ცეცხლოვანი სამყარო

ადამიანმა დაამტკიცა, რომ ყველაფერზე მბრძანებლობს, გარდა...

50
(განახლებულია 17:05 10.06.2021)
იყო უკანმოუხედავად მიმნდობი, იდიოტიზმამდე გულუბრყვილო, რომელიც ყველაფერს იღებს შეუზღუდავად – ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიხარულია...

აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ ჰენრი მილერის გამონათქვამებს.

ჰენრი მილერი (Henry Valentine Miller, 1891-1980) – ამერიკელი მწერალი და მხატვარი. ის ცნობილი იყო, როგორც ინტელექტუალურ-ეროტიკული მწერალი და ამის გამო ერთი პერიოდი მისი წიგნები აკრძალულიც კი იყო აშშ-ში. მილერის ყველაზე გახმაურებული რომანებია: „კირჩხიბის ტროპიკი“, „თხის რქის ტროპიკი“, „შავი გაზაფხული“, „სექსუსი“, „პლექსუსი“ და სხვ.

ჰენრი ვალენტაინ მილერი
ჰენრი ვალენტაინ მილერი

ყველაზე დიდი ტყუილია – პირობა დადო, რომ ერთი ადამიანი გეყვარება სამუდამოდ.

მინდა, რომ სამყაროში დაბრუნდეს კლასიკური სისუფთავე, რომლის დროსაც ნეხვს ნეხვი ეწოდებოდა და ანგელოზს - ანგელოზი.

სიყვარული – მოგზაურობა რუკისა და კომპასის გარეშე>>

ჯობს სისულელე გააკეთო, ვიდრე საერთოდ არაფერი აკეთო.

ყველაზე საწყენი ისაა, რომ ადამიანები, როგორც წესი, მიღებდნენ როგორც კარგ, პატიოსან, კეთილ, სანიმუშო და საიმედო ადამიანს, შეიძლება მქონდა კიდეც ეს თვისებები, მაგრამ ეს თუ ასეა, მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაფრის მიმართ გულგრილი ვიყავი: შემეძლო საკუთარი თავისთვის მიმეცა უფლება, ვყოფილიყავი კარგი, პატიოსანი, კეთილი, საიმედო და ა.შ., რადგან არ ვიცოდი რა იყო შური. არასდროს ვყოფილვარ შურის მსხვერპლი. არასდროს არავისი შემშურებია. პირიქით, ყოველთვის მეცოდებოდა ყველა და ყველაფერი.

ქაოსს ვუწოდებთ წესრიგს, რომელიც ჩვენთვის გაუგებარია.

ჩვენი მოგზაურობის დანიშნულების ჭეშმარიტი ადგილი არა რუკაზე მონიშნული ადგილი, არამედ ცხოვრებაზე ახალი შეხედულებაა.

ათეულობით მოსაწყენ ფურცელს ვწერთ, როცა რაიმე აზრს გადმოვცემთ. აღმოსავლეთი ამას ერთ მოკლე, ზუსტ იგავში ატევს, და ის შენს გონებაში ალმასივით ბრწყინავს.

შეგიძლია მითხრა, რატომ ლაპარაკობენ ქალები ამდენს სიყვარულზე? კარგი მჟიმ...ი თუ ხარ, ეს მათთვის საკმარისი არაა. მათ აუცილებლად შენი სულიც სურთ...

თავისუფლება, რომელიც გვაქვს, მაგრამ არ ვსარგებლობთ, და თავისუფლება, რომელსაც ვითხოვთ>>

შუახნის მამაკაცებს უფლება აქვთ, ჰქონდეთ მელოტი თავი, ღიპი, უფორმო ფიგურები... იტანჯებოდნენ რევმატიზმით, ასთმითა და ართრიტით... მაგრამ ქალები ვალდებული არიან, გაახალგაზრდავდნენ.

ჭაობი, ჭანჭრობი, ნაპრალები, ორმოები და ხაფანგები – ყველაფერი წინაა. გახსოვდეს ისინი, ისინი ელოდებიან, როდის გადაგყლაპავენ სწორედ იმ მომენტში, როდესაც შეჩერდები.

