ვაჟა-ფშაველა

სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია

65
(განახლებულია 15:01 14.07.2021)
დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი... დამონებული ერი მუდამ ბეჩავია შინაურობაში და რა თქმა უნდა ბეჩავი და სუსტი გარეშე მტერთან საბრძოლველად.

დღეს გენიალური ქართველი შემოქმედის, ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეა. „აზრების ფოიერვერკი" გთავაზობთ ვაჟა–ფშაველას გამონათქვამებს.

გადამწირული ქართველობა და გულის მოსავალი>>

ვაჟა–ფშაველა (ლუკა რაზიკაშვილი, 1861–1915) დიდი ქართველი კლასიკოსი პოეტი, მწერალი. მისი რჩეული ნაწარმოებებია „ალუდა ქეთელაური", „ბახტრიონი", „სტუმარ–მასპინძელი", „გველის–მჭამელი", „ხმელი წიფელი", „შვლის ნუკრის ნაამბობი", „ჩხიკვთა ქორწილი" და სხვა; ესეები და წერილები: „გავზარდოთ ახალთაობა", „გაზვიადებული საკითხავი", „ზოგი რამ ფიქრებიდან", „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი" და სხვ.

გაუნათლებელს ადამიანს არ უყვარს თავისუფლება, არ იბრძვის მის მოსაპოვებლად იმიტომ, რომ მონობაში არის აღზრდილი, მორჩილებას, მოთმინებას არის ჩვეული და თანაც ის სიყვარულს თავისუფლებისადმი აძინებს გულში იმ მოსაზრებით, საწყალს კაცს თავისუფლებას ვინ აღირსებსო, თითქოს ხემწიფის ქალს იყოს შეყვარებული და ვერა ჰბედავს თხოვას, რადგან მისთვის ხელმისაწდომი არაა.

თავისუფლება გამოიხატება ადამიანის ნდომა-მისწრაფებაში; თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთიერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი.

საქართველოში ყოველი კეთილქართული საქმე ფარულად თუ გაკეთდება…

თავისუფლების მტერია ის ადამიანი, ვისაც არ უყვარს თავისი თავი. თავმოყვარეობა ორნაირია: ბრიყვული და გონივრული. ბრიყვული, როცა ადამიანი მარტოდმარტო თავის თავზე ზრუნავს... სხვის უფლება, ადამიანობა შელახოს დაუსჯელად, ხელშეუბრუნებლად. ამისთანა ადამიანი მსგავსია მხეცისა, იგივე მხეცია და მისი თავმოყვარეობა არის მხეცური. მგელიც ასე ფიქრობს, ოღონდ თვითონ გაძღეს და იმის ჭირის ნაცვალი იყოს ათასი სული ცხვარი და ათიათასი. არაფერია მგლის ფიქრით ეს ცოდვა, ეს დანაშაული. თავისუფლება უნდა იყოს საერთო, საყოველთაო და არა საკუთრება რამდენიმე ადამიანისა.

რას თხოულობს თავისუფლება ადამიანისაგან? როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი? – თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავის ყოფაქცევით სხვას არ ჰვნებდეს, მით უმეტეს საზოგადოებას, არამედ მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. თუ ეს პირობა არ იქნება ადამიანისაგან დაცული, მაშინ მისი მოქმედება იქნება ავაზაკური, ვინაიდგან ყოველი ავაზაკი თავისუფლად იქცევა მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის. მაშასადამე, მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, – არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის. ყველა ჩვენგანი ხალხისათვის.

რუსთაველის ცუდი სამსახური და ხომალდი, რომელზეც ღმერთს საჭის ჩამონტაჟება დაავიწყდა>>

ხალხის მმართველნი, რომელნიც ამ უაღრესს უგუნურებას ჰშვებიან და ხალხის მონებად გადაქცევას ცდილობენ, გარდა იმისა, რომ თავიანთ წოდებას ჰხრწნიან ზნეობრივ და ფიზიკურად, ხალხსაც აფუჭებენ. დამონებული ერი მუდამ ბეჩავია შინაურობაში და რა თქმა უნდა ბეჩავი და სუსტი გარეშე მტერთან საბრძოლველად. ამის დამამტკიცებელი მაგალითი დღევანდელი რუსეთია, რომელიც პატარა იაპონიას დაეტაკა და რქები შემოიმტვრია.

