„რომ არა მუსიკა... იქნებოდა ისევ მუსიკა“ - რიტმი, როგორც თავისუფლების შეგრძნება

© photo: courtesy of Ketevan Chkuaseliქეთევან ჭკუასელი
ქეთევან ჭკუასელი  - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
გამოწერა
ამბობს, რომ მუსიკისადმი მისი დამოკიდებულება, შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ მის დაბადებამდე გაჩნდა. ეს სიყვარული ბედისწერისა და გენეტიკის ერთობლივი შედეგია...

მუსიკოსმა, მომღერალმა და დღეს უკვე პედაგოგმა ქეთევან ჭუასელმა, პროფესიონალის ჩამოყალიბებისთვის საჭირო შემოქმედებითი გზა სრულად გაიარა. ის მუსიკიდან- მუსიკაში მოვიდა და დღეს, დედასთან ერთად, დიდი ტრადიციების მქონე საბავშვო მუსიკალურ სტუდია „ბომბორას“ ხელმძღვანელობს. ბავშვის აქ მოყვანა უკვე იმის წინაპირობაა, რომ თუკი მომღერალი ვერ გამოვა, გემოვნებიანი მუსიკა აუცილებლად ეყვარება და ქართულ სიმღერებს სწორად და რაც მთავარია, ქართულად  იმღერებს...

© photo: courtesy of Ketevan Chkuaseliქეთევან ჭკუასელი
„რომ არა მუსიკა... იქნებოდა ისევ მუსიკა“ - რიტმი, როგორც თავისუფლების შეგრძნება - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
ქეთევან ჭკუასელი

- ქეთი, მუსიკალურ სამყაროში თქვენს შემოსვლას როდიდან აცნობიერებთ, ანუ როდის მიხვდით, რომ ეს თქვენი სამყაროა?

- დიდი მადლობა იმ აზრისა და ფიქრისათვის, რამაც ჩემთან, როგორც მუსიკოსთან ამ დიალოგის შესაძლებლობა მოამწიფა. ეს ჩემთვის სიხარულისა და ასევე პასუხისმგებლობის მიზეზია. ჩემი ბავშვობა დედის ნამღერ ტკბილ იავნანასთან, მისსავე საავტორო ზღაპრებსა და პროფესიულ ქართულ საგიტარო სიმღერებთან ასოცირდება. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რომ ჯერ კიდევ მუცლად ყოფნისას მესმოდა დედის ნამღერი და ჩუმად მოყოლილი ზღაპარი... დღეს აღარაა გასაკვირი და უჩვეულო, თუ მეც შევუერთდები იმ ადამიანებს, რომლებიც ლაპარაკის დაწყებამდე ცდილობდნენ მათთვის განსაკუთრებული ემოციების მომგვრელ მელოდიებს აჰყოლოდნენ. ეს დასტურია იმისა, რომ მომავალში „ჩვენც“ ვიმღერებთ და ეს ფაქტი ნებისმიერ მშობელს ანიჭებს სიხარულს.

© photo: courtesy of Ketevan Chkuaseliქეთევან ჭკუასელი სამოგზაურო ტურში
„რომ არა მუსიკა... იქნებოდა ისევ მუსიკა“ - რიტმი, როგორც თავისუფლების შეგრძნება - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
ქეთევან ჭკუასელი სამოგზაურო ტურში

- გამოდის, რომ პირველი „სასიმღერო გამოცდილება“ დედასთანაა დაკავშირებული...

- რა თქმა უნდა დედასთან, ლია ხორბალაძესთანაა დაკავშირებული. ის ჩემი ასაკისთვის შესაფერის, სხვადასხვა დახვეწილ ქართულ სიმღერებს მასწავლიდა. იმ დროს 4-5 წლის ქეთისთვის, ჯერ კიდევ გაუაზრებლად ნერგავდა არა მხოლოდ მუსიკის, არამედ სამშობლოსადმი უპირობო სიყვარულსაც. 90-იანების რთული ათწლეულის იმ განსაკუთრებულმა საღამოებმა მძაფრი ემოციური გავლენა იქონია ჩემს სამომავლო განვითარებაზე, რაც დღემდე მომყვება. რაც შეეხება „მზიურის“ მელოდიებს, ისინი დღესაც ჩემი უსაყვარლესი საბავშვო სიმღერებია. მათ ფირსაკრავისა და ვინილების საშუალებით ვუსმენდი და ეს თითოეული „მზიურელის“ გულიდან წამოსულ სიმღერას ჩემთვის კიდევ უფრო ხელშესახებს ხდიდა.