თუ დაჟინებით დათრგუნავთ თქვენში ყველანაირ ემოციას, დაასრულებთ იმით, რომ გადაიქცევით ერთ მთლიან ფლეგმად... და ნებისმიერ წუთს შეგიძლიათ სრული გულწრფელობით თქვათ: „არ ვიცი, რა უნდა მინდოდეს ამ ცხოვრებისგან!“

არ მაქვს არც სამუშაო, არც დანაზოგი, არც იმედი. მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ვარ.

ადამიანის ცხოვრების აზრი თავის გადარჩენა გახდა. გადარჩენა და უსაფრთხოება, რათა შესაძლებელი იყოს – კომფორტულად გაიხრწნა.

ბოროტებასთან ბრძოლა შესაძლებელია, მაგრამ სისულელის წინაშე უძლური ხარ.

იმედი – ეს საგანგაშო ნიშანია, ის უძლურებას ნიშნავს.

რაიმეთი რომ დატკბე, ტკბობის მიღებისთვის მზად უნდა იყო, ეს მოითხოვს ცნობილ კონტროლს, დისციპლინას, სისუფთავესაც კი, თუ გნებავთ. მაგრამ ეს ყველაფერი მოითხოვს სურვილის უნარს, ხოლო სურვილი ჩვენში მხოლოდ ნამდვილი ცხოვრებით შეიძლება ჩაისახოს.

მონა ხარ იმის, ვინც გიყვარს, მონა ხარ იმის, ვისაც უყვარხარ...>>

ჩვენი განათლების თეორია მთლიანად ეყრდნობა აბსურდულ იდეას, რომ სანამ წყალში შევალთ, ჯერ ხმელეთზე ცურვა უნდა ვისწავლოთ.

ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენ, რომ მხოლოდ ერთი პრობლემა დაგრჩა – შენ თვითონ.

მათთვის, ვინც საკუთარ გონებას ავითარებს, შეუძლებელი არაფერია. დანარჩენებისთვის ყველაფერი შეუძლებელია, ან უაზრო, ან ამაო.

არსებობს მხოლოდ ერთი დიდი მოგზაურობა – მოგზაურობა საკუთარ თავში. და აქ მნიშვნელობა არა აქვს არც დროს, არც სივრცეს, არც საქციელს.

რომ მიგიღონ და გაღიარონ, ფარაში შეუმჩნეველი უნდა იყო. თუ ფარაში ხარ, ყველაფერი კარგადაა. ოცნებაც შეიძლება, ოღონდ თუ ისე ოცნებობ, როგორც ყველა.

ბიბლიაში ჰომოსექსუალების მიმართ ექვსი გაფრთხილებაა, და ჰეტეროსექსუალების მიმართ – 362. ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთს არ უყვარს ჰეტეროსექსუალები. უბრალოდ, ამ ადამიანებს მეტი ყურადღება და ზრუნვა სჭირდებათ.

თავისუფლება გზის ბოლოსაა, მანამდეა მოთმინების გზა>>

ადამიანმა დაამტკიცა, რომ ყველაფერზე მბრძანებლობს, გარდა საკუთარი ბუნებისა.

მთავარია, დარჩე ის, ვინც ხარ. ეს დიდი ხელოვნებაა. ეს ყველაზე რთულია, რადგან შენგან არანაირ ძალისხმევას არ მოითხოვს. არ არის აუცილებლობა, ვინმეს ან რაიმეს შეედარო. არ არის საჭირო, თავი ბრძენად წარმოაჩინო ან სულელად მოაჩვენო... უბრალოდ, საჭიროა ილაპარაკო შენი ხმით და გააკეთო... საყვარელი საქმე.

წესები ასეთია: ხვალ და გუშინ უქმდება, მაგრამ დღეს – სამარადისოდ გრძელდება.

ვკარგავდი, რათა მომეძებნა.

სამყარო – ესაა კიბო, რომელიც თავის თავს ჭამს...

იყო გონიერი – წყალობაა, მაგრამ იყო უკანმოუხედავად მიმნდობი, იდიოტიზმამდე გულუბრყვილო, რომელიც ყველაფერს იღებს შეუზღუდავად – ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიხარულია.

