სიტუაცია სირიაში

ტრაგედიის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი საკუთარი თავის მოტყუებაა

61
(განახლებულია 09:04 21.11.2015)

 თამაზ ჩიქვანაია

 კაცობრიობის ისტორია ერთი დიდი ტრაგიკომედიაა, რომლის ფონზეც თაობები იცვლებიან, მაგრამ არ იცვლება არსი, რადგან დაპირისპირების თვისება ადამიანის ბუნებაშია ჩადებული. სადღაც წამიკითხავს, ტრაგედია ჭკუის სწავლების საუკეთესო საშუალებააო, საუბედუროდ ამას მასობრივი ხასიათი არ აქვს და ვცხოვრობთ ასე, ერთი ტრაგედიიდან მეორემდე. XXI საუკუნის მთავარ ბოროტებად ტერორიზმი იქცა. მეფისტოფელის ტრაგედია გამახსენდა, საინტერესოა, სად პოულობენ შავბნელი აზრის მატარებელი ადამიანები ეშმაკს, რომელიც სიამოვნებით ყიდულობს მათ სულებს და საყოველთაო სიავეს აფინანსებს. დღესავით ნათელია, რომ ტერორისტულ ორგანიზაციას დიდი კაპიტალი სჭირდება, მით უმეტეს, როცა მათი მოქმედების არეალი მთელი მსოფლიოა. 

 არავისთვისააა დამალული ალქაიდას მილიარდების წარმომავლობა, თავის დროზე უსამა ბინ ლადენის მამამ ჯორჯ ბუშ უფროსთან ერთობლივ ბიზნესში დიდძალი ფული დააგროვა; უეჭველია, ახლაც, ამ გაუგებარი სახელმწიფოს უკან შეძლებულ ადამიანთა ჯგუფი ან (ღმერთო, დაგვიფარე!) სულაც რომელიმე ბობოლა სახელმწიფო დგას და შორიდან აკვირდება ადამიანთა ტანჯვა-ვაებას. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მომხდარი ტრაგედიაა, როცა მას ახლოდან უყურებ, მაშინ როცა შორიდან მომზირალისთვის ის უკვე კომედიაა. პარიზში, კენიაში, სირიაში მომხდარი ფაქტები საზარელი რეალობაა, რომელზეც ვიღაც-ვიღაცები ხელს ითბობენ და საკუთარ ავადმყოფურ ფანტაზიას იკმაყოფილებენ.

 რა თქმა უნდა, ჭრილობას დაამება სჭირდება, ადამიანს — თანადგომა, სიკეთეს — გაფრთხილება, დამნაშავეს კი —დასჯა, მაგრამ არა ისე, როგორც დღეს ხდება: ათი ტერორისტის სალიკვიდაციოდ ასი უდანაშაულო რომ ზარალდება და ერთ უბედურებას ახალი ცრემლი და სისხლი მოჰყვება. არა იმიტომ, რომ დანარჩენ სამყაროს დაანახოს: აი, რა მაგარი ვარ, ჩემი ასი თანამოქალაქის გამო შური ვიძიე და ტერორისტებს საკადრისი მივუზღეო. არ არის ეს სათანადო პასუხი, უფრო ზუსტად,  ბრძნული პასუხი.

  სირიაში, კენიაში, ლიბანში, პარიზში დაღვრილი უდანაშაულო ადამიანთა სისხლის საფასური ბოროტების სათავის პოვნა და გაუვნებელყოფა უფრო მგონია, რათა სხვა მომავალ მსხვერპლთა სიცოცხლე დაიცვათ, ვიდრე ნავთობით დატვირთული ათი ავტომანქანის აფეთქება და ვინ იცის, კიდევ რამდენი უდანაშაულოდ დაღვრილი სისხლი.

 დათა თუთაშხიასი არ იყოს: ეს ჩვენი სამყარო ერთი დიდი ბოსტანია, რომელსაც გვარიანი გამარგვლა სჭირდება, მზრუნველ მებაღეს კი, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ.

  არადა, მეფისტოფელები ყველა საუკუნეში იბადებიან და სულებზე მონადირენიც სარეველა ბალახივით მრავლდებიან…

 

 

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

 

61