© courtesy of Ketevan Chkuaseliქეთევან ჭკუასელი
„რომ არა მუსიკა... იქნებოდა ისევ მუსიკა“ - რიტმი, როგორც თავისუფლების შეგრძნება - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
ქეთევან ჭკუასელი

- თქვენ სცენამდელ განწყობაზე ისაუბრეთ და სცენამ, ბუნებრივია, უფრო დიდი და რეალური ემოცია მოიტანა, ასეა?

- მართლაც ასეა, რადგან ჩემთვის ყველაფერი, რაც სცენის მიღმაა, ქრებოდა. როცა სცენაზე ფეხს გადავდგამდი, იქ ვიყავი ის, ვინც შიგნით ცოცხლობს ჩემში - თავისუფალი და ღია ადამიანი. ამას რათქმა უნდა, ახლა, ამ გადმოსახედიდან ვიაზრებ. მაყურებლის წინაშე დაკვრასა თუ სოლო სიმღერაში, ან ორივეში ერთდროულად ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი. ეს კი 1994 წელს დაიწყო, როდესაც გაჩნდა იდეა შექმნილიყო იმ პერიოდისთვის ახალი სიტყვა -საბავშვო ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ბომბორა“. ახალი იმიტომ, რომ „მზიურის“, „მაისის“, „ნერგების“ შემდგომ დიდი ხანია ეს ტრადიცია მივიწყებულიყო... „ბომბორას“ სამხატვრო ხელმძღვანელი დედა გახლდათ. იგი ასევე დრამის პედაგოგობასაც ითავსებდა. ანსამბლის მუსიკალური ხელმძღვანელი, გია ძიძიგური გახლდათ, ხოლო ვოკალის პედაგოგი მზია ღამბაშიძე. ანსამბლის პირველ თაობაში 6-9 წლის რვა წევრი ვიყავით: დრამი, ბას გიტარა, სოლო გიტარა, სამი კლავიში და ორი სოლისტი-მომღერალი. თუმცა რვავე წევრი პარალელურად სოლო და ანსამბლურ სიმღერებს ვმღეროდით. ეს იყო პირველი ბირთვი, რომლებმაც ცხრა თვის დაუღალავი შრომის თავზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, პირველი სოლო კონცერტი ცოცხალი შესრულებით გამართა.

© photo: courtesy of Ketevan Chkuaseliქეთევან ჭკუასელი "ბომბორას" ნორჩ მომღერლებთან ერთად...
„რომ არა მუსიკა... იქნებოდა ისევ მუსიკა“ - რიტმი, როგორც თავისუფლების შეგრძნება - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
ქეთევან ჭკუასელი "ბომბორას" ნორჩ მომღერლებთან ერთად...

- „ბომბორას“ პირველ კონცერტს დიდი გამოხმაურება და სცენაზე ხშირი გამოსვლა მოჰყვა...

- პირველმა კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. ჩვენგან გაცემული ბავშვური, გულწრფელი, ხალასი ენთუზიაზმით ანთებული ემოცია და ასევე არ მომერიდება ვთქვა, პროფესიული გამოსვლა, მსმენელისგან დიდი ოვაციით დაჯილდოვდა. კომპლიმენტები და აღფრთოვანებული საქებარი სიტყვები არ დაგვკლებია, მაშინდელ პრესაშიც ბევრი დაიწერა. სცენაზე ჩვენს პირველ ოფიციალურ გამოსვლას ცოცხლად ჩატარებული ბევრი კონცერტი მოჰყვა  თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ, ღია თუ დახურულ საკონცერტო სივრცეებში. დღეს ამ ყველაფრის გახსენება თითქოს ლამაზ ზღაპრად და დღესასწაულად მესახება. თითოეული ჩვენგანის პიროვნულ ზრდასა და მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში უდიდესი გავლენა იქონია სარეპეტიციო დარბაზში გატარებულმა დაუღალავმა საათებმა. აქვე გეტყვით, რომ ჩვენს რეპერტუარში ქორეოგრაფიაც იყო ჩართული. ამ საქმეს დიდი სიხარულით ვეკიდებოდით და ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც 90-იანების თანმდევი საცეკვაო მიმდინარეობის ფეხდაფეხ, BREAK DANCE –ის ელემენტებით ვასრულებდით რამდენიმე ნომერს.

© photo: courtesy of Ketevan Chkuaseliქეთევან ჭკუასელი
„რომ არა მუსიკა... იქნებოდა ისევ მუსიკა“ - რიტმი, როგორც თავისუფლების შეგრძნება - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
ქეთევან ჭკუასელი

-არ შემიძლია არ გკითხოთ: საბჭოთა საქართველოში და როგორც მოგვიანებითაც დადასტურდა, მსოფლიოში პირველი დრამერი გოგოს ქალიშვილს ამ ინსტრუმენტის ათვისება არ გიცდიათ?

