გიორგი მარგველაშვილი და მარტინ შულცი

მარგველაშვილი: საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერა და თანადგომა მნიშვნელოვანია

19
(განახლებულია 19:20 07.06.2016)
მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო აფასებს ევროპარლამენტის და პირადად მარტინ შულცის მხარდაჭერას ევროპულ არჩევანთან და პერსპექტივასთან დაკავშირებით.

თბილისი, 7 ივნისი  – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროპის პარლამენტის პრეზიდენტთან მარტინ შულცთან შეხვედრა გამართა, იუწყება პერზიდენტის ადმინისტრაცია.

შეხვედრისას მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი მიმოიხილეს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველო აფასებს ევროპარლამენტის და პირადად მარტინ შულცის მხარდაჭერას ევროპული არჩევანის და პერსპექტივის მიმართ.

„საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერა და თანადგომა მნიშვნელოვანი იყო, რათა გადამწყვეტი რეფორმები შეგვესრულებინა ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგში. გამოვთქვამთ იმედს, რომ ევროპარლამენტი კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ევროკავშირში პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრირების პროცესში", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ევროკავშირის ქვეყნების დელეგაციებმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე 2 ივნისს იმსჯელეს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება გადადეს. ევროპელი დიპლომატები საკითხის განხილვას მომდევნო კვირაში დაუბრუნდებიან.

როგორც ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, მარტინ შულცმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტში ერთიანობაა და ბოლოდროინდელ ვიზიტებზე და შეხვედრებზე განხილვების შედეგად ევროპარლამენტი და მისი კომიტეტები შეეცდებიან დააჩქარონ ეს პროცესი, რათა პროცედურები სწრაფად დასრულდეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და ხაზი გაესვა პოლიტიკური პარტიებისთვის ხანგრძლივი წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელობას.

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში სტრასბურგიდან ჩავიდა, სადაც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა.

19