ერთადერთი, რასაც მთლიანად ვერ მიიღებ, სიყვარულია. და ერთადერთი, რისი გაცემაც მთლიანად არ შეიძლება, სიყვარულია.

50
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები (72)
ნინო სამხარაძე

როცა შვილს ექიმის სახელს არქმევენ - მადლიანი ხელების სიკეთე

37
(განახლებულია 05:42 12.06.2021)
„წარმოუდგენელია, მოვეფერო ჩემს პაწაწინას და არ გამახსენდეს, რომ ღვთის წყალობასთან ერთად შენი პროფესიონალიზმის დამსახურებაა ის, რომ დედის სტატუსს ვატარებ.“

„მაკვირვებს, თითქოს ასაკისთვის შეუფერებელი შენი პროფესიული ცოდნა, ადამიანური სიბრძნე, თავშეკავება და თავმდაბლობა, რომელიც მთავარი შტრიხია შენი ხასიათის.“

„ვიცი, ყველას უყვარხარ შენი უშუალობის, სიკეთის, მშვენიერებისა და ჰუმანურობისთვის. ეს ის თვისებებია, რაც აუცილებლად უნდა გააჩნდეს მოწოდებით და მით უფრო, შენი სპეციალობის ექიმს. უფალმა დალოცოს შენი მადლიანი ხელები და ბუნების სიხალასე.“

ამ წერილების ადრესატის სადღეგრძელო დღეს ბევრ ოჯახში ტრადიციად დამკვიდრდა, მისი სახელი ნანატს შვილს, უკვე ბევრმა დაარქვა. საუბარია „იმედის კლინიკის“ მეან-გინეკოლოგ ნინო სამხარაძეზე, რომელიც საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის წევრია. ამ მასალის დაწერა პირველ რიგში, მისი პაციენტების ინიციატივა და ექიმის მიმართ გულწრფელი მადლიერების გამოხატულებაა.

ნინო სამხარაძე
ნინო სამხარაძე

- ქალბატონო ნინო, თავად ჯერ არ ხართ დედა, მაგრამ კარგად იცით როგორ ცვლის ქალს დედობა...

- მე დაოჯახებული არ ვარ, შვილი არ მყავს, მაგრამ იმდენჯერ ვარ დედა-შვილის პირველი შეხვედრის მომსწრე, რომ ზუსტად ვიცი, ეს რა გრძნობაა. დედობა სრულიად ცვლის ქალს, როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად.  იცვლება ადამიანის მიზნები და მისწაფებებიც. დედობის მერე ქალი გრძნობს, რომ შვილისთვის შეუძლებელსაც შეძლებს.

ნინო სამხარაძე იმედის კლინიკის კოლეგებთან ერთად
ნინო სამხარაძე "იმედის კლინიკის" კოლეგებთან ერთად

- ექიმობაზე ოცნება თქვენი იდეა-ფიქსიც იყო?

- ექიმობა ბავშვობის ოცნება იყო, სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. ჩემს ცხოვრებაში იყო პოსტდიპლომური, ხუთ წლიანი პრაქტიკული სწავლების პერიოდი, რასაც რეზიდენტურა ჰქვია. ექიმობა სიცოცხლის სამსახურია, მეან-გინეკოლოგობა კი ერთდროულად ორ ან მეტ სიცოცხლეს ემსახურება. ამაზე მადლიანი პროფესია არ არსებობს. დღეს მეან-გინეკოლოგი ვარ, ვამშობიარებ, საკეისრო და გინეკოლიგიურ ოპერაციებს ვაკეთებ. ასევე ამბულატორიულად მყავს ორსულები და გინეკოლიგიური პაციენტები.

ნინო სამხარაძე  კოლეგებთან ერთად
ნინო სამხარაძე კოლეგებთან ერთად

- თქვენ კარგად იცნობთ მედიცინის ამ სფეროს, თუ შეგიძლიათ იმის თქმა, ხშირ შემთხვევაში რა ხდება საქართველოში უნაყოფობის მიზეზი?

- მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, უნაყოფობის წილი 10-15% -ია. მცდარია შეხედულება, როდესაც უშვილობას მხოლოდ ქალის პრობლემად განიხილავენ, ეს წყვილის პრობლემაა. უნაყოფობა შეიძლება იყოს ორგანული, ფუნქციური, იმუნური, გენეტიკური ან უცნობი გენეზისის. დედობას ყველა ქალი იმსახურებს და დამხმარე რეპროდუქტიულმა საშუალებებმა შვილის ყოლის ბედნიერება ბევრ წყვილს მიანიჭა.

ნინო სამხარაძე
ნინო სამხარაძე

- ფსიქოლოგიურ განწყობას თუ აქვს მნიშვნელობა?

- არც თუ იშვიათია ფსიქოგენური უნაყოფობა. როდესაც ქალის ფიქრები მხოლოდ ორსულობაზე კონცენტრირდება და არ დგება ის ეტაპი, რომელიც ყველაზე სასურველია. ამ შემთხვევაში, ფსიქოთერაპევრის როლი უმნიშვნელოვანესია.

ნინო სამხარაძე ახალშობილთან ერთად
ნინო სამხარაძე ახალშობილთან ერთად

- ვიცი, რომ ბევრი პაციენტი გემადლიერებათ...

- ექიმისთვის მადლიერების გამოხატველი სიტყვები ძალიან დიდი სტიმულია, გავიწყებს დაღლას და გაძლევს იმის ენერგიას, რომ მუშაობა შემართებით გავაგრძელოთ. როცა ქალი მისთვის ძვირფასს არსებას ექიმის სახელს არქმევს, ეს პატივისცემის ყველაზე დიდი გამოვლენაა. ჩემს შემთხვევაში, ასეთი ფაქტი რამდენჯერმე იყო და იმის გარანტია, რომ ყოველთვის ემახსოვრება ექიმის წვლილი მის ბედნიერებაში.

ნინო სამხარაძე
ნინო სამხარაძე

- საქართველოში დღესაც ბიჭს უფრო თვლიან სასურველ შვილად თუ შეიცვალა ამ თემისადმი დამოკიდებულება?

- ჩვენში მართლა იყო პერიოდი, როდესაც ვაჟის დაბადებას მეტი სიხარულით ხვდებოდა ოჯახი, განსაკუთრებით თუ ის პირველი შვილი იყო. საბედნიეროდ ეს დამოკიდებულება დღეისთვის შეცვლილია. წყვილების უმრავლესობა ამბობს, რომ მათთვის შვილის სქესს მნიშვნელობა არ აქვს. ასეც უნდა იყოს... დედობა უმთავრესი სტატუსია, რასაც ქალი ატარებს, დედობრივი სიყვარული ყველაზე ძლიერი გრძნობაა. როდესაც ქალისთვის ამ სტატუსის მინიჭებაში წვლილი შეგაქვს, ეს სიამაყის და სახარულის საოცარი განცდაა. ამ დროს მისი ბედნიერების თანაზიარი ხდები და სურვილი გიჩნდება, რაც შეიძლება მეტი ქალი გააბედნიერო...

 

 

37
ქეთევან ჭკუასელი

„რომ არა მუსიკა... იქნებოდა ისევ მუსიკა“ - რიტმი, როგორც თავისუფლების შეგრძნება

232
(განახლებულია 05:16 12.06.2021)
ამბობს, რომ მუსიკისადმი მისი დამოკიდებულება, შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ მის დაბადებამდე გაჩნდა. ეს სიყვარული ბედისწერისა და გენეტიკის ერთობლივი შედეგია...

მუსიკოსმა, მომღერალმა და დღეს უკვე პედაგოგმა ქეთევან ჭუასელმა, პროფესიონალის ჩამოყალიბებისთვის საჭირო შემოქმედებითი გზა სრულად გაიარა. ის მუსიკიდან- მუსიკაში მოვიდა და დღეს, დედასთან ერთად, დიდი ტრადიციების მქონე საბავშვო მუსიკალურ სტუდია „ბომბორას“ ხელმძღვანელობს. ბავშვის აქ მოყვანა უკვე იმის წინაპირობაა, რომ თუკი მომღერალი ვერ გამოვა, გემოვნებიანი მუსიკა აუცილებლად ეყვარება და ქართულ სიმღერებს სწორად და რაც მთავარია, ქართულად  იმღერებს...

