საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გასაგებია მოსკოვის რეაქცია მოხსენებაზე

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინგლისურ ენაზე გაკეთებული მოხსენების მიზანი საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება იყო.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა, რომ რუსეთის რეაქცია სამინისტროს ყოველკვარტალურ მოხსენებაზე, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა მხრივ არსებულ ვითარებას შეეხება, გასაგებია. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვება აუცილებელია. 

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჟენევაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის „მოხსენების ტონალობას დაუდარაჯდა“, რომელიც იმგვარადაა შედგენილი, რომ მასში „იოლად იკითხება რევანშიზმის იდეისკენ შეტრიალება“. მისი თქმით, ეს საკითხი ოთხშაბათს, 1 ივილსს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დროს იქნება განხილული.

„მათი აღშფოთება სხვაგვარია, როდესაც ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას სიმართლეს ვეუბნებით. ეს დოკუმენტი საერთაშორისო თანამეგობრობამ ძალზე სერიოზულად აღიქვა, ვინაიდან ის რეგიონში არსებულ ვითარებას ნათელს ჰფენს. რადგან რუსეთი ასეთი აღშფოთებულია, სწორედ ამიტომ ვითხოვთ იქ საერთაშორისო ორგანიზაციების შეშვებას, თორემ ეს ტერიტორიები შავი ხვრელია“, – განცხადა დონდუამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოხსენების პრეზენტაცია, რომელიც 2015 წლის იანვარ-მარტის პერიოდს მოიცავს, 1 ივნისს გაიმართა. დოკუმენტი სხვა სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად მომზადდა. იგი ღია და საჯარო წყაროებს ეფუძნება.  ინგლისურ ენაზე გაკეთებული მოხსენების მიზანი საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება იყო. 

მოხსენების თანახმად, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გამუდმებით ირღვევა ადამიანის უფლებები, რაც წამებებსა და ადამიანებისადმი არასათანადო მოპყრობაში, გატაცებებსა და უკანონო დაპატიმრებებში გამოიხატება. ასევე მასობრივად ირღვევა საკუთრების უფლება. 

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების ერთადერთი ფორმატია, რომლის ფარგლებშიც, 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე, განიხილება ძალის არგამოყენების ვალდებულების აღების საკითხები, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ჩამოყალიბება და ლტოლვილთა დაბრუნება საკუთარ სახლებში.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვის მიერ 2008 წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობა, რომელიც 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას ასახელებს, თუმცა არა ტერიტორიული მთლიანობის დათმობის ფასად.

 


ყველა ახალი ამბავი
0