თბილისი

აშშ–ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი ქართველ ოპოზიციონერებს შეხვდა

22
(განახლებულია 21:53 17.05.2015)
სამშაბათს საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ჩარლზ კაპჩანმა საქართველოს პრემიერ­–მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა მოლაპარაკება.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. აშშ–ის ეროვნული  უშიშროების საბჭოს ევროპის ბიუროს დირექტორი, პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე ჩარლზ კაპჩანი (Charles A. Kupchan)სამშაბათს, 12 მაისს თბილისში საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა.  .  

 „ჩვენ განვიხილეთ საარჩევნო გარემო, საარჩევნო სისტემის რეფორმა. ასევე შევეხეთ უსაფრთხოების საკითხებსაც“, – განაცხადა პარტია „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ.

 მისი თქმით, შემდგომ  წლებში დაგეგმილია ამერიკა–საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება. 

 ჩარლზ კაპჩანი ასევე შეხვდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსაც.

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს და ეს მხოლოდ ზოგადპოლიტიკური თემა არ გახლავთ. ამ ქვეყანაში თითოეული ოჯახის კეთილდღეობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია ჩვენს დასავლურ კურსსა და ვექტორზე, მით უმეტეს, როცა ვხედავთ, რაოდენ აქტიურად მუშაობს რუსეთი დღეს საქართველოში“, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ. 

 „ეს ყველაფერი ჩვენ უკან, ჭაობში გვექაჩება, რომელშიც  90­–იან წლებში ვიყავით და უკან არდაბრუნების ერთ–­ერთი წინაპირობა – ეს არის უფრო აქტიური თანამშრომლობა ჩვენ  დასავლელ კოლეგებთან, უპირველესად კი, აშშ­–თან“, ­აღნიშნა ბაქრაძემ.

 სამშაბათს,  საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე  ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა საქართველოს პრემიერ­–მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა მოლაპარაკება.

 


 

22