მარტო ქონებრივი უზრუნველყოფა არ არის გარანტია, ერმა შეინარჩუნოს თავისუფლება, უკეთუ მას თან არ ახლავს ერის საერთო გონებრივი სიმწიფე, განათლება და ცოდნა.

ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია.

დღეს ქალებიც თხოულობენ მამაკაცებთან თანასწორ უფლებას... მე ამ საკითხზე გაჭიანურებულ პასუხს არ მოგცემ... მე მხოლოდ ამას ვიტყვი: დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. მჯერა, მწამს და ვერც ვერავინ შემაცვლევინებს ამ რწმენას... დედაკაცნი უფრო ლმობიერნი, გრძნობიერნი არიან და დღევანდელი ცხოვრება ყველაზე მეტად რას მოითხოვს, თუ გარდა, ერთის გრძნობისა, რომელსაც ეწოდება შებრალება, შეწყნარება.

სიყვარულიც ომია, ოღონდ იქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება...>>

სარწმუნეობა მე მესმის, როგორც შედეგი ადამიანის გონებრივის, სულიერი განვითარებისა და არა იმათი შუაზე გადალეწა-გადამტვრევისა და დასახიჩრებისა. ძალად შეიძლება მხოლოდ ფორმა შეათავსებინო ადამიანს, ფორმა სარწმუნოებისა, ხოლო ამ საშუალებით მის მართლმორწმუნედ გახდომა ყოვლად შეუძლებელია. დღეს სადა გვაქვს ჩვენ ნამდვილი ეკლესია? მიჩვენეთ თუნდ ერთი რომელიმე კუთხე საქართველოში მთასა, გინა ბარსა, ეკლესია ასრულებდეს ნამდვილს თავის დანიშნულებას? ძალიან ძნელია ამისთანა ეკლესიის პოვნა...

ახალთაობის წესიერად აღზრდისათვის საჭიროა დედაენაზე სწავლება, დრომდის მაინც აუცილებლად, სამშობლოს ისტორიის და ლიტერატურის შესწავლა.

ილიასთანა ადამიანებს სიცოცხლეშივე ძეგლებს უდგამენ უცხოეთში, ხოლო ჩვენ კოცონზე ვწვავთ, ვკლავთ, როგორც ავაზაკებს... საბრალო ჩვენო თავო, საწყალო საქართველოვ!

თავის მარცხს კაცნი ვერ ვიტყვით, ჩქარა ვიუბნებთ სხვისასა.

თუ ვინმეს მართლა უყვარდი და გიღალატა, იცოდე, იგი ამას უშენოდ ვერ შეძლებდა…>>

აზრი სწორი და შრომა მედგარი, ბედნიერების მოსაპოვებლად ერთი სახსარი მხოლოდ ეგ არი.

65
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები (78)
ირმა გორდელაძე

„ჩამოით, ნენა, სოფელში, გააქანეთ ხელი!“ ანუ როცა გურიაში „ტრაქტორი ღმუა“

251
(განახლებულია 19:12 03.08.2021)
გურიაში მას ყველა თუ არა, უკვე ძალიან ბევრი იცნობს. თავისი კუთხის ბუნებას ყველა სამართლიანი გზით და უკომპრომისოდ იცავს. თუნდაც ერთი ასეთი ადამიანი საქართველოს ყველა კუთხეს რომ ჰყავდეს, დამიჯერეთ, ჩვენი საქმე გაცილებით უკეთ იქნებოდა, და არა მარტო ეკოლოგიური თვალსაზრისით.

