ანგელა მერკელი

კვირიკაშვილსა და მერკელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

18
(განახლებულია 15:22 07.06.2016)
საქართველოს მთავრობის მეთაური გერმანიას ეწვევა, რათა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის საკითხი განიხილოს.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე ისაუბრა.

ევროკავშირის ქვეყნების დელეგაციებმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე 2 ივნისს იმსჯელეს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება გადადეს. ევროპელი დიპლომატები საკითხის განხილვას მომდევნო კვირაში დაუბრუნდებიან.

„ორი ქვეყნის ლიდერის საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია იყო. პრემიერ-მინისტრმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით და დროულად დასრულების მნიშვნელობას. ამ და სხვა საკითხებს ქართული და გერმანული მხარეები გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ“, — ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით, გერმანია, საფრანგეთთან ერთად, ევროკავშირის ის ქვეყანაა, რომელიც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების წინააღმდეგ გამოდის. ეს საკითხი უკვე გატანილია განსახილველად  ევროპარლამენტში. მის ძალაში შესასვლელად ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო.

18