Ираклий Гарибашвили

ღარიბაშვილი: მედიასივრცე ტყუილითაა გაჯერებული

12
(განახლებულია 13:28 22.10.2015)
პრემიერის თქმით "სააკაშვილის მეთოდებით" მოქმედება "ქართული ოცნების" ინტერესებში არ შედის

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ დღეს საქართველოში მედიასივრცე ტყუილითაა გაჯერებული. ამის შესახებ განცხადება პრემიერმა 22 ოქტომბერს, ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა, რუსთავი2-ის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის კომენტირებისას. 

მისი თქმით, "სააკაშვილის მეთოდებით" მოქმედება "ქართული ოცნების" ინტერესებში არ შედის. 

 "ეს არ არის ჩვენს ინტერესებში. ჩვენ ეს არ გვჭირდება, რადგან ჩვენ არ ვართ ჩართული "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ პროცესებში. ჩვენ რომ ასეთი, ანუ სააკაშვილის მეთოდებით გვინდოდეს მართვა, ვარწმუნებ ყველას, ამდენი დრო არ დაგვჭირდებოდა და გაცილებით ადრე წაერთმეოდათ ამ ადამიანებს ყველანაირი უფლება — საუბრის, გამოხატვის და ა.შ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ დააფასონ ის დემოკრატიული სივრცე და გარემო, რომელიც ჩვენ შევქმენით და უზრუნველყავით ყველასთვის, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ შეხედულებისა", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 პრემიერმა,მოუწოდა ყველას,  ნუ შეიყვანენ შეცდომაში საზოგადოებას:

"ჩვენ დავაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს იგივე "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით. მოვუწოდებ ყველას, საზოგადოებას ნუ შევიყვანთ შეცდომაში და ნუ დავაბნევთ არასწორი აქცენტების გაკეთებით. ამაში მთავრობის როლიც განსაკუთრებელია — მინისტრებს გაქვთ ყველანაირი უნარი, რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, დღეს მედიასივრცე გაჯერებულია მხოლოდ ტყუილით. ჩვენი როლი აქ არის გამოკვეთილი და ჩვენ პროაქტიურ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ საზოგადოებასთან კომუნიკაცია", — მიმართა მთავრობის მეთაურმა მინისტრებს.

 

12