ირმა გორდელაძეზე მოგახსენებთ. გურიის ულამაზეს სოფელ ლიხაურში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების მერე ისევ თავის სოფელში დაბრუნდა. 26 წელია, რაც ოზურგეთის საჯარო სკოლაში ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას ასწავლის. არის გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკოს" დამაარსებელი. აქტივისტები და გარემოს დამცველები მას გურიის ყველა სოფელში ჰყავს. მოკლედ, თუ ამ კუთხის მოყვარულებს გურიაში ჩასვლა ისევ უხარიათ, ხოლო გურულებს თავისი კუთხის მომავალი ეიმედებათ, ეს მისი დამსახურებაცაა. როცა ეს მხარე რაიმე საშიშროების წინაშე დგება, მისი რეაქცია არასოდეს აყოვნებს და ყველას აგებინებს, რომ უკვე „დაფაცურების დროა!“

ირმა გორდელაძე
ირმა გორდელაძე

- ქალბატონო ირმა, სამართლიანი ბრძოლა და პროტესტი გურულებისთვის უცხო არ არის, ეს გრძნობა ალბათ თქვენც ბავშვობიდან დაგყვათ?

- ასეა, ჩვენში ფირალების სისხლია და უსამართლობას გენეტიკურად ვერ ვეგუებით. მე სოფელ ლიხაურის ერთ დიდ უბანში, ოქროს მუხუროში ვცხოვრობ. ეს სოფელი საყვარელი და გურული კრეატივით სავსე ადამიანებითაა დასახლებული. მთელი ბავშვობა პროტესტის გრძნობა მიჩნდებოდა, როცა ჩემი სოფლის ოღრო-ჩოღრო გზაზე დავდიოდი. ტაქსის მძღოლების წუწუნი – რა წავა იმ დანგრეულ გზაზეო – დღემდე მესმის. მანქანის მოძრაობის დროს გზაზე საშინელი ბუღი დგებოდა. დღესაც შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, როცა გასინსილებული გზიდან გადმოუხვევ და გადმოვდივარ მეცხრამეტე საუკუნის დროინდელ გზაზე, რომელიც ჩვენს უბანში მოდის. უკვე 50 წლის ვარ და უსამართლობის გრძნობა ასეთ დროს ყელში ბურთივით მაწვება ხოლმე. ნახევარი საუკუნეა ჩემი უბანი გზას და წყლის ნორმალურ გაყვანილობას ელოდება. ოქროს მუხურში ოდესმე არც თანამდებობის პირს უცხოვრია, რომ, ორმაგ ფენას ვინ ჩივის, ერთი ფენა გზა მაინც დაეგო.

ირმა გორდელაძე
ირმა გორდელაძე

- თქვენზე ამბობენ, გურიაში ბუნებას იცავს ხმალამოღებულიო. ჩვენს მკითხველსაც მოუყევით ორი სიტყვით თქვენი პროტესტის კონკრეტულ მიზეზზე...

- ბუნებაში არის მდინარეები, რომელიც ხელშეუხებელია და მათზე ქვიშის მოპოვება არ შეიძლება. დღეს კომპანიები, რომლებიც გურიაში ინერტულ მასალას მოიპოვებენ, გურიის მდინარეების მიმართ ვანდალიზმს სჩადიან. შესაბამისი ორგანოები კი, რომელთაც ამ კომპანიების საქმიანობის გაკონტროლება ევალებათ, ამას არ აკეთებენ. ამიტომ ამ საქმეს ჩვენ მოვკიდეთ ხელი. პირდაპირ ვაცხადებ, ადგილობრივი მდინარეების გარეშე გურიას გაუდაბნოების საფრთხე ემუქრება. ვინც გურულია ან ლიხაურში ხშირად ამოდის დასასვენებლად, კარგად იცის, რომ მდინარე აჭისწყალი ორი სოფლის საარსებო წყალია. ის თუ გაქრება, აქ არც ნიადაგი იქნება, ვერც მცენარე იხარებს და აღარც ჰაერი იქნება. ამიტომ ყველა, ვინც დღეს ამ მდინარის დასაცავად გამოდის, ამით საკუთარ მომავალს იცავს.

სოფელში ღონისძიებაზე
სოფელში ღონისძიებაზე

- ბევრი ადამიანი გიჭერთ მხარს?