- რა თქმა უნდა ვცადე და პირველი რიტმი, რაც დავუკარი ცეკვა ქართული იყო. მაშინ ხუთი წლის ვიყავი და დედას ეს ამბავი ძალიან გაუკვირდა და გაუხარდა. თანაც, იმ დროს, პიონერთა სასახლეში ცეკვაზე დავდიოდი ქალბატონ თამარ ჩხეიძესთან, რომელიც საოცრად მიყვარდა. პირველი სწორედ დაისის სოლო მასწავლა, რომელიც დღესაც ჩემი ფავორიტია. ალბათ ამ გავლენით მოვინდომე რიტმი დამეკვრა, პირველ ჯერზე, შიშველი ხელებით. ეს ფაქტი ერთ-ერთი იმ მოგონებათაგანია, რომელიც ჩემს მეხსიერებას მძაფრად შემორჩა. მოგვიანებით, ანსამბლში რამდენიმე სიმღერას ვუკრავდი დრამზეც, როცა ჩვენი დრამერი სოლო სიმღერას ასრულებდა.

© photo: courtesy of Ketevan Chkuaseliთბილისის გოგონათა გუნდში
„რომ არა მუსიკა... იქნებოდა ისევ მუსიკა“ - რიტმი, როგორც თავისუფლების შეგრძნება - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
თბილისის გოგონათა გუნდში

- სამომავლოდ, რა გავლენა იქონია თქვენს პროფესიულ ზრდაზე საგუნდო ხელოვნებამ?

- მე კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორი ფაკულტეტი დავამთავრე. ჩემთვის ეს იყო სივრცე, სადაც მაქსიმალურად ამომწურავად შევძელი მესწავლა- ბგერა, სუნთქვა, სახმო აპარატი. ვფიქრობ, გუნდში სიმღერა, ნებისმიერი პროფესიონალი მომღერლის ცხოვრებისეულ გამოცდილებაში უნდა ფიგურირებდეს გარკვეულ ეტაპზე, ბავშვობაში თუ სტუდენტურ ასაკში. გუნდში სწავლობ თანადგომას, დიდ მოთმინებას, სიყვარულს- მუსიკისა და სამშობლოსი, ბრძოლას, სულიერ სიმტკიცეს... ერთი სიტყვით, გუნდურობის ძირითად პრინციპებს ყოველგვარი თეორიებისა და ტრენინგების გარეშე სწავლობ. ისმენდე საკუთარ ხმას, როგორც საერთო სივრცის შემადგენელ ნაწილს, გულისხმობს, რომ გესმოდეს შენი ტემბრი შიგნიდან და გვერდიდან, მრავალხმოვან გარემოცვაში. ეს კი, თავისთავად და ერთდროულად  გემოვნებიან მუსიკოსად და მსმენელად გაყალიბებს. მოკლედ, მუსიკის, როგორც სამყაროს ჯადოსნური ფენომენის წვდომისთვის, ამ გამოცდილების მიღება უმნიშვნელოვანესია.

© photo: courtesy of Ketevan Chkuaseliქეთევან ჭკუასელი
„რომ არა მუსიკა... იქნებოდა ისევ მუსიკა“ - რიტმი, როგორც თავისუფლების შეგრძნება - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
ქეთევან ჭკუასელი

- პედაგოგებშიც გაგიმართლდათ...

- დიახ, ძალიან გამიმართლა, რადგან ჩემს პროფესიულ ზრდას ისეთი  უდიდესი პროფესიონალები ხელმძღვანელობდნენ სწავლისა და შემდგომ პერიოდებში, როგორებიც იყვნენ: ბატონი ავთანდილ რევიშვილი, ქალბატონი ლია ჭონიშვილი, მაესტრო შალვა მოსიძე და ჩვენი დროის უდიდესი ქართველი საგუნდო კომპოზიტორი, იოსებ კეჭეყმაძე. წლებთან ერთად, ამ ადამიანების მიმართ მადლიერების შეგრძნება მხოლოდ იზრდება. საოცრად მიყვარს თითოეული მათგანი, დიდი პატივისცემა და მადლიერება მათ ჩემგან.

© photo: courtesy of Ketevan Chkuaseliქეთევან ჭკუასელი
„რომ არა მუსიკა... იქნებოდა ისევ მუსიკა“ - რიტმი, როგორც თავისუფლების შეგრძნება - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
ქეთევან ჭკუასელი

- ერთი პერიოდი ომარ ბურდულის გუნდშიც მღეროდით...

