თეა წულუკიანი

წულუკიანი წუხს, რომ ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილება იგვიანებს

12
(განახლებულია 15:42 07.06.2016)
ქართული მხარე იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უკვე ამ ზაფხულს შეძლებენ უვიზოდ მიმოსვლას.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წუხს, რომ იგვიანებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე.

„სამწუხაროა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იგვიანებს, თუმცა ჩვენ მაინც ვართ ოპტიმისტურად განწყობილი, ბევრი არაფერი შეგვიძლია, ამ ეტაპზე რაც შეგვეძლო, ყველაფერი გაკეთდა. ახალ უკვე დიდმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ჩვენ პოლიტიკურ დონეზეც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ გავუადვილოთ ამ გადაწყვეტილებას მიღება, მაგრამ ვართ კმაყოფილი იმით, რომ არავის მივეცით მიზეზი ეთქვა, რომ რომელიმე რეფორმა არ განხორციელდა“, — განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2"–ის ეთერში.   

 
ამასთან, იუსტიციის მინისტრი კმაყოფილია იმით, რომ საქართველომ ყველა ის რეფორმა გაატარა, რომლებიც ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციისთვის იყო საჭირო, რითიც ყველას მოუსპო ქვეყნისთვის საყვედურის თქმის შესაძლებლობა ამა თუ იმ ცვლილების განუხორციელებლობის გამო.

უცხოეთის საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინააღმდეგ ევროკავშირის ორი სახელმწიფო – საფრანგეთი და გერმანია გამოდიან. თუმცა ცოტა ხნის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას ჩვენი ქვეყნისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხში.

12