- ადგილობრივები კარგა ხანია გააქტიურდნენ. მდინარის გადასარჩენად 900-მდე ხელმოწერა შეგროვდა. როცა ის კომპანიები არ გაჩერდნენ, სასამართლო პროცესი დავიწყეთ. თავიდანვე გამოვაცხადეთ, რომ თუნდაც წავაგოთ, მაინც არ გავჩერდებით და კიდევ გამოვალთ. გურიაში ჩვენი სამოქალაქო მოძრაობის სლოგანია „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“. ეს მოძრაობა სამი წლის წინ დავიწყეთ, მაშინ, როცა ჩემს სოფელში, უნიკალურ მდინარე აჭისწყლის ხეობაში ქვა-ღორღის მომპოვებელი კომპანიები შემოვიდნენ. მთელი სოფელი ფეხზე დადგა და ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანეთ. აქ არსებული ხუთივე კომპანია ისე წავიდა, რომ ზოგიერთმა წიაღის მოპოვება ვერ შეძლო. მხოლოდ ერთი კომპანია გაგვიძალიანდა და პროტესტით თუ სასამართლო პროცესებით მასაც ვუწევთ წინააღმდეგობას. ასე რომ, ამ კუთხით ყველა მიცნობს. ამას წინათ ერთი მაისური მაჩუქეს ჩემი ფოტოთი და სახალისო თემატური წარწერით – „ტრაქტორი ღმუა“, რომელსაც მხოლოდ საგანგებო სიტუაციების დროს ვიცვამ.

გადაღებაზე
გადაღებაზე

- როდესაც ასეთი საქმეებითაა ცნობილი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ალბათ მის მიერ ჩატარებული გაკვეთილებიც დამაჯერებელი და სარწმუნოა...

- 26 წელია, რაც მშობლიურ სკოლაში ისტორიას და სამოქალაქო განათლებას ვასწავლი. მინდა, რომ მოსწავლეებმა იცოდნენ როგორი ისტორიის და რა საგანძურის მფლობელები ვართ, საიდან მოვდივართ და როგორ უნდა გავუფრთხილდეთ მის დღევანდელ დღეს. როცა ჩემი მოსწავლეები ხედავენ, რომ მათი მასწავლებლის საქმიანობა მარტო სიტყვით არ შემოიფარგლება და სასიკეთო შედეგიც ახლავს, ჩემი გაკვეთილებიც უფრო დამაჯერებელი და, რაც მთავარია, ნაყოფიერია. სხვათა შორის, მე დავაარსე გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკო", რომლის აქტივისტები და გარემოსდამცველები უკვე ყველა ადგილობრივ სოფელში მყავს. როცა დღის წესრიგში ჰესების თემა დადგა, ინტენსიურად დავიწყეთ იმის კვლევა, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას გურიის სიმწვანისა და ბიომრავალფეროვნებისთვის.

ირმა გორდელაძე აქციაზე
ირმა გორდელაძე აქციაზე

- გურულები ოპტიმისტები არიან და ყველაფერში პოზიტივს პოულობენ, ამ კუთხით რას იტყვით?

- მართლაც ასეა. პანდემიის დროშიც დავინახეთ გარკვეული სიკეთე. მაგალითად ის, რომ დღეს სამეზობლოში უკვე ყველას ჰყავს მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველები. ეს ამბავი გულს უხარია, რადგან ასე თუ გაგრძელდა, ქართული სოფლები წელში გაიმართება. მერე საკალანდოდ ისე რავა წახდება გურული, რომ მეზობელს კბილი არ გააკვრევინოს მწვადზე და მარტში შეფუთულ შაშხზე. უკვე დავითვალე და ამ თხილობაზე სოფელში 30 პოტენციური გადასადენი ღორი იქნება.

ირმა გორდელაძე აქციაზე
ირმა გორდელაძე აქციაზე

- ანუ „კაისკენ“ მიდის საქმე?

