ნატო არ ეთანხმება რუსეთის კრიტიკას საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრთან დაკავშირებით

© Ministry of Defence of Georgiaჯეიმს აპატურაი
ჯეიმს აპატურაი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ნატოს სასწავლო–საწვრთნელი ცენტრი გახსნეს.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნა არ არის პროვოკაციული, იტყობინება სააგენტო Bloomberg პოლიტიკურ საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწე ჯეიმს აპატურაიზე დაყრდნობით. 

 მანამდე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნას, რუსეთის ფედერაცია ალიანსის პროვოკაციულ ნაბიჯად და სერიოზული დესტაბილიზაციის ფაქტორად აფასებს.

 თბილისში შემდგარი ინტერვიუს მსვლელობისას, აპატურაიმ განაცხადა, რომ არ ეთანხმება რუსეთის ფედერაციის კრიტიკას საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ ეს ცენტრი ხელს შეუწყობს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას რეგიონში. 

 ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს, 27 აგვისტოს საქართველოში ნატოს სასწავლო–საწვრთნელი ცენტრი გახსნეს. 

 გახსნის ცერემონია „კრწანისის“ ეროვნული სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები,  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლები და ქართველი სამხედრო მოსამსახურეები. 

 სასწავლო ცენტრი საქართველოს ალიანსის წევრობისაკენ სწრაფვის მხარდაჭერის ზომების პაკეტის ჩარჩოებში გაიხსნა, რომელიც 2014 წლის სექტემბერში ნატოს უელსის სამიტის ფარგლებში დამტკიცდა.

 საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის ”პარტნიორობა მშვიდობისთვის”(PfP — Parntnership for Peace) მონაწილე გახდა. ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაა დასახელებული.


ყველა ახალი ამბავი
0