ქეთევან ჭკუასელი
ქეთევან ჭკუასელი

- ქეთი, მუსიკალურ სამყაროში თქვენს შემოსვლას როდიდან აცნობიერებთ, ანუ როდის მიხვდით, რომ ეს თქვენი სამყაროა?

- დიდი მადლობა იმ აზრისა და ფიქრისათვის, რამაც ჩემთან, როგორც მუსიკოსთან ამ დიალოგის შესაძლებლობა მოამწიფა. ეს ჩემთვის სიხარულისა და ასევე პასუხისმგებლობის მიზეზია. ჩემი ბავშვობა დედის ნამღერ ტკბილ იავნანასთან, მისსავე საავტორო ზღაპრებსა და პროფესიულ ქართულ საგიტარო სიმღერებთან ასოცირდება. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რომ ჯერ კიდევ მუცლად ყოფნისას მესმოდა დედის ნამღერი და ჩუმად მოყოლილი ზღაპარი... დღეს აღარაა გასაკვირი და უჩვეულო, თუ მეც შევუერთდები იმ ადამიანებს, რომლებიც ლაპარაკის დაწყებამდე ცდილობდნენ მათთვის განსაკუთრებული ემოციების მომგვრელ მელოდიებს აჰყოლოდნენ. ეს დასტურია იმისა, რომ მომავალში „ჩვენც“ ვიმღერებთ და ეს ფაქტი ნებისმიერ მშობელს ანიჭებს სიხარულს.

ქეთევან ჭკუასელი სამოგზაურო ტურში
ქეთევან ჭკუასელი სამოგზაურო ტურში

- გამოდის, რომ პირველი „სასიმღერო გამოცდილება“ დედასთანაა დაკავშირებული...

- რა თქმა უნდა დედასთან, ლია ხორბალაძესთანაა დაკავშირებული. ის ჩემი ასაკისთვის შესაფერის, სხვადასხვა დახვეწილ ქართულ სიმღერებს მასწავლიდა. იმ დროს 4-5 წლის ქეთისთვის, ჯერ კიდევ გაუაზრებლად ნერგავდა არა მხოლოდ მუსიკის, არამედ სამშობლოსადმი უპირობო სიყვარულსაც. 90-იანების რთული ათწლეულის იმ განსაკუთრებულმა საღამოებმა მძაფრი ემოციური გავლენა იქონია ჩემს სამომავლო განვითარებაზე, რაც დღემდე მომყვება. რაც შეეხება „მზიურის“ მელოდიებს, ისინი დღესაც ჩემი უსაყვარლესი საბავშვო სიმღერებია. მათ ფირსაკრავისა და ვინილების საშუალებით ვუსმენდი და ეს თითოეული „მზიურელის“ გულიდან წამოსულ სიმღერას ჩემთვის კიდევ უფრო ხელშესახებს ხდიდა.

ქეთევან ჭკუასელი
ქეთევან ჭკუასელი

- თქვენ სცენამდელ განწყობაზე ისაუბრეთ და სცენამ, ბუნებრივია, უფრო დიდი და რეალური ემოცია მოიტანა, ასეა?

- მართლაც ასეა, რადგან ჩემთვის ყველაფერი, რაც სცენის მიღმაა, ქრებოდა. როცა სცენაზე ფეხს გადავდგამდი, იქ ვიყავი ის, ვინც შიგნით ცოცხლობს ჩემში - თავისუფალი და ღია ადამიანი. ამას რათქმა უნდა, ახლა, ამ გადმოსახედიდან ვიაზრებ. მაყურებლის წინაშე დაკვრასა თუ სოლო სიმღერაში, ან ორივეში ერთდროულად ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი. ეს კი 1994 წელს დაიწყო, როდესაც გაჩნდა იდეა შექმნილიყო იმ პერიოდისთვის ახალი სიტყვა -საბავშვო ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ბომბორა“. ახალი იმიტომ, რომ „მზიურის“, „მაისის“, „ნერგების“ შემდგომ დიდი ხანია ეს ტრადიცია მივიწყებულიყო... „ბომბორას“ სამხატვრო ხელმძღვანელი დედა გახლდათ. იგი ასევე დრამის პედაგოგობასაც ითავსებდა. ანსამბლის მუსიკალური ხელმძღვანელი, გია ძიძიგური გახლდათ, ხოლო ვოკალის პედაგოგი მზია ღამბაშიძე. ანსამბლის პირველ თაობაში 6-9 წლის რვა წევრი ვიყავით: დრამი, ბას გიტარა, სოლო გიტარა, სამი კლავიში და ორი სოლისტი-მომღერალი. თუმცა რვავე წევრი პარალელურად სოლო და ანსამბლურ სიმღერებს ვმღეროდით. ეს იყო პირველი ბირთვი, რომლებმაც ცხრა თვის დაუღალავი შრომის თავზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, პირველი სოლო კონცერტი ცოცხალი შესრულებით გამართა.