- ნამდვილად. ოპტიმიზმს და კარგ ამბავს რაც შეეხება, იმასაც ვიტყვი, რომ გურიაში იქმნება ეროვნული პარკი, რომლის დაცული ტერიტორია ბახმარო–გომისმთის რეკრეაციულ ზონას მოიცავს. ყველას მინდა მივმართო, არ დაგვავიწყდეს, რომ სამყაროში პირველი ადამიანი სოფლიდან იყო. კუთხურად გეტყვით: ჩამოით, ნენა, სოფელში, გააქანეთ ხელი. ჰაერი აქაა, ჩრდილი და წყალი ანკარა. სოფელსაც ეშველება, თქვენც და ქვეყანასაც!..

 

251
ძიგორო კანო

ვინც ძიუდოს კარგ მასწავლებელთან შეისწავლის, ის დააფასებს თავის სამშობლოს

140
(განახლებულია 20:28 30.07.2021)
მნიშვნელობა არა აქვს, იქნები თუ არა ვინმეზე უკეთესი, მნიშვნელოვანია, იქნები თუ არა უკეთესი, ვიდრე გუშინ...

აზრების ფოიერვერკი" გთავაზობთ ძიგორო კანოს გამონათქვამებს.

ძიგორო კანო (1860-1938) – საბრძოლო ხელოვნების იაპონელი ოსტატი, ძიუდოს შემქმნელი, კოდოკანის სკოლის დამაარსებელი.

ძიუდოს კოდოკანს სამი მიზანი აქვს: ფიზიკური აღზრდა, ორთაბრძოლისთვის მომზადება და ცნობიერების სრულყოფა.

ვფიქრობ, რომ ვინც ძიუდოს კარგ მასწავლებელთან შეისწავლის, ის დააფასებს თავის სამშობლოს, მის საქმეებსა და ნივთებს, ამაღლდება სულიერად და აღზრდის საკუთარ თავში მამაც, ქმედით ხასიათს.

ყოველთვის უნდა არსებობდეს ერთიანი, ყოვლისმომცველი პრინციპი, რომელიც მთელ სფეროს მართავს. და ეს პრინციპია სულიერი და ფიზიკური ენერგიის ოპტიმალური, უფრო ეფექტური გამოყენება, რომელიც კონკრეტული მიზნის მიღწევაზეა მიმართული.

შეუფარდე შენი შესაძლებლობები მოწინააღმდეგის შესაძლებლობებს.

იცოდე, სად უნდა გაჩერდე.

მხოლოდ ერთი ცოდვა არსებობს – ქურდობა, ყველა სხვა ცოდვა ქურდობის ვარიაციაა...>>

გამარჯვებულს თავში ნუ აგივარდება; დამარცხებული არ მოიდრიკო; ბედნიერებისას არ დაკარგო სიფრთხილე; საშიშ ვითარებაში არ შეგეშინდეს და არჩეული გზით წინსვლა განაგრძე. 

მნიშვნელობა არა აქვს, იქნები თუ არა ვინმეზე უკეთესი. მნიშვნელოვანია, იქნები თუ არა უკეთესი, ვიდრე გუშინ.

თუ გინდათ ნამდვილად ჩაწვდეთ ძიუდოს არსს, დააკვირდით ქალს, რომელიც ვარჯიშობს.

მოიფიქრე დეტალურად, იმოქმედე მტკიცედ.

თუ შვიდჯერ დაეცი, რვაჯერ ადექი.

ძირითადი პრინციპი, საფუძველი, რომელიც ძიუდოს მთელ ტექნიკას მიმართავს, არის სხეულისა და სულის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების პრინციპი. მაგრამ მასში უფრო მეტი რამ იმალება.

ერთი კეთილისმყოფელის სწავლას მრავალზე შეუძლია ზემოქმედება. ის, რაც კარგად აითვისა ერთმა თაობამ, ასობით თაობას გადაეცემა.

თუ ადამიანის შრომა საზოგადოების კეთილდღეობას არ ემსახურება, ამ ადამიანის ცხოვრება ამაოა.
ნებისმიერ წამოწყებაში ინიციატივა შენს ხელში აიღე.

სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია>>

ყურადღებით დააკვირდი საკუთარ თავს და ყოველდღიური ყოფის გარემოებებს, ყურადღებით დააკვირდი სხვა ადამიანებს. ყურადღებით დააკვირდი ყველას ირგვლივ.

იცოდე ზომიერება.

შუალედი დაიცავი სიხარულსა და დათრგუნულობას, თვითგვემასა და სიზარმაცეს, უგუნურ ყოყოჩობასა და საცოდავ სიმხდალეს შორის.

ძიუდო (ძიუ — „რბილი", დო — „გზა") იაპონური ეროვნული ჭიდაობაა, მოდერნიზებული ჯიუ-ჯიცუ. ძიგორო კანომ ჯიუ-ჯიცუდან და სუმოდან შეარჩია ყველაზე ეფექტური ილეთები, დახვეწა თავდაცვის ხერხები და ჭიდაობის ტექნიკა, დაამუშავა შეჯიბრების წესები და ჭიდაობას სპორტული ხასიათი შესძინა. 1882 წელს კანომ გახსნა სპეციალიზებული, ძიუდოს შემსწავლელი სკოლა — კოდოკანი. და სწორედ ეს წელი ითვლება ძიუდოს დაბადების დღედ.

ძიგორო კანომ საინტერესო ცხოვრების გზა განვლო. ის ათი წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა და მისი ოჯახი ტოკიოში გადავიდა საცხოვრებლად. ის უცხო ენებს კარგად ითვისებდა და 15 წლიდან ტოკიოს უცხო ენათა სკოლაში დაიწყო სიარული. 1877 წელს კანომ დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტი, სადაც სწავლობდა ფილოსოფიასა და პოლიტიკურ მეცნიერებებს.

წესიერება, ინტელიგენტურობა, აღზრდა: ღირსება, რომელიც წვრილმანებში ვლინდება>>

ძიგორო კანო სიჭაბუკეში ძალზე სუსტი იყო ფიზიკურად, არ გამოირჩეოდა კარგი აღნაგობით, რაც ხშირად თანატოლების მხრიდან მისი აბუჩად აგდების საბაბი ხდებოდა. კანომ გადაწყვიტა დამოუკიდებლად დაეწყო განვითარება და 17 წლისამ ჯიუ-ჯიცუს ათვისება დაიწყო, რომელიც იმ დროს იაპონიაში იყო გავრცელებული.

ძიგორო კანო
ძიგორო კანო

ძიუდოს ახალი ხელოვნება გავრცელდა მას შემდეგ, რაც კანოს მოსწავლეებმა 1885-1888 წლებში შეჯიბრებებში გაიმარჯვეს ჯიუ-ჯიცუს სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლებზე. ასეთი გამარჯვების წყალობით ძიუდო სწრაფად გახდა პოპულარული.

1907 წელს ძიუდოს სწავლება იაპონიის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დაინერგა, ხოლო შემდეგ გავრცელდა პოლიციასა და ჯარში.

კანო ძალზე მკაცრი მასწავლებელი იყო და დიდ ყურადღებას აქცევდა დისციპლინას. მეორე მხრივ, ის სწავლის საფასურს მხოლოდ ბრინჯითა და ჩაით იღებდა. ის ხშირად თავად უკერავდა თავის მოსწავლეებს სავარჯიშო ტანსაცმელს.

1909 წელს კანო, როგორც იაპონიის ყველაზე გავლენიანი სპორტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1911 წელს მან დააფუძნა იაპონიის სპორტული ასოციაცია და იმავე წელს მის პრეზიდენტად აირჩიეს.

თავისუფლება გზის ბოლოსაა, მანამდეა მოთმინების გზა>>

ძიგორო კანო გარდაიცვალა 1938 წელს ფილტვების ანთებით.

მისი გარდაცვალების შემდეგ ძიუდოს გავრცელების საქმეს მისი ვაჟი რისეი კანო ჩაუდგა სათავეში.

