დეპუტატებმა მარიხუანის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტი ნაწილობრივ მოიწონეს

© photo: Sputnik / Олег Ласточкин / გადასვლა მედიაბანკშიმარიხუანა
მარიხუანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული პატიმრობის 30-დან 15 დღემდე ვადით და ჯარიმის ოდენობის – მარიხუანის და კანაფის შემთხვევაში – 500-დან (222 აშშ დოლარი) 100 ლარამდე (დაახლოებით 44,4 აშშ დოლარი) შემცირებას.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ოპოზიციონერი დეპუტატის გოგა ხაჩიძის ინიციატივას მარიხუანის და კანაფის დეკრიმინალიზაციის, ასევე მათი მცირე რაოდენობით მოხმარებისთვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, ნაწილობრივ დაუჭირა მხარი.

კანონპროექტთან დაკავშირებულ დისკუსიაში დეპუტატებთან ერთად მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ნარკოლოგიის სფეროს ექსპერტები, აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 45–ე მუხლში შესატან ცვლილებებს (მცირე მოცულობის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა ან შენახვა საკუთარი მოხმარებისთვის). კერძოდ, საუბარია ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის 30-დან 15 დღემდე და ჯარიმის ოდენობის – მარიხუანის და კანაფის შემთხვევაში – 500-დან (222 აშშ დოლარი) 100 ლარამდე (დაახლოებით 44,4 აშშ დოლარი) შემცირებაზე. 

დეპუტატებს არ მოეწონათ მარიხუანის დეკრიმინალიზაციის იდეა, რომელიც  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლშია გათვალისწინებული (პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული ან დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ). 

კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსის“ შემოთავაზებული კანონპროექტის ალტერნატიულ ვარიანტს დაუჭირა მხარი, რომელიც არასაპატიმრო სანქციების დაწესებას შეეხებოდა.


ყველა ახალი ამბავი
0