობა „სოციალისტური საქართველოს“ დამფუძნებელი ვალერი კვარაცხელია  კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენების აკრძალვის შესახებ გააფრთხილა, აღნიშნულია უწყების „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გასულ კვირას ბათუმში მოძრაობის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა, სადაც გამოფინეს საბჭოთა კავშირის დროშა, სტალინის პორტრეტი და დაუკრეს საბჭოთა კავშირის ჰიმნი.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებულმა, საქართველოს კანონით „თავისუფლების ქარტია“ განსაზღვრულმა კომისიამ წერილობით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 4 აგვისტოს ქალაქ თელავში ააიპ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სადაც ორგანიზაციის მხრიდან შესაძლოა გამოყენებული იქნეს კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა“, — აღნიშნულია განცხადებაში. 

კომისიამ თხოვნით მიმართა შსს-ს, მიიღოს ზომები ტოტალიტარული კომუნიზმის იდეოლოგიის საფუძვლების დანერგვის წინააღმდეგ.

კომისიამ ასევე წერილით მიმართა ვალერი კვარაცხელიას და შეახსენა, რომ „თავისუფლების ქარტიის“ თანახმად, აკრძალულია საჯარო ღონისძიებების დროს კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენება და ამ ქმედებებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა არსებობს.

კვარაცხელია პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერია.

 „თავისუფლების ქარტია“ საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლებისთვის, კომპარტიისა და კომკავშირის ყოფილი თანამდებობის პირებისთვის შეზღუდვებს აწესებს, კრძალავს საზოგადოებრივ ადგილებში ფაშისტური და კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენებას, ადგენს კონტროლს საზღვარგარეთიდან ფინანსურ ნაკადებზე.

საქართველოს პარლამენტმა „თავისუფლების ქარტია“, თითქმის ერთწლიანი განხილვის შემდეგ, 2011 წლის მაისის ბოლოს დაამტკიცა.

74