გიორგი მარგველაშვილი სტრასბურგში

გიორგი მარგველაშვილმა სტრასბურგში შეხვედრები გამართა

25
(განახლებულია 16:58 07.06.2016)
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის მაღალჩინოსნებს შეხვდა და მათთან საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი განიხილა.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. სტრასბურგში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელს მარია გაბრიელს შეხვდა.

„ახლა ჩვენ საბოლოოდ ვაყალიბებთ პოზიციებს. ჩემი ანგარიშის პროექტი სრულდება და ძალიან მალე სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში წარვადგენ ჩემს მოხსენებას… ძალიან კარგი ფონია ჩვენი დიალოგის გასაძლიერებლად. ასე რომ, როდესაც ვსაუბრობთ ვიზაზე, ეს ჩვენი პარტნიორობის მხოლოდ ერთი საფეხურია“, — ციტირებს მარია გაბრიელის სიტყვებს სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაცია.

მარგველაშვილმა და გაბრიელმა ასევე ისაუბრეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც საქართველოში ოქტომბერში გაიმართება, და წინასაარჩევნო პერიოდზე. 

საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხი მარგველაშვილმა ევროპის „სახალხო პარტიის“ ვიცე–პრეზიდენტთან იაცეკ სარიუშ–ვოლსკისთან, პარტიის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორ ქრისტიან დენ პრედასა და ფრაქციის თავმჯდომარესთან მანფრედ ვებერთან შეხვედრაზეც წამოჭრა.


მანამდე გიორგი მარგველაშვილს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ტურბიორნ იაგლანდთან ჰქონდა შეხვედრა, რა დროსაც მხარეებმა სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხზე ისაუბრეს.

სტრასბურგში ვიზიტის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ნატოს ხელმძღვანელობას შეხვდება. ეს იქნება ბოლო შეხვედრა ალიანსის ვარშავის სამიტის წინ, რომლისგანაც საქართველო ქვეყნის ნატოსკენ სწრაფვის გზაზე პროგრესის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას ელოდება.

25