დავით უსუფაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკოსებს მოუწოდებს

2
პოლიტიკოსებმა უარი უნდა თქვან ნებისმიერი სახის ძალადობის პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოწოდებაზე და ასევე გამართლებაზე, ნათქვამია დავით უსუფაშვილის განცხადებაში.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ყველა პოლიტიკოსმა უარი უნდა თქვას ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების მოწოდებაზე, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებაში, რომელიც ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს გავრცელდა.

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გასულ უქმეებზე გავრცელებულ წამების ამსახველ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარისას განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრები ქართველი ხალხის მხრიდან დასჯას იმსახურებენ.

„ყველა პოლიტიკოსმა, ხელისუფლებაში მყოფმა თუ ოპოზიციონერმა, ცალსახად და უპირობოდ უარი უნდა თქვას ნებისმიერი სახის ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოწოდებაზე თუ გამართლებაზე“, – ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდეზე გამოქვეყნებულ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.

დავით უსუფაშვილის განმარტებით, აღნიშნული სტანდარტების დაკმაყოფილება პოლიტიკოსებთან თანამშრომლობის წინაპირობა იქნება.

„მომავალში ამ მინიმალისტური სტანდარტების დაკმაყოფილება აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერ პოლიტიკოსთან ჩემი მხრიდან თანამშრომლობის ან დიალოგის გაგრძელებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პრემიერის გამოსვლა ქვეყანაში ვითარების განწვავებას უწყობს ხელს.

გასულ უქმეებზე ინტერნეტში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც წამებისა და გაუპატიურების კადრებია ასახული. როგორც დადგინდა, ეს ყველაფერი 2011 წელს ჩაიდინეს პოლიციის მაღალჩინოსნებმა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეები, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიკვიდაციის მოთხოვნით, მეოთხე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ.

„ციხის სკანდალიდან“ სამი წლის შემდეგ ეს ვიდეოჩანაწერის გავრცელების პირველი შემთხვევაა. ვიდეოში ჩანს, პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს როგორ არაადამიანურად ეპყრობიან.

დროებითმა კომისიამ, რომელიც უკანონო მოსმენებისა და ფარული ვიდეოჩანაწერების საკითხებზე მუშაობდა, უარი თქვა ჩანაწერების უმეტესი ნაწილის განადგურებაზე, რათა გამოძიება სრულფასოვნად ჩატარდებულიყო და ყველა დამნაშავეს ჩადენილის გამო პასუხი ეგო, აღნიშნა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, რომელიც კომისიის წევრი იყო.

სამუშაოს ჩატარების შემდეგ, 2014 წლის 31 იანვარს კომისიამ ანგარიში გამოაქვეყნდა და შესაბამის უწყებებს ეფექტური გამოძიების ჩატარების რეკომენდაციები მისცა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ უქმეებზე გავრცელებული კადრები 2011 წელს არის გადაღებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე დამნაშავედ 11 ადამიანი უკვე ცნო, მათ შორის შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნები.

 


2