ქეთევან ჭკუასელი ბომბორას ნორჩ მომღერლებთან ერთად...
photo: courtesy of Ketevan Chkuaseli
ქეთევან ჭკუასელი "ბომბორას" ნორჩ მომღერლებთან ერთად...

- „ბომბორას“ პირველ კონცერტს დიდი გამოხმაურება და სცენაზე ხშირი გამოსვლა მოჰყვა...

- პირველმა კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. ჩვენგან გაცემული ბავშვური, გულწრფელი, ხალასი ენთუზიაზმით ანთებული ემოცია და ასევე არ მომერიდება ვთქვა, პროფესიული გამოსვლა, მსმენელისგან დიდი ოვაციით დაჯილდოვდა. კომპლიმენტები და აღფრთოვანებული საქებარი სიტყვები არ დაგვკლებია, მაშინდელ პრესაშიც ბევრი დაიწერა. სცენაზე ჩვენს პირველ ოფიციალურ გამოსვლას ცოცხლად ჩატარებული ბევრი კონცერტი მოჰყვა  თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ, ღია თუ დახურულ საკონცერტო სივრცეებში. დღეს ამ ყველაფრის გახსენება თითქოს ლამაზ ზღაპრად და დღესასწაულად მესახება. თითოეული ჩვენგანის პიროვნულ ზრდასა და მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში უდიდესი გავლენა იქონია სარეპეტიციო დარბაზში გატარებულმა დაუღალავმა საათებმა. აქვე გეტყვით, რომ ჩვენს რეპერტუარში ქორეოგრაფიაც იყო ჩართული. ამ საქმეს დიდი სიხარულით ვეკიდებოდით და ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც 90-იანების თანმდევი საცეკვაო მიმდინარეობის ფეხდაფეხ, BREAK DANCE –ის ელემენტებით ვასრულებდით რამდენიმე ნომერს.

ქეთევან ჭკუასელი
ქეთევან ჭკუასელი

-არ შემიძლია არ გკითხოთ: საბჭოთა საქართველოში და როგორც მოგვიანებითაც დადასტურდა, მსოფლიოში პირველი დრამერი გოგოს ქალიშვილს ამ ინსტრუმენტის ათვისება არ გიცდიათ?

- რა თქმა უნდა ვცადე და პირველი რიტმი, რაც დავუკარი ცეკვა ქართული იყო. მაშინ ხუთი წლის ვიყავი და დედას ეს ამბავი ძალიან გაუკვირდა და გაუხარდა. თანაც, იმ დროს, პიონერთა სასახლეში ცეკვაზე დავდიოდი ქალბატონ თამარ ჩხეიძესთან, რომელიც საოცრად მიყვარდა. პირველი სწორედ დაისის სოლო მასწავლა, რომელიც დღესაც ჩემი ფავორიტია. ალბათ ამ გავლენით მოვინდომე რიტმი დამეკვრა, პირველ ჯერზე, შიშველი ხელებით. ეს ფაქტი ერთ-ერთი იმ მოგონებათაგანია, რომელიც ჩემს მეხსიერებას მძაფრად შემორჩა. მოგვიანებით, ანსამბლში რამდენიმე სიმღერას ვუკრავდი დრამზეც, როცა ჩვენი დრამერი სოლო სიმღერას ასრულებდა.

თბილისის გოგონათა გუნდში
თბილისის გოგონათა გუნდში

- სამომავლოდ, რა გავლენა იქონია თქვენს პროფესიულ ზრდაზე საგუნდო ხელოვნებამ?

