ეკა ბესელია

საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის სრულფასოვანი გამოძიების იმედი აქვს

9
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას ობიექტური და სრულფასოვანი გამოძიების იმედი აქვს.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ 2008 წელს საქართველოში შესაძლო სამხედრო დანაშაულები ობიექტურად იყოს გამოძიებული, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ოთხშაბათს გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა. საქართველომ სარჩელი სასამართლოში 2008 წელს შეიტანა, სადაც რუსეთს თავის ტერიტორიაზე სამხედრო დანაშაულების ჩადენაში დასდო ბრალი. 

„გადაწყვეტილება (გამოძიების დაწყების), ალბათ, მოულოდნელი არ ყოფილა. ამ გადაწყვეტილებას საკითხის საკმაოდ ხანგრძლივი შესწავლა უძღოდა წინ. ეს, ალბათ, ყველაზე სკრუპულოზური და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ გამოძიება ობიექტურად და სრულფასოვნად ჩატარდეს“, — განუცხადა ბესელიამ ჟურნალისტებს ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

უფრო ადრე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთს 2008 წელს საქართველოში სამხედრო დანაშაულების გამოძიების მასალები მოსთხოვა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო სისხლის სამართლის იუსტიციის პირველი მუდმივი საერთაშორისო ორგანოა, რომლის კომპეტენციაშიც შედის იმ პირთა დევნა, ვინც პასუხისმგებელია გენოციდზე, სამხედრო დანაშაულზე, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულსა და აგრესიაზე. სასამართლო 1998 წელს დაფუძნდა რომის დიპლომატიურ კონფერენციაზე მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც რომის სტატუტის სახელწოდებითაა ცნობილი. სტატუტი ძალაში 2002 წელს შევიდა. რუსეთმა საერთაშორისო ხელშეკრულებას ხელი მის ძალაში შესვლამდე ორი წლით ადრე, 2000 წელს მოაწერა, თუმცა დღემდე არ მოუხდენია რატიფიკაცია. ამგვარად, რუსეთზე, ისევე როგორც აშშ–ზე, ჩინეთზე, უკრაინასა და რიგ სხვა ქვეყნებზე საერთაშორისო მართლმსაჯულების იურისდიქცია არ ვრცელდება. 


9