140
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები (78)
ხავსმოდებული ხე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 აგვისტო

0
(განახლებულია 20:59 03.08.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 4 აგვისტოა, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

პოზიტივისა და წარმატებების დღეა. ყველაფერი გამოგვივა. შეგვიძლია რთულ საქმეებთან შეჭიდება, ყურადღება უნდა მივაქციოთ წვრილმანებს – ისინი დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მთვარე ტყუპში საუბრებისკენ გვიბიძგებს. რუტინული და მოსაწყენი საქმეების გაკეთება გაგვიჭირდება, ამიტომ აჯობებს, თუ მათ სამომავლოდ გადავდებთ.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 აგვისტო>>

ვერძი: დროა, რამე ახალი დაიწყოთ, მათ შორის მოლაპარაკებები, დეტალების განხილვა. კარგი იქნება, თუ გეგმებს მიჰყვებით – ასე ბევრი მიზნის მიღწევას შეძლებთ. შეძლებთ ცდუნებებისგან დაცვას და ზოგიერთ რამეზე უარის თქმას. არ იღელვოთ – მათ აუცილებლად ჩაანაცვლებთ ახალი შესაძლებლობებით, რომლებზეც ვერც კი იოცნებებდით.

კურო: არის რისკი, რომ საკმაოდ დიდი თანხა დახარჯოთ. ეცადეთ, „მადა“ მოთოკოთ და არ შეიძინოთ ის, რაც მნიშვნელოვან სარგებელს არ მოგიტანთ. მოუსმინეთ როგორც ახლობლებს, ისე უცნობებს – მათ დღეს საკმაოდ ეფექტური რჩევის მოცემა შეუძლიათ. ასევე კარგი დროა ოცნებისკენ ნაბიჯის გადადგმისთვის, გეგმების განხორციელებისთვის – ყველაფერი გამოგივათ.

ტყუპი: სარგებელს მოგიტანთ რაღაც დეტალების განხილვა, წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება – ახლა ისინი უზარმაზარ როლს თამაშობს. ასევე უარი არ თქვათ საკუთარ იდეებსა და გეგმებზე – ისინი მალე რეალობად იქცევა და ან კარგ თანხას მოგიტანთ, ან ჰარმონიასა და კომფორტს. ასე რომ, წინ, ოცნებებისკენ. გაითვალისწინეთ, სტრესმა კალაპოტიდან არ უნდა ამოგაგდოთ, ამიტომ ხშირად დაისვენეთ.

კირჩხიბი: ეცადეთ, კეთილსინდისიერად იმუშაოთ და წარმატება არ დააყოვნებს. მოინდომეთ, რომ ყველა საქმე იდეალურად შეასრულოთ, შემოქმედებითად იაზროვნეთ, მოაწესრიგეთ საქმეები. ურთიერთობებში ეცადეთ თანამოსაუბრის ემოციური განწყობა იგრძნოთ და ნაკლებად იკამათეთ. საღამო კი ოჯახთან ერთად გაატარეთ – ეს დაგეხმარებათ „გადატვირთვაში“ და მომდევნო დღეებში სამუშაოსთვის განწყობაში.

ლომი: ხშირად მოუსმინეთ კოლეგებსა და ახლობლებს – დღეს მათ, შესაძლოა, ეფექტური რჩევა მოგცენ. თქვენც არ გაჩუმდეთ – განიხილეთ თქვენი პროექტებიმ აზრები ადამიანებთან, რომ მოისმინოთ მათი კომენტარები და შემდეგ თქვენს გეგმებში კორექტივები შეიტანოთ. მაგრამ ეს სამუშაოსგან თავისუფალ დროს გააკეთეთ. მუშაობის დროს კი აჩქარება არ ივარგებს – მოსალოდნელია შეცდომების დაშვება.

ქალწული: კარგი იქნება, თუ სიკეთეს გამოიჩენთ და გაჭირვებულებს დაეხმარებით – ეს თქვენს კარმას განამტკიცებს და განწყობას აამაღლებს. თუ გსურთ, რომ პრობლემებს სწრაფად გაუმკლავდეთ, „ჩართეთ“ კრეატივი – ეს ნამდვილად დაგეხმარებათ. სამუშაო ბევრი გექნებათ, ამიტომ ეცადეთ, ენერგია შეინარჩუნოთ. ამავე არ ღირს დაძაბვა – გაუფრთხილდით ორგანიზმს.