- მე კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორი ფაკულტეტი დავამთავრე. ჩემთვის ეს იყო სივრცე, სადაც მაქსიმალურად ამომწურავად შევძელი მესწავლა- ბგერა, სუნთქვა, სახმო აპარატი. ვფიქრობ, გუნდში სიმღერა, ნებისმიერი პროფესიონალი მომღერლის ცხოვრებისეულ გამოცდილებაში უნდა ფიგურირებდეს გარკვეულ ეტაპზე, ბავშვობაში თუ სტუდენტურ ასაკში. გუნდში სწავლობ თანადგომას, დიდ მოთმინებას, სიყვარულს- მუსიკისა და სამშობლოსი, ბრძოლას, სულიერ სიმტკიცეს... ერთი სიტყვით, გუნდურობის ძირითად პრინციპებს ყოველგვარი თეორიებისა და ტრენინგების გარეშე სწავლობ. ისმენდე საკუთარ ხმას, როგორც საერთო სივრცის შემადგენელ ნაწილს, გულისხმობს, რომ გესმოდეს შენი ტემბრი შიგნიდან და გვერდიდან, მრავალხმოვან გარემოცვაში. ეს კი, თავისთავად და ერთდროულად  გემოვნებიან მუსიკოსად და მსმენელად გაყალიბებს. მოკლედ, მუსიკის, როგორც სამყაროს ჯადოსნური ფენომენის წვდომისთვის, ამ გამოცდილების მიღება უმნიშვნელოვანესია.

ქეთევან ჭკუასელი
ქეთევან ჭკუასელი

- პედაგოგებშიც გაგიმართლდათ...

- დიახ, ძალიან გამიმართლა, რადგან ჩემს პროფესიულ ზრდას ისეთი  უდიდესი პროფესიონალები ხელმძღვანელობდნენ სწავლისა და შემდგომ პერიოდებში, როგორებიც იყვნენ: ბატონი ავთანდილ რევიშვილი, ქალბატონი ლია ჭონიშვილი, მაესტრო შალვა მოსიძე და ჩვენი დროის უდიდესი ქართველი საგუნდო კომპოზიტორი, იოსებ კეჭეყმაძე. წლებთან ერთად, ამ ადამიანების მიმართ მადლიერების შეგრძნება მხოლოდ იზრდება. საოცრად მიყვარს თითოეული მათგანი, დიდი პატივისცემა და მადლიერება მათ ჩემგან.

ქეთევან ჭკუასელი
ქეთევან ჭკუასელი

- ერთი პერიოდი ომარ ბურდულის გუნდშიც მღეროდით...

- სწავლის დამთავრების შემდგომ ორი წელი ვმღეროდი მაესტრო შალვა მოსიძესთან გორის ქალთა გუნდში, სადაც, ბატონ შალვასთან ურთიერთობით, დამატებით განსხვავებული პროფესიული გამოცდილება შევიძინე. ჩემი და ომარის გზები 2014 წლიდან გადაიკვეთა, დიდი სიყვარულით და მეგობრობით, რაც დღემდე გრძელდება. თბილისის ქალთა გუნდზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. იმაზე. თუ რამხელა ენთუზიაზმი, პასუხისმგებლობა, შრომა, თავგანწირვა და საგუნდო მუსიკისადმი სიყვარული გვაერთიანებს თითოეულ ჩვენთაგანს. ჩემი ამ გუნდში აღმოჩენის და დარჩენის განმსაზღვრელი გახდა სინათლის ის სხივი, რაც მათ პირველ გამოსვლაში დავინახე და რაც უპირობოდ გუნდის ხელმძღვანელისგან მომდინარეობდა. მაშინ ჩემში დაუძლეველი სურვილი გაჩნდა, რომ ამ ისტორიის ნაწილი გავმხდარიყავი, რაც ძალიან მახარებს. ვიცი, რომ წინ კიდევ დიდი, შემოქმედებითად და სირთულეებით დატვირთული, მაგრამ საინტერესო გზაა გასავლელი.

ქეთევან ჭკუასელი
ქეთევან ჭკუასელი

- სცენაზე სოლო მომღერლის ამპლუაში აქტიური გამოსვლა თუ შედიოდა თქვენს გეგმაში?

