პოლიციელი

სპეცსამსახურებმა საქართველოს 40 მოქალაქეს ტერორისტებთან გამგზავრებაში შეუშალეს ხელი

36
„ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად ერაყსა და სირიაში საქართველოს 50-მდე მოქალაქე წავიდა. თვითონ საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებთან კავშირისთვის ოთხი ადამიანი გაასამართლეს, ხოლო ხუთის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა 2015 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით ერაყსა და სირიაში ქვეყნის 40 მოქალაქის წასვლა აღკვეთეს, ნათქვამია უწყების ანგარიშში.

მარტში ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირისთვის საქართველოს ოთხი მოქალაქე გაასმაართლეს, ხუთის მიმართ კი გამოძიება მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს (სუს-ი) მონაცემებით, დღეის მდგომარეობით ერაყსა და სირიაში ტერორისტულ საქმიანობაში საქართველოს 50 მოქალაქე მონაწილეობს.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს სუს-ი, ქვეყნის ანტიტერორისტული შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს აშშ-თან, გერმანიასთან, ისრაელთან და დიდ ბრიტანეთთან.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ტერორისტული შეტევების მაღალი რისკის ქვეყნების რიცხვში არაა, ამ მიმართულებით გარკვეული გამოწვევები არსებობს. „ისლამურმა სახელმწიფომ“ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში მომხრეთა გარკვეული რაოდენობა შეიძინა.

ისლამისტური იდეოლოგიის გამავრცელებლები მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის ცნობიერების დაბალ დონეს თავის სასარგებლოდ იყენებენ, აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, სუს-ი იუწყება, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ძირითად საფრთხეს „ისლამური სახელმწიფო“ წარმოადგენს, საბჭოს თანამშრომლები შესაძლო საფრთხეებს სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდანაც განიხილავენ.

საქართველოსთვის საკუთარ ტერიტორიაზე ნებისმიერი ტერორისტული საქმიანობის პრევენცია და აღკვეთა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სუს-ის მთავარი ამოცანა ქვეყანაში ტერორისტული რისკების შემცირება, ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისგან მოქალაქეების დაცვა წარმოადგენს, აღნიშნულია ანგარიშში.

ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ საქართველოში გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე, ასევე გამკაცრდა კონტროლი საზღვრებსა და აეროპორტებში.

36