- სწავლის დამთავრების შემდგომ ორი წელი ვმღეროდი მაესტრო შალვა მოსიძესთან გორის ქალთა გუნდში, სადაც, ბატონ შალვასთან ურთიერთობით, დამატებით განსხვავებული პროფესიული გამოცდილება შევიძინე. ჩემი და ომარის გზები 2014 წლიდან გადაიკვეთა, დიდი სიყვარულით და მეგობრობით, რაც დღემდე გრძელდება. თბილისის ქალთა გუნდზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. იმაზე. თუ რამხელა ენთუზიაზმი, პასუხისმგებლობა, შრომა, თავგანწირვა და საგუნდო მუსიკისადმი სიყვარული გვაერთიანებს თითოეულ ჩვენთაგანს. ჩემი ამ გუნდში აღმოჩენის და დარჩენის განმსაზღვრელი გახდა სინათლის ის სხივი, რაც მათ პირველ გამოსვლაში დავინახე და რაც უპირობოდ გუნდის ხელმძღვანელისგან მომდინარეობდა. მაშინ ჩემში დაუძლეველი სურვილი გაჩნდა, რომ ამ ისტორიის ნაწილი გავმხდარიყავი, რაც ძალიან მახარებს. ვიცი, რომ წინ კიდევ დიდი, შემოქმედებითად და სირთულეებით დატვირთული, მაგრამ საინტერესო გზაა გასავლელი.

© photo: courtesy of Ketevan Chkuaseliქეთევან ჭკუასელი
„რომ არა მუსიკა... იქნებოდა ისევ მუსიკა“ - რიტმი, როგორც თავისუფლების შეგრძნება - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
ქეთევან ჭკუასელი

- სცენაზე სოლო მომღერლის ამპლუაში აქტიური გამოსვლა თუ შედიოდა თქვენს გეგმაში?

- რომ არ მოგატყუოთ, ნამდვილად არ შედიოდა... მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლში ვუკრავდი კლავიშებიან ინსტრუმენტზე და აქტიური სოლისტიც ვიყავი. 1997 წელს, ბორჯომის საბავშვო-საესტრადო სიმღერის კონკურსზე „ბროლის ნაძვი“, როგორც ახალგაზრდა ავტორ-შემსრულებელმა, მეორე საპრიზო ადგილი დავიმსახურე. 90-იანებიდან დღემდე როგორც სოლო შემსრულებელს საკმაოდ დიდი წყვეტა მქონდა. დღეს ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპია. ტრიო, რომელიც ახლახან დაიბადა, მეგობრებთან, მარიამ ბერძენიშვილსა და საბა ფეიქრიშვილთან ერთად, ჩემთვის ახალი და ლამაზი გამოცდილებაა. ჩვენ მოგვწონს და სიამოვნებას გვანიჭებს ერთად მუზიცირება. გვინდა, რომ ქართული ანსამბლური სიმღერის ტრადიცია გავაგრძელოთ და ახალი სიტყვაც ვთქვათ. დღეს არ ვჩერდებით, ვმუშაობთ და ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება.

- სამომავლოდ ამ მდიდარმა მუსიკალურმა გამოცდილებამ განაპირობა ის, რომ დღეს ქართულ, გემოვნებიან სიმღერას თავად ასწავლით ბავშვებს...

- პირველ რიგში უნდა ვახსენო დედა, რომლისგანაც მემკვიდრეობით და ამავე დროს, მასთან მუდმივად გვერდით ყოფნით გადმომეცა ის პედაგოგიური და ფსიქოლოგიური უნარ-რჩევები, რაც გადამწყვეტია ბავშვებთან საგანმანათლებლო ურთიერთობისთვის. ჩემმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ დამანახა, რომ პროფესიონალი პედაგოგი ერთდროულად არის: მასწავლებელი, ფსიქოლოგი და მშობელი. თუმცა ყოველივე ეს გულიდან წამოსული უპირობო სიყვარულით თუ არ მოედინება, მაშინ ყოველგვარი შრომა ფუჭი იქნება. საბოლოოდ ჩემმა პროფესიამ ბავშვებთან მუშაობის ჩემეული სპეციფიკის ჩამოყალიბება განაპირობა.

- ქეთევან, რომ არა მუსიკა თქვენს ცხოვრებაში, რა იქნებოდა?

- რომ არა მუსიკა... იქნებოდა ისევ მუსიკა... მხოლოდ იმ ჟანრით წარმოდგენილი, სადაც მუსიკასთან ერთად წამყვანი როლი რიტმს და სხეულის ენას ენიჭება, ანუ ვიქნებოდი მოცეკვავე. უდიდესი გატაცებითა და ამ საქმის ასევე დიდი სიყვარულით. ზოგადად რიტმი, როგორც სამყაროში არსებული რხევები, ჩემს შინაგან სამყაროსთან ღრმადაა დაკავშირებული. რიტმი ჰარმონიასთან ერთად თავისუფლების საოცარ შეგრძნებას მანიჭებს, რის გარეშეც წარმოუდგენელი ვხდები...

 

ყველა ახალი ამბავი
0