- რომ არ მოგატყუოთ, ნამდვილად არ შედიოდა... მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლში ვუკრავდი კლავიშებიან ინსტრუმენტზე და აქტიური სოლისტიც ვიყავი. 1997 წელს, ბორჯომის საბავშვო-საესტრადო სიმღერის კონკურსზე „ბროლის ნაძვი“, როგორც ახალგაზრდა ავტორ-შემსრულებელმა, მეორე საპრიზო ადგილი დავიმსახურე. 90-იანებიდან დღემდე როგორც სოლო შემსრულებელს საკმაოდ დიდი წყვეტა მქონდა. დღეს ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპია. ტრიო, რომელიც ახლახან დაიბადა, მეგობრებთან, მარიამ ბერძენიშვილსა და საბა ფეიქრიშვილთან ერთად, ჩემთვის ახალი და ლამაზი გამოცდილებაა. ჩვენ მოგვწონს და სიამოვნებას გვანიჭებს ერთად მუზიცირება. გვინდა, რომ ქართული ანსამბლური სიმღერის ტრადიცია გავაგრძელოთ და ახალი სიტყვაც ვთქვათ. დღეს არ ვჩერდებით, ვმუშაობთ და ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება.

- სამომავლოდ ამ მდიდარმა მუსიკალურმა გამოცდილებამ განაპირობა ის, რომ დღეს ქართულ, გემოვნებიან სიმღერას თავად ასწავლით ბავშვებს...

- პირველ რიგში უნდა ვახსენო დედა, რომლისგანაც მემკვიდრეობით და ამავე დროს, მასთან მუდმივად გვერდით ყოფნით გადმომეცა ის პედაგოგიური და ფსიქოლოგიური უნარ-რჩევები, რაც გადამწყვეტია ბავშვებთან საგანმანათლებლო ურთიერთობისთვის. ჩემმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ დამანახა, რომ პროფესიონალი პედაგოგი ერთდროულად არის: მასწავლებელი, ფსიქოლოგი და მშობელი. თუმცა ყოველივე ეს გულიდან წამოსული უპირობო სიყვარულით თუ არ მოედინება, მაშინ ყოველგვარი შრომა ფუჭი იქნება. საბოლოოდ ჩემმა პროფესიამ ბავშვებთან მუშაობის ჩემეული სპეციფიკის ჩამოყალიბება განაპირობა.

- ქეთევან, რომ არა მუსიკა თქვენს ცხოვრებაში, რა იქნებოდა?

- რომ არა მუსიკა... იქნებოდა ისევ მუსიკა... მხოლოდ იმ ჟანრით წარმოდგენილი, სადაც მუსიკასთან ერთად წამყვანი როლი რიტმს და სხეულის ენას ენიჭება, ანუ ვიქნებოდი მოცეკვავე. უდიდესი გატაცებითა და ამ საქმის ასევე დიდი სიყვარულით. ზოგადად რიტმი, როგორც სამყაროში არსებული რხევები, ჩემს შინაგან სამყაროსთან ღრმადაა დაკავშირებული. რიტმი ჰარმონიასთან ერთად თავისუფლების საოცარ შეგრძნებას მანიჭებს, რის გარეშეც წარმოუდგენელი ვხდები...

 

232
პოლიციის შებობა შიდა ქართლში

თბილისში iPlus-ის მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე 17 წლის მოზარდი დააკავეს

0
(განახლებულია 12:09 13.06.2021)
არასრულწლოვანი დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს, 12 ივნისს შიდა ქართლში დააკავეს. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია iPlus-ის გაქურდვის ფაქტზე შიდა ქართლში 2004 წელს დაბადებული მოზარდი დააკავეს, ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ივნისს ჩაამსხვრია მაღაზიის ფასადის ვიტრინა, შევიდა სავაჭრო ობიექტში და მობილური ტელეფონები მოიპარა.

მაღაზიის დირექტორის თქმით, ზარალის სავარაუდო ოდენობამ დაახლოებით 90 ათასი ლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, შიდა ქართლში დააკავეს.

ნაქურდალი ტელეფონების ნაწილი ამოღებულია ​ნივთმტკიცებად.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

0