სასწორი: მზად ხართ, საკუთარი ოცნებები რეალობად აქციოთ, მაგრამ ამას შეიძლება ბედი შეეწინააღმდეგოთ. ეცადეთ, თქვენი გაიტანოთ და სამყაროს გამოწვევებს დაუპირისპირდეთ. მოემზადეთ იმისთვის, რომ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება მოგიწევთ, მოქმედება – ელვისებურად. თუ არ დააყოვნებთ, ყველაფერი გამოგივათ. ასევე მოგეცემათ შანსი, რომ წარსულის შეცდომები გამოასწოროთ.

მორიელი: მოემზადეთ მუხლჩაუხრელი შრომისთვის და პრობლემების ელვისებურად გადაწყვეტისთვის. კარგია, თუ მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებით, ეკონტაქტებით საჭირო ადამიანებს – ამან კარიერულ კიბეზე შესაძლოა წინ წაგწიოთ. აუცილებლად ეურთიერთეთ კოლეგებს – მათ საჭირო რჩევების მოცემა შეუძლიათ. გარდა ამისა, ვარსკვლავები სახლის საფუძვლიან მოწესრიგებას გირჩევენ – არის შანსი, იპოვოთ ის, რაც დიდი ხნის წინ დაკარგეთ.

მშვილდოსანი: ბედმა ერთდროულად რამდენიმე შანსი მოგიმზადათ – ეცადეთ, გამოთვალოთ ისინი და გამოიყენოთ. მაგრამ ეს დაყოვენბის გარეშე, სწრაფად უნდა გააკეთოთ, თორემ ამ შესაძლებლობებს თავისი „ვარგისიანობის ვადა“ აქვს. ასევე კარგი იქნება, თუ ძველი გეგმის შესრულებას შეუდგებით. დღეს იღბალი და წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ, ამიტომ არ შეუშინდეთ გარისკვას. ასევე გაილამაზეთ დღე საყიდლებით.

თხის რქა: აქტიურობა და ინიციატივის გამოჩენა შესანიშნავ შესაძლებლობებსა და წინადადებებს გააჩენს. არ იორჭოფოთ და დათანხმდით – მომავალში ისინი წარმატებებს აუცილებლად მოგიტანთ. არ ღირს დროის უქმად დაკარგვა, ამიტომ უარი თქავით არაფრის მომტან საუბრებსა და გართობაზე. ყურადღება გადაიტანეთ სამუშაოზე. დღეს ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ.

მერწყული: ირგვლივ ქაოსი და ორომტრიალია და ყველაფერში გიჭირთ გარკვევა. ეცადეთ, არ აჰყვეთ ახლობლების მანიპულაციებს და სიმშვიდე ეძებეთ. კარგი იქნება, თუ მოახერხებთ განმარტოებას და პირად საქმეებსა და სამუშაოს მიხედავთ. ურთიერთობები სარგებელს მხოლოდ საქმიან საკითხებზე მოგიტანთ. მშვენივრადაა ყველაფერი პირად ფრონტზე – ურთიერთობები გამტკიცდება და შეიძლება ახალ საფეხურზეც გადავიდეს.

თევზები: დროა, თქვენი გეგმები ოჯახთან განიხილოთ. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანებმა სუსტ ადგილებზე მიგითითონ და ამით თქვენს მომავალზე იმოქმედონ. საჭიროა შესაძლებლობების დანახვა და მათი გამოყენება, თუნდაც ისინი ერთი შეხედვით არც ისე პერსპექტიული მოჩანდეს. თუ უსიამოვნებები შეგხვდათ, მათი კოლექტიურად გადაწყვეტა აჯობებს – გაუზიარეთ თქვენი პრობლემები ახლობლებს – ისინი კარგ რჩევას მოგცემენ.

0